საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე ზუგდიდში გამორჩეულად აღინიშნა - დილით, წირვის დასრულების შემდეგ, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ზუგდიდის საკათედრო ტაძარში მერაბ კოსტავას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა გიორგი ქავთარაძემ გადაიხადა. შემდეგ ქალაქის ცენტრალური პარკის შესასვლელთან, დადიანების სასახლის უკან მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა, ხოლო ზუგდიდის გამგეობის წინ, პირველი სამუსიკო სკოლის დარბაზში რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრისა და ამავე რაიონის ხალხური ანსამბლის მონაწილეობით მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ლიტერატურული წარმოდგენა გაიმართა.
მერაბ კოსტავას ბიუსტი ჭადრების ხეივანში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გვერდით უნდა დაედგათ, მაგრამ ამ საქმეს ხელი მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ შეუშალა.
მაშინ, როცა საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო, ზუგდიდში, ჭადრების ხეივანში, იქ სადაც ახლა დიდი ქვის ჯვარია აღმართული, ლენინის ძეგლი იდგა. 1989-ში ეს ძეგლი ჩამოაგდეს და მის ადგილას ხის ჯვარი დადგეს. ამის შესახებ კახა მიქაიამ მითხრა, რომელიც იმჟამად სამეგრელოში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მოგვიანებით ხის ჯვარი სხვაგან გადააბრძანეს და მის ადგილას დიდი ქვის ჯვარი აღმართეს, რომლის წინ ზვიად გამსახურდიას ბიუსტი დაიდგა.
წელს ზუგდიდის გამგეობამ და საკრებულომ განიზრახეს ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ორი მეტრით გადაეწიათ და მის გვერდით მერაბ კოსტავას ბიუსტი დაედგათ, მაგრამ ამ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს, რადგან მანანა არჩვაძე-გამსახურდია შეეწინააღმდეგა.
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლაშა ქობალია მანანა არჩვაძეს ტელეფონით დაუკავშირდა - ზვიადის ძეგლს ორი მეტრით გადავწევთ, გვერდით მერაბ კოსტავას ბიუსტი გვინდა დავდგათო. მანანა არჩვაძეს ნახაზები მოუთხოვია და მიუწოდებიათ. ამის შემდეგ ბატონ ქობალიასთვის განუცხადებია, ეგ თქვენი პროექტი სისულელეა, ზვიადის ძეგლს ხელი არ ახლოთ, ადგილიდან არ დაძრათო. ეს ამბავი თავად ლაშა ქობალიამ მიამბო.
აი, ამის შემდეგ გახდნენ იძულებულები მერაბ კოსტავას ბიუსტი დაედგათ ზუგდიდის ცენტრალურ პარკში, რომელსაც გამგეობისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით უახლოეს პერიოდში მერაბ კოსტავას სახელი მიენიჭა.
მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტების ავტორი მოქანდაკე ზაურ სხულუხიაა. ბიუსტი საზეიმო ვითარებაში ზუსტად ორ საათზე გაიხსნა. ამ დროს კოკისპირულად წვიმდა. ზუგდიდის ცენტრალურ პარკში მღეროდნენ შავ ჩოხებში გამოწყობილი, ზუგდიდის სახელწიფო ანსამბლ “ოდოიას“ წევრები. ძეგლის გვერდით ასევე ჩოხებში გამოწყობილ ყმაწვილებს ხუთჯვრიანი და სამფეროვანი დროშები ეჭირათ. იქ დაახლოებით სამასი კაცი იდგა.
სიტყვით გამოსვლელებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათგან ყველაზე საინტერესო და გულიანი გამოსვლა კახა მიქაიას ჰქონდა, რომელიც მერაბ კოსტავას ერთ-ერთი ლექსით დაასრულა - “წილხვდომ სიკვდილს თუ ვუმზარდე ავად, მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო. ჩემი ქვეყანა ზეცაა თავად, მერე ეს მიწა და საქართველო“.
ზემოხსენებულ ღონისძიებებთან ერთად, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღისადმი მიძღვნილი არაერთი წარმოდგენა გაიმართა. ქალაქის ცენტრალური ნაწილი: დავით აღმაშენებლის, იონა მეუნარგიას, ზვიად გამსახურდიას, კონსტანტინე გამსახურდიას და რუსთაველის ქუჩები დილიდან გადაკეტილი იყო. ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს; ბულვარის სხვადასხვა მონაკვეთში მოეწყო: წიგნების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა; ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ჭადრაკში ეჯიბრებოდნენ (გამარჯვებულისთვის თასი იყო გამზადებული); კინოთეატრ “ატრიუმის“ წინ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გოგო-ბიჭები მღეროდნენ, ცეკვავდნენ; ბავშვთა სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ და ხატავდნენ, თემა თავისუფალი იყო, ნახატებს შორის ეკლესიები ჭარბობდა, ასევე იყო ყვავილები, ცხენები, ხეები, მტრედები;
შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები სასცენო კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილები და ბულვარში სეირნობდნენ; დადიანების სასახლის შესასვლელთან, მერაბ კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეები ხელბურთის ჩემპიონატს, ხოლო დადიანების სასახლის ეზოში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ბენდის “ზუგდიდის“ წევრები კონცერტს მართავდნენ; ზუგდიდის სამხატვრო გალერეის წინ ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები იყო გამოფენილი...
მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ლიტერატურული წარმოდგენა მეორე საჯარო სკოლაში ხუთის ნახევარზე დაიწყო. სცენაზე ამავე თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე დიდი სიყვარულითა და სითბოთი გვიამბობდა მერაბ კოსტავას სამაგალითო ცხოვრების დეტალებს. ლიტერატურული წარმოდგენა მუსიკალურად გააფორმა ხარაგაულის ხალხური სიმღერის ანსამბლმა “ოდილამ“ და დალი მერაბიშვილმა.
დამოუკიდებლობის გამოცხადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასკვნით ნაწილში დიდი კონცერტის გამართვა და ბოლოს ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ფეიერვეკის გაშვებაა დაგეგმილი.