“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მთავარი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანონ, თუმცა “ხელისუფლება ბოროტად იქცევა”.
კითხვაზე, რატომ არ წარადგინა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა სამოქმედო გეგმა, გოცირიძე ამბობს, რომ სააკაშვილი ავად გახდა და “ამაზე საუბარი ამიტომ ვერ მოახერხა”.
„მიხეილ სააკაშვილი ავად გახდა. საკითხი ასე დგას - გადარჩება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ციხეში წამებას და შენარჩუნებული იქნება თუ არა, მისი ჯანმრთელობა იმ დონეზე, რომ შეძლოს ნორმალური პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობა. მთავარი ამოცანაა, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპაში იქნას გადაყვანილი. სააკაშვილის ჯანმრთელობის შენარჩუნების სხვა მეთოდი არ არსებობს. მაგრამ ხელისუფლება ბოროტად იქცევა. ესაა წამება, დასჯა და პოლიტიკური დევნის პარალელურად მასზე მიმდინარეობს ფიზიკური დევნა”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმას, გოცირიძე ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგშია და რა ფორმით შესრულდება ოპოზიციის ეს მოთხოვნა, მოქალაქეების განწყობასა და ოპოზიციის მუშაობაზეა დამოკიდებული.
„რაც უფრო მალე წავა ეს ხელისუფლება მმართველობიდან, მით უკეთესი იქნება ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის. ვადამდელი არჩევნები არის ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის ერთ-ერთი ფორმა. ეს არის მთელი ოპოზიციის მოთხოვნა. ხოლო, თუ როგორ იქნება ეს მოთხოვნა შესრულებული, დამოკიდებულია ჩვენი ხალხის განწყობაზე და ოპოზიციის მუშაობაზე. ასე რომ, რიგგარეშე არჩევნები რომ დღის წესრიგში დგას, სიახლე არ არის”,- განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, გარდა ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლისა, ოპოზიციამ პარლამენტშიც უნდა იბრძოლოს, რათა საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვალოს.
“ქართული ოცნება” ერთი ხელით ევროკავშირში განაცხადს აკეთებს, მეორე მხრივ კი თაროზე შემოდო საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც შეთანხმებული ნორმაა, რომ ნებისმიერი მომავალი არჩევნები იქნება სრულიად პროპორციული. ეს არის “ქართული ოცნების” მიერ ევროპული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ამ საარჩევნო კანონით არჩევნების ჩატარება ცუდია, ამიტომ ოპოზიციამ პარლამენტშიც უნდა იბრძოლოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით იქნეს მიღებული”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.