საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთშიც აღინიშნა. საზეიმო ცერემონია ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა ლეზერნიკზე გაიმართა. დამოუკიდებლობის დღე 42-ე და 33-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებმა ერთად იზეიმეს.
ქართველ სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა. მან ქართული ქვედანაყოფების სამხედროები დააჯილდოვა. „წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი" გადაეცა პოლკოვნიკ კობა ახვლედიანს. ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა წამალაშვილი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მაიორი ირაკლი კალანდაძე კი - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ. მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ მიიღეს: სერჟანტმა გიორგი ბიქოშვილმა, უფროსმა სერჟანტმა გიორგი ცალანმა, რიგითმა ხვიჩა მუშარბაძემ და მაიორმა ზურაბ ზაქარაიამ.
უწყებრივი მედლები 32-მა სამხედრომ მიიღო. საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის, მედალი „გენერალი კვინიტაძე“ ორ სამხედროს გადაეცა.
წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის მედლით ,,გენერალი მაზნიაშვილი“ დაჯილდოვდა ორი სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოს თავდაცვის საქმეში გამოჩენილი დიდი დამსახურებისათვის 28 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.
საზეიმო ცერემონიას აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და იორდანიის მაღალჩინოსანი სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ.
თანდართულ ფაილში იხილეთ უწყებრივი მედლებით დაჯილდოებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა სია.