ეკა მათიაშვილი: ჩემდამი აგრესია არც დაუმალავთ [ვიდეო]

ეკა მათიაშვილი: ჩემდამი აგრესია არც დაუმალავთ [ვიდეო]

„საქართველოში კაცებს უკვე იმის გამო იჭერენ, რომ ვიღაც ქალს ხელს დაარტყამს, ის კი წაქცეულს ხელს შეაშველებს“, - ამბობს ეკა მათიაშვილი. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანთა შიმშილობის აქციის დაშლის დროს ძალოვანთა ხელით დაზარალდა. “ქართული პარტიის” ისნის რაიონული ორგანიზაციის ხელმღვანელი აღნიშნავს, რომ მისი მეუღლეც ვეტერანია და აქციის მონაწილეების გასამხნევებლად დიდების მემორიალთან 27 დეკემბრის შემდეგ ყოველდღე მიდიოდნენ. 

მათიაშვილის განცხადებით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქციის მონაწილეების მიმართ არავის არანაირი აგრესია არ გამოუხატავს. სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც გმირთა მოედანზე პრეზიდენტის ესკორტმა ჩაიარა. 

გამომძიებელს, რომელსაც ფაქტის გამოძიება დაევალა დაზარალებული ჯერ არ დაუკითხავს. თუმცა, მოშიმშილე ვეტერანების დარბევის ამსახველი კადრებისა და ფოტოსურათების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ამოიცნეს ძალოვანი, რომლის წყალობითაც ეკა მათიაშვილი დაზარალდა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 27 წლის ოთარ გვენეტაძეა. 

მოხმდარის შესახებ პრესაგე.ტვ ეკა მათიაშვილს ესაუბრა. 

აქციის მონაწილეების მისამართით სახელისუფლებო უმრავლესობის მხრიდან დღეს გაისმა ბრალდებები, რომ ისინი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს  აბინძურებდნენ.

– მოშიმშილეებს იდეალური სისუფთავე ჰქონდათ, რომ ვინმეს რაიმე ზედმეტი არ ეთქვა. ახალი წლის ღამეს მეც და ჩემი მეუღლეც მათთან ერთად შევხვდით. ხალხიც ბევრი იყო. მათ შორის - რამდენიმე პოლიტიკური ძალის ლიდერი. 

სამართალდამცველები სულ ერთხელ მივიდნენ მოშიმშილეებთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ჰკითხეს, რაიმე ხომ არ გჭირდებათო. 

3 იანვარსაც ვაპირებდი მისვლას, საღამო ხანს. 4 საათი ხდებოდა, როდესაც ჩემს მეუღლეს დაურეკეს და უთხრეს, გვყრიან, დაახლოებით 400-მდე პოლიციელია მოსული, დიდი საბარგო მანქანაც მოიყვანეს ჩვენი ნივთების წასაღებადო. გმირთა მოედანთან რომ მივედი, შეხლა-შემოხლა უკვე დაწყებული იყო. საცობში მოვყევი. ბოლოს მანქანის გაჩერება მოვახერხე. სირბილით წამოვედი მემორიალისკენ. ძლივს მოვახერხე ძალოვანების კორდონის მიღმა მოხვედრა. ერთ-ერთ მოშიმშილეს, მალხაზ თოფურიას ურტყამდნენ. ვცადე დახმარებოდი, ძალოვანებს მივმართე - კაცს 7 დღეა საჭმელი არ უჭამია და როგორ ურტყამთ მეთქი.

ჩემდამი აგრესია არც დაუმალავთ, დაიძახეს, მოდით ბიჭებო აბა, მივაწექით ყველანი ერთადო. 

ძალოვანებიდან ფორმა ყველას ეცვა?

– გარედან წრე ფორმიანებს ჰქონდათ დარტყმული, თუმცა როდესაც კორდონს შიგნით აღმოვჩნდი, უფრო მეტად უფორმო “ზონდერები” იყვნენ. დავინახე და ვესაუბრე კიდევაც თბილისის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს. ეს ნიშნავს, რომ კუდ-იც იქ იყო. ცდილობდნენ ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე ჩვენს გადაყრას. საპატრულო პოლიციის მანქანას მივეჯახე. ერთ-ერთმა მკლავში დამარტყა ხელი. წამოდგომა რომ მოვახერხე, მივუტრიალდი - რას მირტყამ მეთქი. კადრებში ჩანს, ვინც მე დამარტყა ის, რამდენიმე ნაბიჯს დგამს და ისე მოდის, რომ სწორედ ჩემთვის დასარტყმელად ემზადება. მალხაზ თოფურიამ შემაშველა ხელი. გადამეფარა და დაიყვირა - გოგოს რომელმა დაარტყითო. 

აღნიშნეთ, კადრებიდან ჩანს, ვინც დამარტყა, შემთხვევით არ მოქცეულა ასე, ზანში ვყავდი ამოღებულიო. რაში სჭირდებოდათ ეს?

- ვფიქრობ, მიზანი მოშიმშილეების და აქციის მონაწილეების პროვოცირება იყო. მოშიმშილეების დაჭერა უნდოდათ. თუმცა, ბიჭებმა თავის შეკავება მოახერხეს და პროვოკაციას არ აყვნენ. როგორც კი თოფურიამ თქვა, გოგოს რომელმა დაარტყით ხელიო, იმ წუთსვე ხელები ამოუგრიხეს და მანქანაში ჩატენეს. 

მედიაში უკვე გაჩნდა შეფასებები, რომ მოშიმშილე ვეტერანები გარკვეული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წაქეზებით მოქმედებდნენ. განსაკუთრებით იმ განცხადებების შემდეგ, რომელიც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გააკეთეს...

- მხარდამჭერ განცხადებებს ესენი წაქეზებას არქმევენ. საქართველოში კაცებს უკვე იმის გამო იჭერენ, რომ ვიღაც ქალს ხელს დაარტყამს, ის კი წაქცეულ ქალს ხელს შეაშველებს. 

მომხდარის გამო, 4 იანვარს დაკავებულთათვის სასჯელის შეფარდების საკითხი განხილვისას, სასამართლო პროცესზე თქვენ მოწმის სტატუსით ხომ დაიკითხეთ?

– მოწმის სახით მე და ირაკლი ბათიაშვილი დაგვკითხეს. თუმცა, ჩვენს ჩვენებას გადაწყვეტილებაზე არ უმოქმედია. ის წინასწარ იყო გამოტანილი, ჩვენი ჩვენება მხოლოდ ფორმალურად გაატარეს ოქმში. როდესაც ვსაუბრობდი, მოსამართლემ ისეთი სახე მიიღო, თითქოს პირველად გაიგო ჩემი ცემის ფაქტი და აღშფოთებული სახით შემომხედა. 

როგორც დაზარალებული, პროკურატურას თუ მიმართავთ?

– პროკურატურაში განცხადებას 5 იანვარს შევიტან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გაჩერებას არ აპირებთ და მომხდარზე სამართლებრივ რეაგირებას აუცილებლად მოვითხოვთ. 

აქციაზე მიღებული დაზიანებების შემდეგ, რომელიც საავადმყოფოში მედიკოსებმაც დააფიქსირეს, ამ ფაქტით სამართალდამცველები თუ დაინტერესდნენ?

– 3 იანვარს, ღამის თორმეტის ნახევარზე დამირეკა ვიღაცამ. მითხრა გამომძიებელი მაღრაძე ვარ და სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთ ორთაჭალაში. საავადმყოფოდან მივიღეთ შეტყობინება და ჩვენება უნდა ჩამოგართვათო. ვუპასუხე, დაზარალებული ვარ, სერიოზული ტრავმა მივიღე და ლოგინიდან ნამდვილად ვერ ავდგები მეთქი. დაჟინებით მოითხოვდა ორთაჭალაში ჩავსულიყავი. ჩემი შეთავაზება, რომ თავად მოსულიყო ჩემთან, როგორც დაზარალებულთან და მე მზად ვიყავი ჩვენების მისაცემად, არაფრად ჩააგდო. განმიცხადა, მე ძალიან ბევრი საქმე მაქვს და არ მცალია იმისთვის, რომ ხვალ თქვენ დრო დაგითმოთო.