მომღერალი სოფო ნიჟარაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ავღანეთში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის უფროს ვაჟთან ერთად შეხვდა. სოფომ ჯარისკაცებისთვის ჰიმნი და პატრიოტული სიმღერები შეასრულა. მომღერალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აქვეყნებს ფოტოს, წარწერით: "რიგითი ნიჟარაძე ბაზაზე, სასადილოში! ავღანეთი, 26 მაისი 2013".
"მე ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გავატარე სამშობლოსთვის თავდადებულ ჯარისკაცებთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ავღანეთში, ვარ ამაყი, რომ მხვდა წილად ბედნიერება შემესრულებინა საქართველოს ეროვნული ჰიმნი სამშობლოსთვის თავგანწირული პატრიოტების წინაშე, რომლებიც ხშირად თავიანთი სიცოცხლის ფასად ემსახურებიან საქართველოს და სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც შეუპოვრად იბრძვიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის! გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ღმერთი იყოს თითოეული თქვენთაგანის და სრულიად საქართველოს მფარველი!", - წერს სოფო.
მომღერალი ინტერნეტ-მომხმარებლების კომენტარებსაც ეხმაურება:
"მე ვნახე ჯარისკაცები, ვნახე მათი ბედნიერი სახეები და ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზოგიერთი ობიექტის სულელური აზრი! ყველას მადლობა თბილი სიტყვებისთვის...
...სანამ ვერ გბლოკავთ აქედან, გადმოანთხიეთ შინაგანი ემოციები, გაიხარეთ და ბედნიერად დაიძინეთ...", - წერს ნიჟარაძე.
საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. დამოუკიდებლობის დღეს მიხეილ სააკაშვილი ბაზა ლეზერნიკზე მე-3 ბრიგადის 33-ე ბატალიონისა და მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა.