უკრაინაში ჩავალთ ის ადამიანები, ვისაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ გვეხება და ვინც შეძლებს, რომ სახელმწიფო პოზიცია გამოხატოს სათანადო დონეზე უკრაინაში , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათი საპარლამენტო, პოლიტიკური გუნდი მზად არის უკრაინაში ჩავიდეს.
"ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ჩვენი და უკრაინის მრავალწლიანი ურყევი მეგობრობის შედეგად არსებობს როგორც ჩვენს, ასევე უკრაინის მხარეს, საქართველო ასრულებდა, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდა და ასე განაგრძობს მომავალშიც.
რაც შეეხება უკრაინაში ვიზიტს, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, სახელისუფლებო გუნდი მზად არის, ჩავიდეს უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოხატოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ასევე გამოთქვას სამძიმარი იმ ტრაგედიის და მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ მედიაში.
გარწმუნებთ, რომ ჩავალთ ის ადამიანები ვისაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ გვეხება და ვინც შეძლებს, რომ სახელმწიფო პოზიცია გამოხატოს სათანადო დონეზე უკრაინაში", - განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, თალაკვაძის თქმით, ის მზად არის სათანადო დროს ჩავიდეს უკრაინაში.
"მას არასდროს, არც წარსულში არც დღეს არ ჰქონია პრობლემა, რომ უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ გამოეხატა მხარდაჭერა. ამაში იგულისხმება მზადყოფნა, რომ სათანადო დროს ჩავიდეს უკრაინაშიც. როცა დაუბრუნდება საპარლამენტო საქმიანობას, თავად გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას. ვინც მას იცნობს პირადად, მას არასოდეს არ ჰქონია და არც მომავალში ექნება პრობლემა, როცა საკუთარი ქვეყნის ინტერესები და საერთაშორისო ვალდებულებები უნდა იყოს გამოხატული, რომ ჩავიდეს თუნდაც ყველაზე რთულ დროს და რთულ ადგილას", - განაცხადა თალაკვაძემ.