ვოლოდიმირ ზელენსკის გაწვეული ელჩები – რატომ არ ფიგურირებს პრეზიდენტის ბრძანებულებაში იგორ დოლგოვი

ვოლოდიმირ ზელენსკის გაწვეული ელჩები – რატომ არ ფიგურირებს პრეზიდენტის ბრძანებულებაში იგორ დოლგოვი

30 მარტს, გვიან საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესების დაცვაში შედეგის უქონლობის გამო მაროკოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი და „ასევე დაბრუნდა ელჩი საქართველოდან”.

საქართველოში უკრაინის ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევის და გაწვევის მიზეზის შესახებ ინფორმაცია 1 მარტს გავრცელდა.

„დაუყოვნებლივ გავიწვევთ ელჩებს ყირგიზეთიდან – უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამართლების გამო, და საქართველოდან – უკრაინაში ჩამოსვლის მსურველი მოხალისეებისთვის წინაღობების შექმნის და სანქციების მიმართ ამორალური პოზიციის გამო,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 მარტის ვიდეომიმართვაში.

იმავე დღეს საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა კიევში გაწვევასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დაგროვდა ბევრი ისეთი საკითხი, რომლის განხილვაც ტელეფონით არ ხდება.

„ჩემი აზრით, თქვენ კარგად მოგეხსენებათ. რაც მოხდა. არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება განვიხილოთ… განსახილველი ბევრია, მაგრამ ასეთი საკითხები ტელეფონით არ განიხილება. მომეცა ინსტრუქცია, ჩავიდე კონსულტაციებისთვის“, – განაცხადა მან.

საქართველოს პარლამენტისთვის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსთისთვის და მხოლოდ რუსეთის ხელსაყრელია” და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 1 მარტს კიევში კონსულტაციებისთვის გაწვეული უკრაინის ელჩის თბილისში დაბრუნება სთხოვა.

„როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში, ასევე დღეს, აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დაააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი”, – მიმართა ზურაბიშვილმა ზელენსკის.

„საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქმიანობას არ დაბრუნებია, ის კვლავ გაწვეულია და გადის კონსულტაციებს კიევთან“, „საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ელჩი დაუბრუნდება საქმიანობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვაცნობებთ“ – განაცხადა 15 მარტს საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრიი კასიანოვმა და დასძინა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებდა.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ელჩის შესახებ არანაირი განცხადება არ გაკეთებულა, 30 მარტს კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესების დაცვაში შედეგის უქონლობის გამო მაროკოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი და „ასევე დაბრუნდა ელჩი საქართველოდან. დიდი პატივისცემის მიუხედავად: <თუ> არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის – გთხოვთ, მოძებნეთ სხვა სამუშაო”.

საქართველოში უკრაინის ელჩისგან განსხვავებით, მაროკოში უკრაინის ელჩის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 30 მარტს გაკეთებულ განცხადებამდე, არც უკრაინის და არც მაროკოს პრესაში არანაირი ნეგატიური ინფორმაცია არ გავრცელებულა.