„სვანები ჩიოდნენ, რომ მათ ბავშვებს აღარ უნდოდათ სვანურად ლაპარაკი, ასევეა მეგრულთან მიმართებითაც“

„სვანები ჩიოდნენ, რომ მათ ბავშვებს აღარ უნდოდათ სვანურად ლაპარაკი, ასევეა მეგრულთან მიმართებითაც“

რა მოტივაცია ამოძრავებს საქართველოს მთავარსარდალს, როცა უკვე მეორედ სკოლებში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის?! ერთნი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეს ინიციატივა წაადგება მეგრულ და სვანურ ენებს გადარჩენაში, რადგან იუნესკოს მიერ ეს ქართველური ენები საფრთხეში მყოფ ენებად არის გამოცხადებული. მეორენი კი ამტკიცებენ, რომ ამ ენების ზედმეტად წახალისებით პრეზიდენტი ზურაბიშვილი, სინამდვილეში, სეპარატიზმს ახალისებს, რაც, წესით, საქართველოს მთავარსარდლის ფუნქცია არ უნდა იყოს.

განსხვავებულად ფიქრობს თავად პრეზიდენტი. ის მიიჩნევს, რომ სწორედ რუსიფიკაციის ორასწლოვანი პოლიტიკის შედეგია, რომ კავკასიური ოჯახის ენათა უმეტესობა დღეს გაქრობის წინაშეა. ეს მაშინ, როცა კავკასია ენობრივი მრავალფეროვნებით ანტიკური დროიდან აკვირვებდა მსოფლიოს და არაბები მას ეძახდნენ ენათა მთას.

ენათმეცნიერი და აკადემიკოსი მზექალა შანიძე პარალელს ავლებს კავკასიურ ენა-უბიხურთან, რომელიც აღარ არსებობს, რადგან ამ ენაზე მოლაპარაკე უბიხები გადაშენდნენ. ასეთივე საფრთხის ქვეშაა მეგრული და სვანური ენებიც, რადგან ენა არსებობს მაშინ, თუ მასზე მოლაპარაკე ადამიანები არსებობენ. მზექალა შანიძის თქმით, სამივე ენა (ქართული, მეგრული და სვანური) პრეისტორიულ დროში არსებული საერთო პროქართველური ენის ჩამომავალია. მეგრულის და სვანურის გარეშე ქართული ენის ისტორიას ვერ შევისწავლით. ეს ენები არ უნდა დაიკარგოს, რადგან ქართული ენა არის მონათესავე სვანურის და მეგრულის, ან მეგრულ-ლაზურის. ეს არ ნიშნავს სეპარატიზმს, არც მეგრელებს და სვანებს ჰქონიათ სეპარატიზმისკენ მიდრეკილება. ასეთი მისწრაფება გამოჩნდა მხოლოდ მე-19 საუკუნეში, რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგად.

ექსპერტი გია ხუხაშვილი პრეზიდენტის ინიციატივას დღევანდელ რთულ ვითარებაში უადგილო პროვოკაციად აფასებს. მისი აზრით, ეს სენსიტიური თემაა და, თუ ვინმეს აქვს ამ ენების შესწავლის სურვილი, განათლების სამინისტრო ხელს უნდა უწყობდეს.

ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუ მართლაც დაინტერესებულია რომელიმე ხელისუფალი, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი მეგრულის და სვანურის საკითხით, მაშინ ასეთი განცხადებები კი არ უნდა აკეთოს, არამედ საგნობრივად უნდა მიუდგეს, ან კომისია შექმნას, ან შეიმუშავოს ისეთი ფორმა, რომელიც უხმაუროდ და უმტკივნეულოდ გააკეთებს ეროვნულ საქმეს.

ავთანდილ არაბულის აზრით, საერთოდ, ამ თემაში არის პროვოკაციული მომენტი და ამის საწინააღმდეგო თვალსაზრისიც არსებობს, რადგან ძალიან გამწვავდა 90-იანი წლების შემდეგ ეს საკითხი. ამაში აშკარად იყო ჩადებული რუსული ინტერესები.

ენათმეცნიერის თქმით, ქართველური ენები არსებობდა და ბევრი რამ კეთდებოდა კვლევისთვის, ხდებოდა მასალის ჩაწერა და ძიება ამ მიმართულებით, მაგრამ არ იყო ის მომენტი, რომ მეგრულ და სვანურ ენებს სეპარატისტული განზრახვა გაეძლიერებინა. ჩვენს ისტორიას ასეთი რამ არ ახასიათებს და არც რეგიონებშია ასეთი განწყობა. მეორე მხრივ, მე-20 საუკუნის ბოლოს 21-ე საუკუნის პირობებში მცირერიცხოვანი ენები, საოჯახო ენებს რომ ეძახიან, გაქრობის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა და, ევროკავშირის მოთხოვნით, საგანგებოდ ზრუნავენ ამ ენების გადარჩენისთვის. თუ ახალი თაობა აღარ სწავლობს და მამიდან შვილსა და შვილიშვილზე ამ ენების გადაცემა აღარ ხდება, ეს უკვე არის წყვეტა და მერე ეს ენა უკვე აღარ განახლდება. ასეთი საშიშროების ასაცილებლად ევროპული სპეციალური დოკუმენტების (ქარტია, ჩარჩო-კონვენცია) თანახმად, არსებობს ღონისძიებები, რა შეიძლება გაკეთდეს. საქართველოს სახელმწიფო ენის კანონში ჩაიწერა სპეციალური პუნქტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველური ენების დაცვისა და შესწავლისთვის, როგორც სახელმწიფო ენის არსებობის აუცილებელი პირობისთვის. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ისევე უნდა იცავდეს ქართველურ ენებს, როგორც ქართულ სალიტერატურო ენას, ანუ სახელმწიფო ენას, სახელმწიფო ენის ნაწილია მეგრულიც და სვანურიც.

ემუქრება თუ არა მეგრულს და სვანურს გაქრობა? ამის შესახებ ავთანდილ არაბული აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, ინტერნეტიზაციამ ეს შედეგი მოიტანა.

„5 წლის წინ სვანეთში კონფერენცია ჩავატარეთ და იქ მოსული სვანები ჩიოდნენ, რომ მათ ბავშვებს აღარ უნდოდათ სვანურად ლაპარაკი, გაგონებაც აღარ უნდათო. მობილური და ინტერნეტი ყველგან არის და ეს საფრთხე არსებობს არა მარტო სვანურთან, არამედ მეგრულთან მიმართებითაც. მოგეხსენებათ, მეგრულ-ლაზური ერთი ენობრივი ერთეულია, მაგრამ რადგან თურქეთის ტერიტორიაზეა, ცალკე ენადაც მოიხსენიება. მეცნიერი გახლავართ ამ სფეროში, მაგრამ ნამდვილად ვერ ავიღებ ჩემს თავზე, ვინმეს ვურჩიო რეცეპტი, რომ საკითხი ასე უნდა გადაწყდეს. უნდა შედგეს კომისია, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით საუკეთესო გადაწყვეტილებას და არც მწვადს დაწვავს, არც შამფურს“,-აცხადებს ავთანდილ არაბული.

მეცნიერი ადასტურებს, რომ ლაზური უფრო გაქრობის წინაშეა, რადგან ისეთ გარემოშია მოქცეული, რომ ძალიან ბევრი ლაზი გათურქდა. მართალია, ლაზების საზოგადოება დიდი რაოდენობითაა, მილიონები ცხოვრობენ თურქეთში, მაგრამ დაკარგული აქვთ იდენტობის შეგრძნება, იქ ისეთი საზოგადოებებიცაა, რომლებიც ამბობენ, რომ არანაირი ქართველური ჩვენ არ ვართო და არც იციან ლაზური. ახლა ევროკავშირის ინტერესი აქვს თურქეთს და ცდილობს, მისი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ამ მიზეზით დაახლოებით ხუთი წელია, თურქეთმა ასეთი ნორმა შემოიღო, რომ თუ კლასში 9-10 ბავშვი აღმოჩნდება, რომელსაც მშობლიური ენის შესწავლის სურვილი ექნება, მაშინ კლასში ამ ბავშვებისთვის ამ საგნის სწავლება შესაძლებელი იქნება.

„როცა მეგრელები საერთოდ მეგრულად ლაპარაკობდნენ, მაშინ არ გასჩენიათ სეპარატისტული აზრები, ამდენად, ენის ფაქტორს ვერ დავუკავშირებთ სეპარატისტული გამოყოფის მიზნებს. უფრო მეტიც, საქართველოს ისტორიის უდიდეს პერიოდში ჩვენი რეგიონები ერთმანეთისგან იზოლირებული იყო და ისეთი იზოლაციაც იყო, ბევრგან სახელმწიფო ენა - ქართული არც იცოდნენ, მაგრამ ფარნავაზის დროიდან მოყოლებული, როგორც ლეონტი მროველთან წერია, ქართველებში იმდენად დიდი იყო ეროვნული კონსოლიდაციის შეგნება, რომ ჩვენს ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, სეპარატისტული განწყობა დაფიქსირებულიყო. ეს ახლაც გამორიცხულია, რადგან ძალიან ღრმად არის ეროვნული კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრიობის შეგნება. თუმცა მტერმა რომ გამოიყენოს სვანური და მეგრული ენების საკითხი, ამის საშიშროება ნამდვილად არის. ინტერნეტში ახლაც ნახავთ სპეციალურ საიტებს, რომლებიც ემსახურება სეპარატიზმის გაღვივებას, ეს სწორედ 90-იან წლებში იღებს სათავეს, სწორედ სეპარატისტული მიზნითაა მითითებული „მეგრული ვიკიპედია“ და სხვა. რა თქმა უნდა, ასეთი მიზნები გარკვეული ძალებისგან ფინანსდება.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მეგრულის და სვანურის სკოლაში სწავლებაში პროვოკაციულ ელემენტებს ვერ ხედავს. ჩვენთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ მეგრულიც და სვანურიც არიან ქართველური ენები, მათ პატივისცემა, შენახვა და დაცვა სჭირდება.

„ამაში ვერავითარ ცუდს ვერ ვხედავ, რომ სკოლაში არჩევითი საგანი იყოს მეგრული და სვანური. ეს არ იქნება სავალდებულო, არ იქნება სახელმწიფო ენა, ეს არ ნიშნავს, რომ მეგრული და სვანური მწიგნობრული ენა გახდება. უბრალოდ, შეიძლება, ფაკულტატურად ისწავლებოდეს. ამით არანაირი ექსტრემისტული მიზნები არ გაჩნდება. ეს იქნება არჩევითი საგანი სკოლაში, რომელიც ბავშვის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული. მეგრელებმა და სვანებმა ისედაც იციან მეგრული და სვანური და ეს არანაირ საფრთხეს არ ქმნის ჩვენთვის“, - გვითხრა დავით ზარდიაშვილმა.

მანვე განმარტა, რომ სკოლაში სწავლების დროს ეს პროცესი უფრო აკადემიურ ხარისხში იქნება აყვანილი და ასეთი ენების დაცვის ხარისხი უფრო მეტი იქნება. თუმცა ისიც ფაქტია, ამაზე თუ ზედმეტად ალაპარაკდებიან, მტერმა შეიძლება კუდი გამოაბას და რაშიც საფრთხე არ არის, იმისგანაც საფრთხე შექმნას.

Gami ხუხაშვილს მოუსმინეთ... ტიპმა ისიც არ იცოდა/როგორც თვითონ წერს/ ებრაელი იყო თუ არა.... ეს არაბული ბოდავს, ან ესე თქვი, ან ისე...
1 წლის უკან
dimpi „სვანები ჩიოდნენ, რომ მათ ბავშვებს აღარ უნდოდათ სვანურად ლაპარაკი, ასევეა მეგრულთან მიმართებითაც“

ეგრე იცის განათლების დანგრევამ და უცხო ღორებულებების დამყნობამ, ცოტა ხანში აღარც ქართულს იკადრებენ, რაღა ცოტა ხანში, უკვე აბინძურებენ ქართულს უცხო სიტყვებით რასაც მედიაც ხელს უწყობს: ბულინგიო თუ სხვა
1 წლის უკან