უგულავას წინააღმდეგ პროკურატურაში საკრებულოს წევრი მასალებს აგზავნის

უგულავას წინააღმდეგ პროკურატურაში საკრებულოს წევრი მასალებს აგზავნის

თბილისის მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ პროკურატურაში კიდევ ერთი საქმე შედის. ამის შესახებ for.ge-ს პრეს-კლუბში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ გააკეთა განცხადება. საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ ვაკის პარკის ტერიტორიის გასხვისებას.

ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ 2002-2007 წლებისთვის ვაკის პარკის ტერიტორიის საერთო მოცულობა 99%-ს შეადგენდა, ხოლო 2007 წლიდან პარკის ტერიტორიის 30% გასხვისდა და დღეს ვაკის პარკის საკუთრებაში არსებული ტერიტორია მისი თავდაპირველი მოცულობის მხოლოდ 65%-ს შეადგენს. გაბუნიას თქმით, ამ პროცესს თბილისის მერი, გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა. აქვე საკრებულოს დეპუტატი განმარტავს, რომ ამ 30% ტერიტორიის ნაწილის გასხვისება არავითარ კითხვებს არ აჩენს, თუმცა მეორე ნაწილში ჩანს ბევრი საეჭვო გარიგების ნიშნები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ტერიტორიის გასხვისება კომერციულ ობიექტებზე ხდებოდა.

„მიწის ნაკვეთები იყიდებოდა რეალურ ფასზე უფრო ძვირად, ან მეორე მხრივ, ძალიან იაფად. არის ასევე შემთხვევები, როდესაც ამ ტერიტორიების მყიდველი მოგვიანებით მიწას ისევ უბრუნებდა თბილისის მერიას, აბსოლუტურად უსასყიდლოდ. ბუნებრივია, ასეთი ფაქტები იწვევს ძალიან ბევრ კითხვებს. ამასთანავე, დარღვეულია კანონი, რადგან რეკრეაციული ზონების გასხვისება, მით უმეტეს კომერციულ ობიექტებზე, არის დაუშვებელი და უკანონო. ამიტომ ამ საეჭვო გარიგებების მთელი რიგი მონაცემების გამოძიებას მე აუცილებლად მივიჩნევ. საჭიროა დადგინდეს ამ პროცესში თბილისის მერიის ხელმძღვანელობის როლი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონი უგულავასი“, - აცხადებს ზაზა გაბუნია.

მისი თქმით, ბევრი ფაქტი ადასტურებს, რომ სახეზეა საეჭვო გარიგებები, თუმცა ასეთი ფაქტების არსებობა საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაადასტურონ. სწორედ ამიტომ, გაბუნია აპირებს, რომ ყველა მონაცემები, რაც მას ხელთ აქვს (მათ შორის ცალკეულ მესაკუთრეებთან დაკავშირებული ინფორმაცია), შესასწავლად გადასცეს პროკურატურას, რათა დადგინდეს რამდენად კანონიერად მოხდა თბილისის რეკრეაციული ზონების გასხვისება. საკრებულოს დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი დასკვნა არსებობდეს.

ზაზა გაბუნიას თქმით, მას აქვს იმ ფიზიკური პირების, თუ კერძო კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ვაკის პარკის ტერიტორიის მესაკუთრეები გახდნენ, თუმცა ამ ეტაპზე მათი ვინაობის დასახელებისგან საკრებულოს დეპუტატი თავს იკავებს. გაბუნია განმარტავს, რომ მისი, როგორც საკრებულოს წევრის ამოცანა არის არა ამ ადამიანების ვინაობის განსაჯაროება, არამედ იმის გარკვევა, თუ რა წვლილი მიუძღვის ამ ტერიტორიების კანონდარღვევით გასხვისებაში თბილისის მერიას.

„ზედაპირზე იმისათვის საკმარისი ფაქტები დევს, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყოს. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო კლუბ „სენატისა“ და რესტორან „სენატის“ შენობები, რომლებიც პირდაპირ შეჭრილია რეკრეაციულ ზონაში. ეს ძალიან საინტერესო შემთხვევაა, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არავითარი პრეტენზია არ მაქვს „სენატის“ ხელმძღვანელობასთან. მე აქ ვხედავ უგულავას ფინანსურ ინტერესებს და ამ ინტერესების კვალდაკვალ მოხდა მათ შორის გარიგებაც, მაგრამ რა სახის იყო ეს გარიგება, უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, - ამბობს საკრებულოს დეპუტატი.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ამ პროცესს არა მხოლოდ ფინანსური მაქინაციების სუნი სდის, არამედ ასევე დაირღვა კანონმდებლობაც გამწვანებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. გაბუნიას განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მინიმუმ 11 კვ. მეტრი გამწვანებული ტერიტორია უნდა მოდიოდეს, ხოლო მას შემდეგ, რაც თბილისში დაიწყო რეკრეაციული ზონების გასხვისება (არა მხოლოდ ვაკის პარკის, არამედ დიღმის ტყეპარკის, მზიურის და ა.შ.), ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორია 5.6 კვ. მეტრს შეადგენს, რაც გაბუნიას თქმით, კატასტროფული მაჩვენებელია. გაბუნია განმარტავს, რომ ფინანსური მაქინაციების თემაზეა ფოკუსირებული, მაგრამ ეს კომპლექსური საკითხია, რადგან საბოლოო ჯამში, რეკრეაციული ტერიტორიები დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას იწვევს და ამიტომ ამ თემების ერთმანეთისგან გამიჯვნა არ შეიძლება.

„აქვე აღვნიშნავ, ჩემი მიზანი არ არის, რომელიმე კერძო მესაკუთრე თავის მართლების პოზიციაში ჩავაყენო, რადგან კერძო მესაკუთრე ვერაფერს შეძლებდა, რომ არ ყოფილიყო თბილისის მერიის ინტერესი და პოლიტიკა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მეორდება იგივე პოლიტიკა, რაც რიყის შემთხვევაში მოხდა. კერძოდ, მოგეხსენებათ, რიყის ტერიტორია ჯერ გასხვისდა, ხოლო შემდეგ თბილისის მერიამ იგი ისევ გამოისყიდა, ოღონდ ბევრად გაბერილ ფასში. ასევე იყო ტერიტორიის სახელმწიფოსთვის ჩუქების ფაქტები. ზუსტად იგივე სქემა მოქმედებდა ვაკის პარკის ტერიტორიის შემთხვევაშიც“, - ამბობს ზაზა გაბუნია.

მისი თქმით, მისი დღევანდელი განცხადება შესაძლებელია პრევენციულადაც ჩაითვალოს, რადგან არსებობს იმის საფრთხე, რომ რეკრეაციული ზონების გასხვისების პროცესი გაგრძელდეს. ამასთანავე, საკრებულოს წევრი აპირებს, რომ ვაკის პარკის შემდეგ თბილისის სხვა რეკრეაციულ ზონების გასხვისებაზეც ისაუბროს. ამის მაგალითად გაბუნიას მოჰყავს დიღმის ტყეპარკი.

„მას შემდეგ, რაც დაიწყო დიღმის ტყეპარკის გასხვისება და ამას ადგილობრივი მოსახლეობის სერიოზული პროტესტი მოჰყვა, ტერიტორიის შემძენებმა მიწის დაბრუნება დაიწყეს. თავისთავად ეს ფაქტი ბევრ კითხვებს აჩენს, რადგან თუ კეთილსინდისიერი მყიდველი ხარ, ამ ტერიტორიაში ფული გაქვს გადახდილი და თბილისის მერიასთან რაიმე ინტერესი არ გაქვს, რატომ უნდა დაუბრუნო ის თბილისის მერიას? ცხადია აქ სხვა რაღაცაში იყო საქმე, თუმცა რა თქმა უნდა, მე ამ ფაქტებს სისხლის სამართლის კვალიფიკაციას ვერ მივცემ. ეს გამოძიებამ უნდა გააკეთოს“, - აღიშნავს გაბუნია.