გუშინ საღამოს ევროპის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში მიუნჰენის „ბაიერნმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ დაამარცხა და დაამტკიცა რომ მსოფლიოს უძლიერესი გუნდის წოდებას ტყუილად არ ატარებს. იუპ ჰეინკესის ბიჭებმა კატალონიური „ბარსელონას“ რამდენიმეწლიანი ჰეგემონია დაამსხვრიეს და ევროპული ფეხბურთის ცენტრი ქალაქ მიუნჰენში გადაიტანეს.
გუშინდელი მატჩის შემდეგ ერთი კითხვა დაისვა. რამდენად გამართლებულია ჰეინკესის გათავისუფლება და მის ნაცვლად გუნდში პეპ გვარდიოლას დანიშვნა. ამ ფეხბურთის სპეციალისტის საწინააღმდეგო არაფერი გამაჩნია, მაგრამ ფაქტია, პეპი უკვე აწყობილი გუნდის თავის ქარგაზე გადაწყობას შეეცდება, რაც „ბაიერნის“ მომავალ შედეგებზე აუცილებლად იმოქმედებს.
22 მაისს თბილისის „დინამომ“ ქვეყნის თასი მოიპოვა და დაამტკიცა რომ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით უძლიერესის წოდება კვლავ დაიბრუნა.
რამდენიმე თვეში ევროპული თასების ახალი გათამაშება დაიწყება. თუ „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაში ღირსეულად ასპარეზობას შეეცდება და ამისი იმედი ნამდვილად უნდა ვიქონიოთ, იგივეს ვერ ვიტყვით გორის „დილაზე“, ქუთაისის „ტორპედოზე“ და საჩხერის „ჩიხურაზე“. ეს უკანასკნელი ევროპის თასის დებიუტანტია და საერთაშორისო გამოცდილება არ გააჩნია. გუშინ „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. გორის „დილას“ მომავალი კი კვლავ უცნობია. წესითა და რიგით სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, მაგრამ კლუბის საევროპო შემადგენლობა დღემდე გაურკვეველია.
წინა კვირას ქართულ უმაღლეს ლიგას ბათუმისა და ფოთის გუნდები დაემშვიდობნენ. არის საუბარი რომ ეს განშორება მცირეხნიანი იქნება, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მაღალ დივიზიონში გუნდების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ჩემი პირადი აზრით, ეს გადაწყვეტილება ჩვენი ფეხბურთის განვითარებას არ წაადგება. ამ ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ შეიძლება. სირცხვილია იმ სტადიონების არსებობა რომლებზეც ქართულ კლუბებს ასპარეზობა უწევთ.
წინა კვირის ქართული საფეხბურთო ცხოვრების ერთ-ერთი გმირი ქალბატონი ეკა ბესელია აღმოჩნდა. ბესელია ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ბრძანდება და რასაკვირველია თავისი ამომრჩევლების ინტერესებს იცავს.
„უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვგულშემატკივრობ „კოლხეთს“. ფეხბურთის დიდი მოყვარული გახლავართ და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება, კლუბს გვერდში დავუდგე. სამწუხაროდ, დიდი შანსია, თუ უკვე გადაწყვეტილი არაა, რომ „კოლხეთმა“ უმაღლესი ლიგა დატოვოს. თუმცა მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ მთავარ ლიგაში შესაძლოა დაამატონ გუნდები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ასეთი ტრადიციული კლუბის ქვედა ლიგაში დაქვეითება ავიცილოთ. თან კლუბს 100 წელი უსრულდება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევცვლით სპორტულ შედეგს და ზოგადად პოლიტიკა ვერ ჩაერთვება სპორტში, რადგან ამან, რაც მოგვიტანა წინა ხელისუფლების პირობებში, კარგად გამოჩნდა. ახლა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულები. ამ ორგანიზაციის საქმიანობაში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვერ ჩავერევით, რადგან ეს არ არის პოლიტიკური საქმე, ეს საფეხბურთო ოჯახის გადასაწყვეტია“ - განაცხადა ქალბატონმა დეპუტატმა.
კარგი იქნება თუ პოლიტიკა ამჯერად საფეხბურთო საკითხების გადაწყვეტაში ნამდვილად არ ჩაერევა და ზვიად სიჭინავასა და მის კოლეგებს ზემოდან გამოგზავნილი გარკვეული დირექტივების იძულებითი წესით დამტკიცებას არ მოსთხოვენ.
ჩვენი წერილის მეორე ნახევარი ტრადიციულად, ცნობილი ქართველი სპორტსმენების მოგონებებს დაეთმობა. იმედია დღევანდელ საზეიმო დღეს ეს სახალისო ისტორიები კარგ განწყობას შეგიქმნით.
თამაზ იმნაიშვილი: „არსებობს მოსაზრება, რომ სასტენდო სროლა ნადირობასთან ასოცირდება. 1969 წელს უკვე გამოცდილი მსროლელი მოსკოვში წავედი საასპარეზოდ. პირველად მოვხვდი მწვრთნელებთან ერთად საბანკეტო მაგიდაზე. ძნელია, ვინმემ ბანკეტი სასმელის გარეშე წარმოიდგინოს, მაგრამ მე ხომ სპორტსმენი ვიყავი და მოგეხსენებათ სპორტი და სასმელი ვერ ეგუებიან ერთმანეთს. ამიტომ (ისიც მწვრთნელების თვალწინ) ამას ნამდვილად ვერ გავბედავდი და როგორც იმერლები იტყვიან - „ვიპუწკებოდი“, ანუ სასმელს ამრეზით ვუყურებდი.
სულ რაღაც ერთ საათში შევატყვე, რომ ტყუილად „ვისჯიდი“ თავს. ჩვენმა მწვრთნელებმა ისეთი სადღეგრძელოები გაახურეს, რომ თავად ანდუყაფარის ქორწილში წარმოვიდგინე თავი. არადა, მწვრთნელი კაცი რომ ჭიქას გამოგიწოდებს მომიჭახუნეო, გააწბილებ? არ გააწბილებ! მერე? არ დალევ? დალევ, აბა რას იზამ. ახლა, მწვრთნელი რომ გეტყვის, შენთან ვახტანგური უნდა დავლიოო, გააწბილებ? ვერა, ძმაო!
მოკლედ, სულ მოკლე ხანში სიტყვა - „დისციპლინა“ საერთოდ წაიშალა მეხსიერებიდან - აღარ მახსოვს, ვინ სკამზე დამდგარი ამბობდა გულისამაჩუყებელ სადღეგრძელოებს, ვინ მაგიდაზე ცეკვავდა. ერთი ჩვენი დამწყები სპორტსმენი მაგიდის ქვეშ უვლიდა „ბუქნურს“.
არა, მეგობრებო, ჩემს სპორტს სპორტის არც ერთი სახეობა არ ჯობია. ამიტომ ყველას ვაფრთხილებ, ნასვამი უფრო კარგად ვისვრი და ქორწილში ნუ ამიჭინჭყილდებით. მართალია, იარაღს არ ვატარებ, მაგრამ არც საგნების სროლა გამომივა ურიგოდ, თუ საჭირო გახდა...“
ნინო სალუქვაძე: „ერთხელ დაჭერას გადავურჩი. არ გატყუებთ, ეს ისტორია თბილისში ნამდვილად შემემთხვა. მაშინ ინსტიტუტში ვსწავლობდი და თანაკურსელი ჩემი იარაღის რაოდენობით დაინტერესდა. რასაკვირველია ვუპასუხე, რომ „სტეჩკინისა“ და „პარაბელუმის“ მარკის პისტოლეტები გამაჩნდა.
მეორე თუ მესამე დღეა, გამოვდივარ დილით სახლიდან, ლექციაზე მიმეჩქარება. ვიგრძენი, რომ ვიღაც „საიდუმლოდ“ მომყვება ზურგს უკან. „მდევარი“ მალე დაწინაურდა, მერე მოწყვეტილად შემოტრიალდა და წინ ამესვეტა:
- პოლკოვნიკი ეგაძე - თუ შეიძლება გაჩერდით და პანიკა არ იყოს! გაშიფრული ხართ... წყნარად! საბუთები, თუ შეიძლება.
ამოვიღე ყველანაირი საბუთი. დაიწყო კითხვა და უცებ ხმამაღლა წამოიყვირა:
- თფუუუ... შენი დედა ვატირე, ჰამლეტა შტერო!!!
- რა ბრძანეთ?
- რა ვბრძანე და - იმ შტერმა ჰამლეტამ (აგენტი ჰყოლია) თქვენზე მითხრა, ტერორისტია ეგ ქალი, „სტეჩკინი“, „პარაბელუმი“ და ორი ლიმონკა აქვს ჩანთაშიო. ბოდიში პატივცემულო, ვერ გიცანით სახეზე.
დამიბრუნა საბუთები და „გაქრა“.
რაფაელ ჩიმიშკიანი: „გაბაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი და ვიზრდებოდი, თუმცა დიდი სიმაღლე ვერ გავიზარდე. სამაგიეროდ უბნის სული და გული ვიყავი. მთელი უბნის ბიჭები ჩემით ამაყობდნენ - აბა, რაფო, აქეთ, აბა რაფო, იქით. ძალიან მკვირცხლი და სწრაფი, მოხერხებული ყმაწვილი გახლდით. მეზობლად ერთ მდიდარ კაცს საკუთარი სახლი ჰქონდა ხეხილის ბაღით.
რა ხილი გინდა იქ არ ყოფილიყო. უბნის ბიჭების გულის გასახარად ხშირად მიხდებოდა ამ ბაღში ჩასრიალება. წარმოიდგინეთ, ჩემს მეტი იმ ბაღის ღობეზე გადაძრომას ვერავინ ახერხებდა და ვერ რისკავდა. ბაღს ორი უზარმაზარი ნაგაზი ჰპატრონობდა. მტერი ჩავარდნილიყო მათ ყბებში, მაგრამ უსაშველო ხომ არაფერი არსებობს და ჩვენც უნიკალური გეგმა გვქონდა დამუღამებული:
ჯერ უნდა გვეცლია, ოჯახის წევრები როდის გავიდოდნენ სახლიდან. ეს თითქმის ყოველდღე ხდებოდა. სახლი ძაღლების ამარა რომ დარჩებოდა, მე ჩამაცმევდნენ ყველაზე დიდ „რუბაშკას“, რომ უბეში ბევრი ხილი ჩატეულიყო, შამამიჭერებდნენ ბრტყელ, დიდ ქამარს და დავაი - „ზაბორზე“...
ძაღლები? - მათთვის ძვლები და საცდუნებელი რაღაცეები მოგროვილი ჰქონდათ ბიჭებს, მიიტყუებდნენ ღობის მეორე ბოლოში და დაუწყებდნენ გაჯავრებას. ისინიც, სულელები, თავგამოდებით უყეფდნენ და უყეფდნენ, ამასობაში მე ჩემს საქმეს ვაგვარებდი. ასე მეორდებოდა თითქმის ყოველდღე, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ იმ დალოცვილ ბაღს ხილი არ აკლდებოდა, თითქოს ჯადოსნური ხეებიაო, სულ მუდამ ესხა...
აბა მითხარით, „ზაბორზე“ ამდენი გადაძრომა-გადმოძრომა, მერე ხეზე ასვლა-ჩამოსვლა, ასე ადვილი იყო? ღონე არ უნდოდა? ჰოდა, „ბაღის ვარჯიშები“ ძალიან წამეხმარა კუნთების განვითარებაში.
ჩემს მეზობლად ერთი ცნობილი მსახიობი ცხოვრობდა. ხშირად დამინახავს, როგორ ვარჯიშობდა დილაობით „შტანგით“ აივანზე. რატომღაც მომეწონა ეს პროცედურა, მაგრამ ხათრიანი ვიყავი და პირდაპირ ვერ ვეუბნებოდი, მეც მავარჯიშე-მეთქი. არსებობდა სხვა მუღამებიც: ერთ დღეს მოდის ეს კაცი სახლში და... ეზოდან ხედავს მის აივანზე შტანგით ვვარჯიშობ. თვალებს არ დაუჯერა. მივიდა სახლში, გავიდა „ბალკონზე“ და ფაფუ... მე აღარა ვარ. ასე განმეორდა რამდენჯერმე, მერე იმ კაცმა ჩათვალა, რომ ყველაფერი „ჰალუცინაციის“ ბრალი იყო და ყურადღებას აღარ მაქცევდა“.