ნაბახუსევს მოშიმშილესი არ ესმის

ნაბახუსევს მოშიმშილესი არ ესმის

[თათია კობიძე]

ყოველი ახალი წლის შემდეგ სკოლაში თავისუფალ თემას გვაწერინებდნენ: „როგორ გავატარე ზამთრის არდადეგები“.  ჩვენც დიდი სიხარულით ვწერდით რა გავაკეთეთ, როგორ გავერთეთ, სად ვიყავით, რა გვაჩუქა თოვლის ბაბუამ და ა.შ. მოკლედ ვყვებოდით ჩვენს შთაბეჭდილებებზე.

წელს რომ ასეთი თემის დაწერა დაევალებინა ვინმეს, რას დაწერდით? თქვენი არ ვიცი და მე პირადად, მიხარია, რომ სკოლაში აღარ დავდივარ და ასეთი თემის დაწერას არავინ დამავალებს, თორემ ნამდვილად გამიჭირდებოდა ერთდროულად არსებული ორი რეალობის აღწერა.

როგორც ყოველთვის, თბილისის ქუჩები ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მორთეს. თბილისის ყველა ცენტრალური ქუჩაზე  ვერცხლისფერი და ოქროსფერი განათებები დაამონატაჟეს. წინასაახალწლო გარემო შეიქმნა, მაგრამ განწყობა - ვერა. არ ვიცი მხოლოდ ჩემ გარშემო იყვნენ ასეთი უხალისო ადამიანები თუ რა მოხდა, მაგრამ მე პირადად ვისაც ვკითხე ახალ წელს რას აპირებ-მეთქი. განსაკუთრებულს არაფერსო - ყველამ ასე მიპასუხა.

თუმცა, ახალი წლის განსაკუთრებულად აღმნიშვნელი ადამიანებიც მალევე გამოჩნდნენ. ერთნი,  ახალ წელს ბათუმში ანდრეა ბოჩელის კონცერტზე წავიდნენ და მეორენი,   ქუჩაში, გმირთა მოედანზე, შიმშილით შეხვდნენ.

მაშინ, როდესაც ქართული ელიტა ბათუმში „ტუსაობდა“, (ჩემი ტერმინი არ გახლავთ ეს ბომონდური ლექსიკონიდანაა) და ანდრეა ბოჩელის შესრულებით ტკბებოდა, გმირთა მოედანზე შეკრებილი ვეტერანები მძიმე სოციალური პირობებს და სახელმწიფოს  მხრიდან ჩადენილ „ღირსების შემლახავ ქმედებებს“ აპროტესტებენ და მდგომარეობის გამოსწორებას შიმშილობით ითხოვდნენ.

როდესაც ქართული მედიასაშუალებები საახალწლო კონცერტებისთვის დახარჯულ თანხად 25 მილიონ ლარს ასახელებდნენ, ხელისუფლება კი ჯიუტად დუმდა, 2009 წელს  საშტატო რესტრუქტურიზაციის ფარგლებში გათავისუფლებულ ვეტერანებს კომუნალური გადასახადებისათვის 22 ლარიან ვაუჩერს აძლევდნენ.

მაშინ, როდესაც საახალწლო მზადება იყო მთელს ქვეყანაში, ვეტერანებმა ეროვნული გვარდიის შენობის სარდაფში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სურათების მემორიალური დაფა იპოვეს, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავენ, გადასაგდებად იყო გამზადებული.

როდესაც ტელეეკრანებიდან  მუდმივად გვახსენებდნენ, რომ ანდრეა ბოჩელიმ ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა და წელს ის პირველად ხვდება ახალ წელს საკუთარი სახლის გარეთ, ვეტერანები გმირთა მოედანზე საძილე ტომრებში გახვეულები ელოდნენ, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი გამონაკლისს დაუშვებდა და მათ შეხვდებოდა.

მაშინ, როდესაც ქართველი ნაბახუსევი საზოგადოება მინერალური წყლით იგრილებდა გულს, სოციალურად დაუცველი ფენა წყლის გადასახადის მომატებაზე წუხდა.

როდესაც ქალაქში დაბრუნებულმა პრეზიდენტის ესკორტმა გმირთა მოედანზე ჩაიარა, პრეზიდენტს არაესთეტიკურმა სანახაობამ საახალწლო განწყობა წაუხდინა და ცოტა ხანში აქციაც აშალეს.

მაშინ, როდესაც ნაცემი ვეტერანები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ არ იყვნენ სახლამდე მისულები, (ნაწილის წაყვანაზე თავად პატრულმა იზრუნა) რუსთავი ორის ექვსსაათიან გამოშვებაში ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დღის ახალი ამბების გაცნობას ასე იწყებდა:

„ბიბისის რუსული სამსახური საქართველოს ზამთრის ტურისტულ სეზონზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი წერს, რომ თბილი ამინდის მიუხედავად, ტურ ოპერატორები და სასტუმროს მფლობელები სამთო-სათხილამურო კურორტებზე დატვირთულ სეზონს ელოდებიან...“ დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია...

ეს ამბავი გუშინ მხოლოდ ვეტერანების ახლობლებმა, ინტერნეტის მომხმარებლებმა და ტელეკომპანია „კავკასიის“ მაყურებლებმა გაიგეს, რადგან სხვა დანარჩენმა სატელევიზიო  არხებმა არც ერთ საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქეს.

მაშინ, როდესაც ვეტერანების აქცია დაშალეს, სახალხო დამცველი და სხვა ადამიანის უფლებათა დამცველები ზღაპარს უსმენდნენ დემოკრატიის შესახებ.

და სად იყავით თქვენ მაშინ, როდესაც ისინი მტერს ებრძოდნენ?