24-25 მაისს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ავტომატური შაშხანიდან სროლაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. შეჯიბრი სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის (მუხროვანის) ბაზაზე ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კერესელიძე.
აღნიშნული ღონისძიებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეული ქვედანაყოფიდან ოთხი სამხედრო მოსამსახურე შეირჩა. სულ ჩემპიონატში 10 ქვედანაყოფის ორმოცმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატს სპეციალურად შერჩეული ინსტრუქტორთა ჯგუფი აკვირდებოდა. მონაწილეები კი სრულყოფილად შესრულებული დავალების, სროლის შედეგებით და ასპარეზობის დროის მიხედვით შეფასდნენ.
გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულ ქვედანაყოფებს შესაბამისი სიგელები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ სამხედროებს სიგელთან ერთად ჩემპიონატის თასიც გადაეცათ.
პირველი ადგილის მფლობელი გახდა სპეციალური ოპერაციების ძალები; მეორე ადგილი მე-3 ქვეით ბრიგადას ერგო წილად, ხოლო მესამე ადგილზე სერჟანტთა მომზადების სკოლა გავიდა. ჩემპიონატში ინდივიდუალურ პირველობაში საუკეთესო, 218 ქულით, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების რიგითი კახაბერ კურეტიშვილი გახდა. მასვე ერგო საუკეთესო მსროლელის ტიტული.