კომპანიების SpaceX და Tesla აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, რომელიც მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია, ამბობს, რომ უსახლკაროა და ღამეს სან ფრანცისკოში, სხვადასხვა მეგობრის სახლში ათევს. ამის შესახებ მან TED-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"ამ ეტაპზე სახლიც კი არ მაქვს, მეგობრებთან ვრჩები. თუ სან ფრანცისკოს ყურის მახლობლად მივემგზავრები, სადაც Tesla-ს ელექტრომობილების ქარხანა მდებარეობს, სწორედ მათ თავისუფალ ოთახებში ვიძინებ", — აცხადებს მასკი.
სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა ისიც აღნიშნა, რომ იახტას არ ფლობს და თანხას არც შვებულებებში ხარჯავს, ამიტომ დიდძალ ქონებას სულაც არ მოიხმარს. მისი თქმით, ერთადერთი გამონაკლისი თვითმფრინავია, თუმცა ის საქმისთვის სჭირდება.
მასკი ამბობს, რომ ხალხს მასზე არასწორი წარმოდგენა აქვს, რომელიც სამართლიანი იქნებოდა, ყოველწლიურად პირადი ინტერესებისთვის მართლაც მილიარდობით აშშ დოლარს რომ ხარჯავდეს.
შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის მონაცემებით, ბიზნესმენის ქონება ახლა 255 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მსგავსი კაპიტალით კი ის პირველ ადგილს იკავებს. ამის მიუხედავად, მისი ღარიბული ცხოვრების შესახებ მოსაზრება ადრეც გაჟღერებულა, თანაც მასკის ყოფილი პარტნიორისგან, გრაიმსისგან.