ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება და მის შესახებ მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი. ამჯერად, ამბერ ჰერდის ადვოკატი აცხადებს, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილმა ქმარმა წიხლებით და მუშტით სცემა, შემდეგ კი თმით ითრია.
დეპმა ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სასამართლო დავა 2018 წელს წამოიწყო და ჰერდის მიერ მიყენებული ზიანის $50 მილიონით ანაზღაურებას ითხოვა. ჰერდმა მაშინ The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო. თუმცაღა ტექსტში ამბერს ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, დეპის სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მის რეპუტაციას ჩრდილი მიადგა და როლებს კარგავდა.
დავის ორივე მხარე თანხმდება, რომ მსახიობების ურთიერთობა ძალადობრივი იყო. თუმცა, დეპის ადვოკატების მტკიცებით, მოძალადე ჰერდი იყო, რომელიც ქმარს "აბაზანაში კეტავდა ხოლმე, რათა იგი თავიდან მოეშორებინა". საპასუხოდ, ჰერდის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ დეპი "ხშირად იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, როცა ცოლზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა ხოლმე". ამბერის ადვოკატის, ელეინ ბრედჰოფტის თქმით, თავის დაცვის ქვეშ მყოფმა ერთხელ დეპის კომპიუტერში შიშველი ქალის ფოტოები აღმოაჩინა, რის შემდეგაც ჰერდსა და დეპს შორის კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
"მას [ამბერს] უყვარდა ჯონის ის მხარე, რომელსაც ფილმებში ხედავდა: ქარიზმატული, მომხიბვლელი და გულისხმიერი; ეს იყო კაცი, რომელიც შეუყვარდა", — განუცხადა ბრედჰოფტმა სასამართლოს, — "თუმცა, სამწუხაროდ, გზად ურჩხული გამოჩნდა. ეს ურჩხული მაშინ იღვიძებდა, როცა იგი თვრებოდა ან ნარკოტიკებს იღებდა".
დეპის ადვოკატის თქმით, მსახიობი მოგზაურობისას სასტუმროში ცალკე ნომერს იღებდა ხოლმე, რათა ჰერდთან კონტაქტი თავიდან აერიდებინა — მისი მტკიცებით, როცა 2015 წელს წყვილი ავსტრალიაში იმყოფებოდა, ცოლმა დეპს არაყის ბოთლი ესროლა და თითზე ჭრილობა მიაყენა. საპასუხოდ, ჰერდის ადვოკატი ამბობს, რომ დეპმა თითი თავადვე წაითალა. დეპის ადვოკატებმა ამბერ ჰერდის მხრიდან ძალადობის დასადასტურებლად 2020 წელს აუდიოჩანაწერიც წარმოადგინეს.
დეპის წარმომადგენლის თქმით, მსახიობმა ჩივილი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჰერდმა მას "ცილი დასწამა და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა".
"ეს ყველაფერი იმ საგულდაგულოდ შექმნილ და მცდარ ბრალდებებს მოჰყვება, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება და ჰოლივუდში შოკის გამოწვევას ემსახურება. ამაში ჰერდი დაოსტატებულია", — აღნიშნავს დეპის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდს, The Sun-საც უჩივლა, როცა ამ უკანასკნელმა მსახიობს "ცოლზე მოძალადე" უწოდა. მან ეს სასამართლო დავა წააგო, გასაჩივრების შემდეგ კი სააპელაციო ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სხვათა შორის, წაგებული სასამართლო დავის შემდეგ Warner Bros.-მა დეპს როლის დატოვება მოსთხოვა. მსახიობმა შარშან აღნიშნა, რომ "ჰოლივუდი ბოიკოტს უცხადებს", ხოლო "ბოიკოტის გამოცხადების კულტურის პირობებში არავის აქვს თავი ქუდში".
ამჯერად, ვირჯინიაში გამართულ სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით წარდგა დეპის უფროსი და, ქრისტი დემბროვსკი, რომელმაც განაცხადა, რომ ბავშვობაში მათი დედა თავის ქმარზე ფიზიკურად ძალადობდა, თუმცა, "ჯონის მისი ქმედებები არასდროს არავისზე არ გაუმეორებია". დემბროვსკიმ ასევე განაცხადა, რომ არ იცოდა, თუკი თავისი ძმისა და ჰერდის ურთიერთობა ძალადობრივი იყო, თუმცა, სწორედ მან დაუჯავშნა ცალკე ნომერი სასტუმროში დეპს.
სასამართლოს შენობის გარეთ, ტრადიციულად, ჰერდისა და დეპის გულშემატკივრები იცდიდნენ.
რამდენიმე დღის წინ ჰერდმა ინსტაგრამზე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას სოციალური მედიის გამოყენებაზე უარს იტყოდა.
"ჯონი The Washington Post-ში დაწერილი იმ ოპ-ედისთვის მიჩივის, რომელშიც ძალადობისა და ოჯახში ჩაგვრის საკუთარ გამოცდილებაზე ვსაუბრობდი", — დაწერა ჰერდმა ინსტაგრამზე, — "მისი სახელი არც მიხსენებია, ამის ნაცვლად ვწერდი იმ საზღაურზე, რომლის გადახდაც ქალებს უწევთ, როცა კაცების ძალაუფლების წინააღმდეგ ხმას იმაღლებენ. მე კვლავ მიწევს ამ ფასის გადახდა და, იმედია, როცა საქმე დასრულდება, მეც და ჯონიც ცხოვრების გაგრძელებას შევძლებთ".