გვატემალაში, პირამიდების კომპლექს ლას-პინტურასში გათხრების დროს არქეოლოგებმა 2200 წლის წინანდელი ფრესკა აღმოაჩინეს, რომელიც, მეცნიერთა ვარაუდით, მაიას ტომის 260-დღიანი კალენდრის ფრაგმენტს წარმოადგენს.
ფრესკა ძვ. წ. 300-200-იან წლებშია შესრულებული. ფრესკაზე გამოსახულია ირმის თავი და მაიას ტომის ციფრი 7, რაც ერთობლიობაში 260-დღიანი კალენდრის ერთ-ერთ დღეს - „7 ირემს“ ნიშნავს.
260-დღიან კალენდარს ცენტრალური ამერიკის ყველა ძველი ცივილიზაცია იყენებდა. კალენდარი 13 ოცდღიანი პერიოდისგან შედგებოდა და არ იყოფოდა თვეებსა თუ კვირებზე. ციკლის თითოეულ დღეს რომელიმე ცხოველის, სტიქიისა თუ ნივთის სახელი ერქვა.