რა გახდა 24 წლის პატიმრის გარდაცვალების მიზეზი?

რა გახდა 24 წლის პატიმრის გარდაცვალების მიზეზი?

გარდაცვლილი  პატიმრის, 24 წლის ლევან კორტავას ოჯახი სოზარ სუბარის უწყებას, პატიმრის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ პატიმარი ციხის ადმინისტრაციამ აწამა და სახალხო დამცველს თხოვნით მიმართავენ და მოითხოვენ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას. გარდაცვლილი პატიმრის მამიდა ამტკიცებს, რომ მისი ძმიშვილი სასტიკად ნაწამებია და ოჯახი დარწმუნებულია, რომ იგი არა პატიმრებმა, არამედ ციხის ადმინისტრაციამ აწამა.

„არავითარი კიბიდან დაგორებული და პატიმრების ნაცემი არ არის. იქაური რეჟიმის მსხვერპლია. სამინისტრო ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მოკლეს და ნუ იტყუებიან. მას სხეულის თითქმის ყველა ნაწილი დაშავებული აქვს.

სასტიკადაა ნაწამები. წყლიანი ბოთლებით არის ნაცემი. რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის ხდება ახლაც, არაფერი შეცვლილა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვართ, ოჯახს არაფრის საშუალება არ აქვს. ვთხოვთ სახალხო დამცველს, რომ დაგვეხმაროს“, - აცხადებს გარდაცვლილის მამიდა ხათუნა კორტავა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრეს-სპიკერი ირაკლი კორძაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და გამოძიების პასუხი მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. რაც შეეხება სამინისტროს მხრიდან, პატიმრის გარდაცვალებაზე გავრცელებულ განცხადებას, სადაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად კიბიდან დაგორებაა დასახელებული, კორძაია განმარტავს, რომ განცხადების გაკეთება დაწესებულების პატიმრებისა და ერთ-ერთი ექიმის ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა. 

მეორე ვერსია კი, სადაც გარდაცვალების წინასწარ ვერსიად პატიმრებს შორის კონფლიქტია დასახელებული, კორძაიას თქმით, გამოძიების ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა. 

„გარდაცვალების მიზეზი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. როდესაც გამოძიება დაიწყო პატიმრები აცხადებდნენ ვერსიას, რომ ეს იყო კიბიდან ჩამოვარდნის შედეგი, ანუ სხეულის დაზიანება მიიღო კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად. ეს პატიმრების ვერსიაა. გამოძიებას იმიტომ ჰქვია გამოძიება, რომ მაქსიმალურად უნდა გამოიძის ეს საქმე.

გამოძიებას აქვს პირველადი ინფორმაცია, რომ სხეულის დაზიანება, რამაც გამოიწვია ეს ტრაგედია, მოხდა პატიმრებს შორის კონფლიქტის შედეგად. გამოძიებამ ყველა ვერსია უნდა მოისმინოს და მერე ანალიზის შედეგად დაადგინოს ჭეშმარიტება. გამოძიება მიმდინარეობს და თუ გამოიკვეთა რომელიმე თანამშრომლის ბრალეულობა, უმკაცრესად იქნება დასჯილი“, - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

პატიმრის გარდაცვალების გარემოებების შესწავლას აწარმოებს სახალხო დამცველი.  2013 წლის 16 მაისს გეგუთის 14 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულები, რომლებიც გაესაუბრნენ მსჯავრდებულებს და სამედიცინო პერსონალს, ასევე დაათვალიერეს დაწესებულების ტრავმების ჟურნალი, სადაც მითითებულია, რომ ლევან კორტავა სამედიცინო ნაწილში გადმოიყვანეს დაწესებულების მე-6 კორპუსიდან 2013 წლის 12 მაისს, 22.50 სთ-ზე. მას აღენიშნებოდა თვალბუდის და შუბლის არეში დაჟეჟილობა სისხლდენის გარეშე. ცნობიერება დაბინდული, კითხვებზე არ რეაგირებდა. სავარაუდო დიაგნოზი - თავის ტრავმა.

„მედპერსონალის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მსჯავრდებულს ადგილზე აღმოეჩინა პირველადი დახმარება, გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ლევან კორტავა  გადაიყვანა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და მთავარ პროკურატურას და მოითხოვა დეტალური ინფორმაცია მომხდარი ინციდენტისა და მიმდინარე გამოძიების თაობაზე, კერძოდ, რა გარემოებებში და ვისი თანდასწრებით მოხდა ინციდენტი, არის თუ არა დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის/პირების მიერ, რა კითხვები დაისვა გამოძიების მიერ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე.

„როგორც გეგუთის 14 დაწესებულებიდან, ისე ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წლის 24 მაისს გამოითხოვა ლევან კორტავას სამედიცინო დოკუმენტაციისა და ჩანაწერების ასლები. სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან კი, ასევე 2013 წლის 24 მაისს გამოთხოვილ იქნა ვიდეოკამერების ჩანაწერების ასლები, რომლებიც ასახავს ლევან კორტავას გადაადგილებას 14 დაწესებულების ტერიტორიაზე, დაწესებულებაში შესვლიდან მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე“, - აცხადებს ომბუდსმენი.

პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტზე დამოუკიდებელ მოკვლევას განახორციელებს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტი. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პარალელურად კომიტეტი კონტროლს განახორციელებს პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე.

„არ მჯერა ვერსიის, რომ პატიმარს ფიზიკური დაზიანებები კიბეზე დაგორებით მიადგა. მომხდარზე უამრავი კითხვა არსებობს და კომიტეტს დამოუკიდებელი მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს. გარდაცვალებამდე მის სანახავად საავადმყოფოში ვიყავი, სადაც ექიმებმა განმარტეს, რომ მდგომარეობა უიმედო იყო. კომიტეტი ამ ადამიანის საქმეზე უკვე მუშაობდა. 2 რეკომენდაცია გვქონდა გადაგზავნილი.

პატიმარი და მისი ოჯახი განაჩენის კანონიერებას აყენებდნენ ეჭვქვეშ და ჩვენ მოგვმართეს.

ერთი რეკომენდაცია გაგზავნილი გვქონდა მთავარ პროკურორთან, მეორე რეკომენდაცია პატიმრისთვის მკურნალობის ჩატარებაზე გვქონდა გაგზავნილი. გარდაცვლილი ძალიან გაჭირვებულ ოჯახშია გაზრდილი.

პატიმარმა გეგუთის კოლონიაში გადმოყვანისთანავე მძიმე დაზიანებები მიიღო და გადაიყვანეს საავადმყოფოში. ყოველ დღე ვამოწმებდით მის მდგომარეობას, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. საავადმყოფოში ვიყავი და ექიმსაც ველაპარაკე და ოჯახის წევრებსაც. ექიმები ამბობდნენ, რომ იყო უიმედო მდგომარეობა,“ - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, იგი გეგუთის კოლონიის ხელმძღვანელსაც ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მომხდარის დეტალები არ იცის. 

„კოლონიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ პატიმარი რამდენიმე საათის შემოყვანილი იყო კოლონიაში, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, თუმცა ვერ აკონკრეტებს რა მოხდა. ამიტომაც მე მიჩნდება ძალიან ბევრი კითხვა. ამის თაობაზე ვესაუბრე როგორც მინისტრს, ასევე დაწესებულების ხელმძღვანელებს და მიმაჩნია, რომ ამ ფაქტზე უნდა ჩატარდეს გამოძიება. ჩვენ ვახორციელებთ ამ საქმეზე კონტროლს. სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია ასეთი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება. უმძიმესი შემთხვევაა და შეძრული ვარ მომხდარი ფაქტით“, - აცხადებს ეკა ბესელია.

ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მისი ინფორმაციით ლევან კორტავას გარდაცვალების მიზეზი პატიმრებს შორის მომხდარმა ჩხუბმა გამოიწვია.

„ციხეში სასიკეთო ცვლილებები მოხდა. აღარ არის წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა, მაგრამ ადმინისტრაცია უნდა აკონტროლებდეს იქ სიტუაციას, ასეთ ფაქტებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი და მითუმეტეს, როდესაც ადამიანი ეწირება იმას, რომ ადმინისტრაცია ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. აუცილებლად, ამაზე ყურადღება უნდა  იქნას გამახვილებული.

უნდა მოხდეს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც, არ იმოქმედა სათანადოდ და თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო იმას, რომ ასეთი შედეგით დასრულდა პატიმრებს შორის დაპირისპირება. მე მგონია, რომ ამას სჭირდება სერიოზული გამოძიება, რა იყო მიზეზი იმისა, რომ ადმინისტრაციამ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გაიგო ის, რომ პატიმრებს შორის ხდებოდა ასეთი ანგარისწორება,“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.

უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილის განმარტებით, ადმინისტრაციის მთელი პასუხისმგებლობა  სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არ დაუშვან პატიმრებს შორის დაპირისპირება.

„კონკრეტული პასუხისმგებელი პირი უნდა გამოიკვეთოს და შესაბამისად უნდა დაისაჯოს. პატიმარი იქნება ეს თუ ადმინისტრაციის თანამშრომელი. სხვა შემთხვევაში გაგრძელდება ეს ტრადიცია და იქნება ეს ცემა, კიბიდან დაგორება, რაც ნაკლებად სავარაუდოა. აქიდან გამომდინარე, ეს არის სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხი. მათ თავიდან ბოლომდე დეტალურად უნდა გამოიძიონ ეს საკითხი. მიზეზი უნდა იყოს მკაფიოდ და ნათლად ნათქვამი და არა დღეს ერთი, ხვალ მეორე და ზეგ მესამე.

ადმინისტრაციის მთელი პასუხისმგებლობა სწორედ იმაშია, რომ ეს არ უნდა დაუშვან. მე ვერ ვიტყვი, რომ ყველგან, მასობრივად არის მოდებული და ყველგან ახერხებენ ამას პატიმრები, მაგრამ ვერც იმას ვიტვი, რომ ეს აღკვეთილია. არის ამის ტენდენციები, ამის ნიშნები არის ცალკეულ დაწესებულებებში.

გაორმაგებული ენერგია უნდა მიმართოს ადმინისტრაციამ, რომ ეს თავშივე აღკვეთოს, თორემ ეს ძალიან საშიშ სახეს მიიღებს. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ადმინისტრაცია ამ მხრივ მუშაობას ატარებს. რამდენად საკმარისია, ეს სხვა საკითხია. ციხეში მდგომარეობას ე.წ. „პალაჟენიას“  უნდა ამყარებდეს ადმინისტრაცია და არა პატიმარი, ეს არის უდაო და ამას აუცილებლად უნდა მიაღწიოს ადმინისტრაციამ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილმა.