აგენტი არ შეიძლება საკუთარ სამშობლოს ემსახურებოდეს, ის ემსახურება იმას, ვინც ფულს უხდის, ვინც "დაავერბოვკა" და დავალებებს აძლევთ. დღეს, ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარი, რომელიც დიდად არ აწუხებდა ამ ხალხს, ვიდრე უკრაინის ომი არ დაიწყო და რუსეთი არ შეიჭრა უკრაინაში, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის სტატიაზე საუბრისას, რომელშიც ჩხიკვაძე ბრიუსელს ზომების მიღებას სთხოვს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სანამ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრა, მანამდე ჩხიკვაძის მსგავსი ადამიანებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მდგომი საოკუპაციო ჯარები და ომში დაღუპული გმირები პრობლემა არ იყო. უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ის, რასაც ვანო ჩხიკვაძე და მთლიანად, აგენტურა აკეთებს, საკუთარი ქვეყნის ღალატია.
„მანამდე არ აწუხებდათ და ზოგი რუსი ბანი იყო, ზოგი რუსეთში დადიოდა და კონცერტებს ატარებდა, ზოგი კულტურული ღონისძიებების ჩატარებას სთხოვდა რუსებს - საქართველოს დაღუპული გმირი მათთვის პრობლემა არ იყო, მაგრამ, უკრაინაში დაიწყო თუ არა ომი, მერე გახდა საშინელება რუსეთი, ისე, რომ მისი ხსენებაც არ შეიძლებოდა და ეკონომიკაში ტურიზმის იმ რგოლის მონაწილეობაზე, ტურისტის ჩამოსვლაზე ყოფილიყო ლაპარაკი, რომელიც ეკონომიკას ასტიმულირებდა, ეს იყო ღალატი, მაგრამ მანამდე თვითონ ეპატიჟებოდნენ. ასეთი ჩხიკვაძეები - აგენტურა, გაბრაზდნენ მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და ქართველი გმირები რომ დაგვიხოცა და აწამა აქ, მაშინ მათთვის არ იყო პრობლემა. ამას ორმაგი სტანდარტი რომ დავარქვა, ესეც რბილ შეფასებად მიმაჩნია, ამიტომ ეს არის მოღალატეობა საკუთარი ქვეყნის, რასაც ეს ხალხი სჩადის ამ მოქმედებით." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.