მატროსოვის ბინადრები

მატროსოვის ბინადრები

ბაჩანა ახალაია და ივანე მერაბიშვილი მატროსოვის ციხის ბინადრები გახდნენ. ვინ გახდება შემდეგი, ამაზე არჩილ კბილაშვილის უწყებაში ზრუნავენ. მთავარ პროკურატურაში ელიტარული კორუფციის ფაქტების გამოძიება მიმდინარეობს და არაა გამორიცხული, უახლოეს დღეებში, რამდენიმე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე გახსნილად გამოცხადდეს. For.ge-ს ინფორმაციით მთავარმა პროკურატურამ უშიშროების საბჭოს ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა, რომელიც საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების საკითხს ეხება, დაასრულა.

საქმე ეხება უშიშროების საბჭოს მიერ ლობისტური კომპანიებისთვის მილონობით ლარის გადარიცხვას. აღსანიშნავია, რომ თანხების ამ ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ ედო. უშიშროების საბჭოს მდივანი თვლის, ბრალდებები ბუნდოვანი და უსაფუძვლოა. პოლიტოლოგი, სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ უშიშროების საბჭოს მდივანმა აშშ-დან ხელშეუხებლობის გარანტია ჩამოიტანოს.

„არ გამოვრიცხავ, რომ ბატონმა ბოკერიამ რაიმე ინდულგენცია წერილობითი თუ ზეპირი, ჩამოიტანოს აშშ-დან და იგი ასცდეს რაიმე ტიპის სასჯელს. იქნება თუ არა ეს მისაღები საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვის, ამას მომავალი გვაჩვენებს. არა მგონია, რომ პირადი სიმდიდრის დაგროვებისთვის დასჭირვებოდა ეს თანხები უშიშროების საბჭოს მდივანს.

რასაკვირველია, ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. თუკი გაანალიზებს პროკურატურა თავად, რამდენად მაღალია დღეს მისი პასუხისმგებლობა, რადგან ერთ საქმეშიც კი რაიმე ნაკლები დამაჯერებლობა საკუთარი პოზიციისა, იქნება მაკოპრომიტირებელი მთლიანად ამ სისტემისთვის. სიდინჯეა საჭირო, მაგრამ მაინცდამაინც ისე ნუ ვიზამთ, რომ ველოდოთ ვიღაცის ცოცხს და მხოლოდ ამის შემდეგ ამოვიღოთ ხმა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი მამუკა არეშიძე კი არ გამორიცხავს, რომ ახალაიას და მერაბიშვილის შემდეგ მატროსოვზე ბინა თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაიდოს. არეშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მერაბიშვილის და უგულავას დაკითხვა თანაბარ რეჟიმში მიმდინარეობდა, შესაბამისად არ გამორიცხავს, რომ გიგი უგულავა დააკაონ. უგულავას დანაშაულები უფრო ეკონომიკური ხასიათისაა.

„არ მგონია, რომ მასიური დაპატიმრებები მოხდება. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იქნება პროცესი, რომელიც დაფუძნებული იქნება რეალურ და ღრმა საბრალდებო ფაქტების გახმაურებაზე. ამას კამპანიური ხასიათი რომ არ უნდა ჰქონდეს, ამაში ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს. მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია ესა თუ ის ფიგურა, არ შეიძლება მისი დაპატიმრება.

მაგრამ საქმე ისაა, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებით გაჩნდა უამრავი მამხილებელი ფაქტები, ქალაქის ბიუჯეტის არაკანონიერად განკარგვასთან დაკავშირებით. იგივე - ტენდერები, ე.წ. ატკატები. აქ ლაპარაკია ეკონომიკურ დანაშაულზე. ვანო მერაბიშვილის დაკავების თავი და თავი იყო ეკონომიკური დანაშაული, ამის შემდეგ იყო ქონების უკანონოდ წართმევის საქმე.

ასეთი ფაქტები უამრავია. ქონების უკანონო წართმევასთან ასოცირდება იგივე გიგი უგულავა და ასეთი უამრავი ფაქტია. სასამართლო დაგაწყვეტილების გარეშე რომ ხდებოდა სახლების დანგრევა, და რაც მთავარია, ეს ხდებოდა აბსოლუტურად ცინიკურად, ყოველგვარი სამართლის გარეშე,“ - აცხადებს მამუკა არეშიძე.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას გამოძიებამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დასდო ბრალი. გამოძიების მტკიცებით, უგულავას მიერ მითვისებულმა თანხამ 20 მილიონი ლარი შეადგინა. უგულავას წინააღმდეგ სს-ს საქმე 194-ე და 182-ე მუხლებით აღიძრა, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

გარდა ამისა, გიგი უგულავას ბრალად ედება საბიუჯეტო თანხების გამოყენებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის დაფინანსება. პარტიის აქტივისტებისთვის ფულის დარიგების მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფში“ სპეციალურად შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც 764 აქტივისტი - პარტიული კოორდინატორები გაფორმდნენ. გამოძიების მტკიცებით, ამ სამსახურში არც ერთ მათგანს არ უმუშავიათ, მაგრამ დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან, ხელფასის სახით 4 მილიონ 130.728 ლარი დაერიცხათ.

პროკურატურამ სასამართლო პროცესზე უგულავასთვის გირაოს სახით მილიონი ლარის შეფარდება მოითხოვა.  გარდა ამისა, პროკურატურა ითხოვდა უგულავასთვის საზღვარგარეთ გასვლის უფლების შეჩერებას და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადებას. თუმცა სასამართლომ ბრალდების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გამოძიება გიგი უგულავას საქმიანობის შესწავლას აგრძელებს. გამოძიება ამჯერად მერიაში გამოცხადებული ტენდერების საქმეს სწავლობს. შესაბამისად, პროკურატურა არ გამორიცხვას, რომ თბილისის მერს ახალი ბრალდება წარუდგინონ. 

თბილისის მერი აცხადებს, რომ არავინ გაქცევას არ აპირებს და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ რეალური პრობლემები მოაგვაროს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. 

„ყველანი ჩამოვლენ,  ვინც საჭიროა, არავინ გაქცევას არ აპირებს. თუკი თავისუფლების გზა გადის ციხეზე, დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა, ზეგ შეიძლება მეც ვიყო, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ბევრად უფრო მეტი გამოწვევისთვის გაგვიძლია და შესაბამისად, ციხე იმასთან შედარებით აბსოლუტურად არაფერი არ არის“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამობობს, რომ თითოეულმა მაღალჩინოსანმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარპაშის პერიოდში  ყელყელაობდა, ყველაზე უკეთ იცის რა არის საკუთარი დანაშაული.

„ციხე, როგორიც დღეს არის, მათ დროინდელ ციხესთან შედარებით არის კურორტი და ამიტომ, ასეთ კურორტზე დასვენება არ გაუჭირდება არავის.  მათ შორის ვგულისხმობ ქალაქის მერს, მინისტრებს, თუნდაც უშიშროების საბჭოს ხელემძღვანელებს, რომლებიც ასოცირდებიან კრიმინალთან და ფინანსურ უკანონობასთან.

დასავლეთშიც კარგად გაიგეს რაშია საქმე და აღარ იქნება საჭირო ახსნა ქართული საზოგადოებისთვის, რომ დადგეს არჩევანის წინაშე სამართლიანობა თუ ევროკავშირი, სამართლიანობა თუ ნატო.

ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ქვეყანა განვითარდება მშვენივრად. იმ ბატონებს, რომლებსაც კომფორტი მოელით ციხეში, შეეძლებათ ძალიან საინტერესო მემუარები წერონ და მოინანიონ ის გზა, რომელმაც მათ უბიძგეს პატიმრობისკენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ყველა ის პირი, ვინც დანაშაულებრივ ქმედებებში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, ბიუჯეტიდან თანხის მოპარვა, ქონების წართმევა, ხალხის შევიწროება, ეს ის დანაშაულია, რომელთა ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ.

„ყველაფერი გამყარებული უნდა იქნეს სერიოზული არგუმენტებით და ფაქტებით. გიგი უგულავა იქნება, ბოკერია, პრეზიდენტი იქნება თუ აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე წევრი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, კანონის წინაშე ყველა თანაბარია. აუცილებლად უნდა გამკაცრდეს მონიტორინგი იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს ახალმა ხელისუფლებამ თანამდებობებზე დანიშნა, მაგრამ არა აქვს სუფთა ბიოგრაფია და ასეთ სიბინძურეებში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ჯერჯერობით არ დავასახელებ გვარს, ძალიან სერიოზული ინფორმაცია მომაწოდეს ერთ-ერთი მინისტრის მოადგილეზე, რომელიც 2008 წელს დაითხოვა წინა ხელისუფლებამ თავისი რიგებიდან და დღეს მინისტრის მოადგილეა. როგორც ჩანს, რეპრესირებულად და დაჩაგრულად წარმოუდგინა  თავი.

ამ ადამიანის გვარი კორუფციულ დანაშაულში ფიგურირებს, ზუსტად ისეთში, როგორც ყოფილი ჩინოვნიკების. აქაც ადამიანის შევიწროვებაზე და ქონების წართმევაზეა ლაპარაკი. თუმცა მასშტაბები განსხვავებულია. ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო, ძალიან სერიოზული ჩინოვნიკური დისციპლინა უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.