შიმშილობა შიმშილის სახელით

შიმშილობა შიმშილის სახელით

400 ლარიანი ჯარიმა 7 დღიანი შიმშილობისთვის. ასეთია ვერდიქტი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ ქუჩაში სოციალური მოთხოვნებით გამოსულ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანებს გამოუტანა. 

მოშიმშილე ვეტერანები და მათ მხარდასაჭერად გმირთა მოედანზე მისული ახალგაზრდები: ზაზა გერმანოზაშვილი, ილია ჩილოშვილი, ვალერიან ძებირაშვილი, ლევან ასათიანი, მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, სერგო დვალი, ლევონ ასატრიანი, ლეონიდ ეხვაია, შოთა იამანიძე და შოთა ზღუდაძე ძალოვანებმა 3 იანვარს, გმირთა მოედანზე აიყვანეს. 

ინფორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გაავრცელა, დაკავებულთა დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ „დაღუპულ გმირთა მემორიალთან, თვითნაკეთი კარავი გაშალეს. არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე, გაუწიეს მათ ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

თუმცა, ირკვევა, რომ მოშიმშილე ვეტერანთა დაკავების რეალური მიზეზი,  სულ სხვა რამ გახდა. 

ავტომობილის “სარკმლიდან” დანახული შიმშილი

შიმშილობის  მონაწილენიც, მათი თანამებრძოლებიც და გულშემატკივრებიც ერთნაირ ისტორიას ყვებიან. 27 დეკემბრიდან 3 იანვრამდე აქცია მშვიდად მიმდინარეობდა. გმირთა მოედანზე პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მათთვის არავის აუკრძალავს. მოშიმშილეებთან ძალოვანები მხოლოდ ერთხელ მივიდნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაინტერესდნენ მათ რაიმე სახის დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ. 

სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც გმირთა მოედანზე საახალწლო გართობით მოღლილი პრეზიდენტის ესკორტმა ჩაიარა. აქციის მონაწილენი იხსენებენ, რომ გმირთა მოედანთან ესკორტმა სვლა შეანელა. პრეზიდენტმა ავტომობილის მინა ჩაწია და მოშიმშილეები შეათვალიერა. 

ბუნებრივია, ის, რაც დიდების მემორიალთან იხილა სააკაშვილს ბოჩელის კონცერტით მიღებულ სიამოვნებას ნამდვილად გაუფუჭებდა. 

პრეზიდენტის ესკორტი თვალს მიეფარა. მალევე კი, გმირთა მოედანზე ძალოვანთა მობილიზება დაიწყო. პოლიციის თანამშრომლებმა, რომელნიც ერთი კვირის განმავლობაში მშვიდად ადევნებდნენ თვალს აქციის მიმდინარეობას, მოშიმშილეებს კარვის აღება და ტერიტორიის დაცლა მოსთხოვეს. 

მხოლოდ სოციალური მოთხოვნებით

დიდების მემორიალთან, რომელიც თავის დროზე 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა სახელზე აიგო, სწორედ ამ ბრძოლებში მონაწილე ვეტერანები შიმშილობდნენ. 

მათ თავიდანვე დააფიქსირეს, რომ აქციას მხოლოდ სოციალური მოთხოვნებით იწყებდნენ. თქვეს ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანებში საპროტესტო აქციების გამართვის აზრი არაერთხელ მომწიფებულა.

მათ ამისთვის არაერთი მიზეზი ჰქონდათ, რადგან “სახელმწიფომ ისინი დაივიწყა და ხაზი გადაუსვა”. თუმცა იმის გამო, რომ ამ ტიპის საპროტესტო აქციებს ხელშესახები შედეგი ვერ მოაქვს, ბევრჯერ გადაიფიქრეს. 

ვეტერანები ამბობენ, რომ მათი მოთმინებისთვის ბოლო წვეთი ის ისტორია იყო, რომელიც გვარდიის ყოფილი სამმართველოს შენობაში დაღუპული მეომრების სურათებთან დაკავშირებით მოხდა. “სტენდი სადაც წარწერის ქვეშ – ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ, განთავსებული იყო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების სურათები, დაჩეხეს და სანაგვეზე გადაყარეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით”, - ამბობს გიორგი გიუაშვილი, რომელიც 1992-1993 წლებში საქართველო-რუსეთის საომარი მოქმედებების მონაწილა. ის “ქართული ლეგიონის” ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლდათ. 

მართალია აქცია სოციალური მოთხოვნებით დაიწყო, თუმცა გაისმა ბრალდებები, რომ ის პოლიტიზებული იყო... თუმცა ვერსია მისი პოლიტიკური ხასიათის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამართალდამცველებმა მოშიმშილეები დაარბიეს და დააკავეს. დასავლეთის მედიაში და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კი გაისმა შეფასებები, რომ ქართულმა ნაციონალურმა მაუწყებლებმა და მედიის დიდმა ნაწილმა ამ ფაქტს წაუყრუა. 

შენიშვნებიდან მეორე დღეს, საინფორმაციო გამოშვებებმა წინა დღით მომხდარ შეუმჩნეველ ფაქტს ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნეს. სადაც ბალანსი ოსტატურად იყო დაცული. ხუთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ერთი “ნაციონალური მოძრაობის” 5 წარმომადგენელი პასუხობდა. 

სახელისუფლებო უმრავლესობის წევრთა კომენტარები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს. 

ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ ვეტერანებს ნამდვილად აქვთ პროტესტის გამოხატვის და სოციალური მოთხოვნების დაყენების უფლება, თუმცა დაღუპულ გმირთა ხსოვნის მემორიალთან ლეიბები და ”ლეჟანკები” არ უნდა დაყარონ. 

საინტერესო იყო ის ვერსიაც, რომელიც პარლამენტარმა ჟურნალისტებს სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით შესთავაზა. წიკლაურმა აღნიშნა, რომ სიტუაციის გამწვავება აქციის პოლიტიკურმა შეფერილობამ და მასში “კრემლის წარმომადგენლების” ჩართვამ განაპირობა. 

წიკლაურზე არანაკლები ფანტაზია აღმოაჩნდა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს. ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ “გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანები ქვეყნის სიმბოლიკებს შეურაცხყოფდნენ”. 

“გმირთა მემორიალი ერთგვარი სალოცავი ადგილიც კი არის. აქედან გამომდინარე, ქვეყნის სიმბოლიკისადმი უდიერი დამოკიდებულება ნებისმიერ საზოგადოებაში აღიქმება ქვეყნის შეურაცხყოფად", - განაცხადა პარლამენტარმა. ანალოგიური შინაარსის იყო შეფასება, რომელიც უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ვახტანგ ბალავაძემ გააკეთა. 

ეს ბრალდებები აქციის მონაწილეებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ. შიმშილობის აქციის ერთ-ერთი მონაწილე მალხაზ თოფურია განმარტავს:  “სიგარეტის ნამწვიც არ ეგდო, ეკლესიის მერე ყველაზე წმინდა ადგილას ვიყავით, დაღუპულების სახელებთან, იქ უდიერ მოპყრობას როგორ დავუშვებდით". 

გიორგი გიუაშვილი კი, ირწმუნება, რომ აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნები არ ყოფილა. მოშიმშილენი საშიმშილოდ მხოლოდ შიმშილმა გამოიყვანა. 

“აქციის მონაწილენი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ახალ წელს მაინც მშივრები ხვდებოდნენ და შინ შვილისა და შვილიშვილის მშიერი თვალების ცქერას არჩიეს საკუთარი გაჭირება მთელი ქვეყნის დასანახად ამ ფორმით გამოეხატათ. მოშიმშილეთა აქციის ასეთი დარბევის რაიმე მიზეზით გამართლება წარმოუდგენელია. ვერ ვხვდები რა სურს ამ ხელისუფლებას. რატომ ცდილობს სულ უფრო და უფრო უარესად მოგვეპყროს. ჩვენი გაბოროტება უნდა?”, - ამბობს გიორგი გიუაშვილი. 

სოციალურ-პოლიტიკური “ განაჩენი

დიდების მემორიალთან ოპოზიციის ცალკეული ლიდერების გამოჩენის შემდეგ გაჩნდა ეჭვები, რომ აქცია კონკრეტული პოლიტიკური ძალების, მათ შორის “ქართული პარტიის” მიერ იყო მართული... 

თუმცა, მოშიმშილენიც და მათი თანამოაზრენიც ირწმუნებიან, რომ ეს ნამდვილად არ იყო ასე. აქციაზე ოპოზიციის ლიდერები მართლაც მოვიდნენ, მაგრამ მოშიმშილეებმა ყველასთან საუბრისას დაფიქსირეს, რომ პოლიტიკური მოთხოვნების დაყენებას არ აპირებდნენ და მათი პროტესტი სოციალური ხასიათის იყო. 

გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკავებული ვეტერანებისთვის 400 ლარიანი ჯარიმის შეფარდებაც უსამართლობის მორიგი ფაქტი იყო. რადგან ადამიანებს, რომლებიც საშიმშილოდ უკიდურესმა გაჭირვებამ გამოიყვანა ამ თანხის გადახდაც გაუჭირდებათ. 

“დაკავებულებმა სასამართლო პროცესზევე უთხრეს ადვოკატს, ოღონდ ფულად ჯარიმას ნუ შეგვიფარდებენ და 90 დღე დავრჩებით პატიმრობაში “ბალანდა” მაინც ხომ იქნება იმ ციხეში და იმას შევჭამთო. მაგრამ ბუნებრივია ციხეში მათ დატოვებას არავინ აპირებს. ამ ფულს როგორმე შევუგროვებთ და გადავიხდით”, -ამბობს გიუაშვილი.  

სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ დაკავებული და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემდეგ გათავისუფლებული ვეტერანებიც. 

დაკავებულთაგან ერთ-ერთი მალხაზ თოფურიაც ამბობს, რომ შიმშილობის აქცია კანონის სრული დაცვით იმართებოდა. მოშიმშილეებმა წინასწარ შეიტანეს მერიაში გაფრთხილება  აქციასთან დაკავშირებით და მისი მიმდინარეობისას არც გზის სავალ ნაწილი გადაუკეტავთ,  არც აგრესიული მოწოდებები გაუხმიანებიათ. 

თოფურია ამბობს, რომ შიმშილობის აქციაში მონაწილეობა გაცილებით მეტ ვეტერანს უნდოდა, თუმცა ეს აღარ მოხდა. ორგანიზატორებმა შეძლეს ყოფილი თანამებრძოლების დარწმუნება, რომ სოციალური პროტესტის ამ ფორმით გამოსახატად მოშიმშილეთა ეს რაოდენობაც საკმარისი იყო. აქციის მონაწილე იმასაც აღნიშნავს ხაზგასმით, რომ მოშიმშილენი 6 იანვარს ისედაც აპირებდნენ დაშლას. მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე და გამოთქვამს ეჭვს, რომ სიტუაციის გამწვავება შესაძლოა ვიღაცის ინტერესებში შედიოდა. 

“რაღაც ჯგუფისთვის მიუღებელი იყო მშვიდობიანად დამთავრება. ჩემი მეგობრის, მებრძოლის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ამას ვერ ავიტანდი. ამას მოჰყვა ჩემი დაკავებაც”,- ამბობს თოფურია.

ჩვენი” და “სხვისი” ვეტერანები

საქართველოში დღეს 77 ათასამდე ომის ვეტერანია აღრიცხული. მათ შორის 30 ათასამდე -  1992-1993 წლებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების, დანარჩენები კი - მეორე მსოფლიო და ავღანეთის ომების მონაწილენი არიან. 

აქციის მონაწილე ვეტერანები და მათი თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ოფიციალური მონაცემები გაბერილია. 

გიორგი გიუაშვილის განმარტებით, აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანთა რაოდენობა სინამდვილეში 10 ათასამდე იქნება. მისივე განცხადებით, წარმოუდგენელია მეორე მსოფლიო ომის, ავღანეთის და მონღოლეთის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეთა რაოდენობა 47 ათასამდე იყოს. 

შიმშილობის აქციის მონაწილენი კიდევ რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც მათი აზრით ადასტურებს, რომ “ვარდების ხელისუფლება” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 1992-1993 წლებში მებრძოლებს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებისაგან ასხვავებს. 

არა და ამ ვეტერანთა დიდი ნაწილი მაშინ, ომში საკუთარი ნებით, მოხალისედ წავიდა. იბრძოდა ჯერაც ჩამოუყალიბებელი ქართული სახელმწიფოს არმიისა თუ შინაგანი ჯარის რიგებში. რომელიც თავის მხრივ ჯერ კიდევ არ იყო არც არმია და არც შინაგანი ჯარი. ამის მიუხედავად, სამხედრო დანაყოფები, რომელთაც არ ჰქონდათ საკმარისი შეიარაღება, სამხედრო განსწავლულობა თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში აწარმოებდნენ ბრძოლებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის და ინარჩუნებდნენ სოხუმს. 

ყურადღება, რომელიც სახელმწიფომ მათ ამის სანაცვლოდ მიაგო მხოლოდ 22 ლარიანი შემწეობაა.