ჩვენ შეგვიძლია 11 წლის ნიკას გადარჩენა!

ჩვენ შეგვიძლია 11 წლის ნიკას გადარჩენა!

ვიმედოვნებთ, რომ პრესაგე.ტვ-ს მკითხველი, ტელევიზიის მაყურებელზე გულისხიერი აღმოჩნდება და ამ მასალის წაკითხვის შემდეგ 11 წლის ნიკა ჯაიანის გადარჩენისთვის თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს - თუ 9 იანვრამდე ნიკა ჯაიანის დედა ვერ შეძლებს 3 500 ლარის მოძიებას, მაშინ მის შვილს ძვლის ტვინს ვეღარ გადაუნერგავენ. ეს თანხა იტალიაში გამგზავრებისთვისაა საჭირო, სადაც ნიკასთვის ოპერაციის გაკეთება უკვე გადაწყვეტილია.  

ნიკას შესახებ პრესაგე.ტვ-მ შემთხვევით მაშინ შეიტყო, როცა ბათუმში სახალხო დამცველის რწმუნებულს, გიორგი ჩარკვიანს ახალი წლის მისალოცად შევეხმიანეთ. პატარა ნიკას დეიდა, ნათელა გაბაიძე, ამ დროს გიორგი ჩარკვიანთან იყო მისული, ერთადერთი სათხოვარით - დაკვალიანებას ითხოვდა. ნათელა გაბაიძეს 11 წლის ნიკა ჯაიანის პრობლების ირგვლივ ტელეფონით ვესაუბრეთ. ასევე გავეცანით ეგრეთ წოდებულ ფორმა 100-სს, იგივე ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც 2010 წლის 22 ნოემბერს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერაა გაცემული.

გრაფაში - “დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ან სრული დიაგნოზი“ - მითითებულია “აპლასტიური ანემია“, ხოლო გრაფის - “ავადმყოფობის მიმდინარეობა“ - გასწვრივ წერია - “მწვავე“.

აპლასტიური ანემია სხვადასხვა ინტერნეტ-საიტებზე ასეა განმარტებული - “სისხლწარმოქმნის მკვეთრი დარღვევა ძვლის ტვინის ჰემოპოეზური ფუნქციის ძლიერი დაქვეითების გამო“.

გრაფაში “სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები“ წერია: “პაციენტს ესაჭიროება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რის შესახებაც მიღწეულია შეთანხმება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრთან, იტალიაში, ვერონაში“.

“იაშვილის კლინიკაში ნიკა 5 თვის განმავლობაში იწვა. დაავადება ჯერ ჩამოუყალიბებელი იყო, როცა ანალიზები რამდენიმე ქვეყანაში გაიგზავნა. ამისთვის საჭირო საკმაოდ სოლიდური თანხა ჩვენ გავიღეთ და მიმძიმს იმის სიტყვებით გადმოცემა, როგორ შევძელით ამის გაკეთება. ჩემს დას, ნაზი გაბაიძეს ნიკას გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს, საკუთარი ჭერი არ გააჩნიათ, ხან ვინ შეიფარებთ, სამადლოდ და ხან - ვინ.

6 თვე გურიაში ცხოვრობდნენ, ახლობელთან; გორში 2 თვე გაატარეს; გასული წლის ნოემბერში, ჩემი და, შვილებთან ერთად, ერთ-ერთმა ბათუმელმა შეიფარა, დეკემბრის ქუჩაზე. უკიდურესი სიდუხჭირის გამო ჩემს დას ბავშვები სკოლაში ვერ დაჰყავს. რთულია იმის აღწერა, რას ჭამენ, როგორ იცვამენ, ტანზე, ფეხზე. ღვთის ანაბარაა ეს ოჯახი. თან, ჩემი დის მეუღლე პატიმარია, 14 წელი აქვს მისჯილი და აქედან მხოლოდ ერთი წელია გასული. მეც ნაქირავებში ვცხოვრობ, ჩემს შვილსაც პრობლემები აქვს სისხლში და იაშვილის კლინიკაში დავდივართ“, - გვითხრა ნათელა გაბაიძემ.

მისივე თქმით, 11 წლის ნიკა ჯაიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ნოემბრის შუა რიცხვებში ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ით გადაიცა ინფორმაცია; ბათუმში ტვ25-მაც მოამზადა სიუჟეტი; ბოლოს, აჭარის ტელევიზიას გადაუცია ინფორმაცია, რომ თუ ნიკას დედა 9 იანვრამდე ვერ შეძლებდა 3 500 ლარის მოძიებას, მის შვილს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას ვეღარ გაუკეთებდნენ. ტელევიზიით ანგარიშის ნომერიც გამოუცხადებიათ, რასაც მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხმაურებია - 8 ლარი ჩაურიცხავს მითითებულ საბანკო ანგარიშზე. მას ალბათ მეტი საშუალება არ ჰქონდა და იმან, ვისაც საშუალება ჰქონდა, სავარაუდოდ, ყურს მიღმა გაატარა - “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო“...

ნათელა გაბაიძე: “ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის საქართველოდან ყოველწლიურად 10 ბავშვი იგზავნება. ეს გარკვეული პროგრამით ხდება, რომელსაც მთლიანად იტალიური მხარე აფინანსებს. ანუ ოპერაციისთვის საჭირო თანხას იტალიური მხარე გამოჰყოფს. ამისთვის ქართული მხარე არც ერთ თეთრს არ ხარჯავს. ერთადერთი, რაც ამ პროგრამაში მოხვედრილი ბავშვის ოჯახმა უნდა გაიღოს, არის მგზავრობისთვის და ელემენტარული საჭმელისთვის აუცილებელი თანხა, რაც შეადგენს 3 500 ლარს.

არიან ოჯახები, რომელთაც ეს პრობლემა არ აქვთ, მგზავრობისთვის და საჭმლისთვის საჭირო თანხა გააჩნიათ, მაგრამ ოპერაციისთვის აუცილებელი 150 000 ევროს ვერ შოულობენ. ჩვენს შემთხვევაში, როგორც გითხარით, პირიქითაა - ნიკას ოპერაციას გაუკეთებენ, თუ დედასთან ერთად ვერონაში ჩასვლას შეძლებს. მას, ვინც ამ ისტორიას წაიკითხავს, გულთან ახლოს მიიტანს და რითაც შეუძლია, იმით დახმარებას გადაწყვეტს, წინასწარ უდიდეს მადლობას ვუხდი“.

12 მარტს ნიკა ჯაიანს 12 წელი შეუსრულდება და შესაძლებელია თავის დაბადების დღისთვის გამოჯანმრთელებული იყოს. ეს კი თითოეულ ჩვენგანზეც არის დამოკიდებული. იმ შემთხვევისთვის, თუ ნიკას დახმარებას გადაწყვეტთ, გთავაზობთ ნიკას დედის, ნაზი გაბაიძის ანგარიშზე თანხების ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ჩარიცხვისთვის აუცილებელ საბანკო რეკვიზიტებს:

“საქართველოს ბანკი“, ცენტრალური ფილიალი (კოდი) BAGAGE22
მიმღების დასახელება - ნაზი გაბაიძე
მიმღების ანგარიშის ნომერი - GE46BG0000000262074000