ყელში ამომივიდა — დენიელ რედკლიფი უილ სმიტისა და კრის როკის ინციდენტის განხილვაზე

ყელში ამომივიდა — დენიელ რედკლიფი უილ სმიტისა და კრის როკის ინციდენტის განხილვაზე

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა წლევანდელი ოსკარის დაჯილდოებაზე მომხდარი ინციდენტია. ჯეიდა სმიტის შესახებ ნათქვამი ხუმრობის გამო ჯეიდას ქმარმა, მსახიობმა უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სახეში გაარტყა, შემდეგ ოსკარი მიიღო, მოგვიანებით კი საზოგადოებასა და კრისს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

ინციდენტს, რომელმაც ფაქტობრივად ოსკარის ცერემონიაზე მომხდარი სხვა მნიშვნელოვანი მომენტები მთლიანად გადაფარა, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. ტვიტერზე უამრავი მიმის ნახვის შემდეგ უფრო მეტი ადამიანის აზრი მოვისმინეთ: ზოგი უილ სმიტის ქმედებას გმობდა, ზოგი კი — კრის როკის ხუმრობას. ზოგიერთმა ვარსკვლავმა, მაგალითად, ჯიმ კერიმ, უილ სმიტის ქმედება საჯაროდ გააკრიტიკა, ცნობილი ადამიანების უმეტესობამ კი კომენტარისგან თავი შეიკავა.

ინციდენტის შესახებ ცოტა ხნის წინ კითხვა ჰარი პოტერის ვარსკვლავ დენიელ რედკლიფსაც დაუსვეს. გადაცემა Good Morning Britain-ში მიწვეულ დენიელმა აღიარა, რომ ამ თემის ირგვლივ სხვადასხვა აზრის მოსმენა უბრალოდ ყელში ამოუვიდა:

"არა, ვნახე, რაც მოხდა. უბრალოდ ამის შესახებ ადამიანების აზრების მოსმენა უკვე ყელში ამომივიდა. აღარ მინდა მათ მოსაზრებებს ჩემიც დავუმატო", — განაცხადა მსახიობმა.

ოსკარი 2022-ის წარმომადგენლების განცხადებით, უილ სმიტს კრის როკისთვის სახეში გარტყმის შემდეგ დარბაზის დატოვება სთხოვეს, მაგრამ მსახიობმა უარი განაცხადა. კინოაკადემიის მმართველთა საბჭომ, რომელიც გასულ ოთხშაბათს ამ საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბა, განაცხადა, რომ სმიტის წინააღმდეგ ქცევის სტანდარტების დარღვევის გამო სამართალწარმოება დაიწყო.

კინოაკადემიის თქმით, სმიტს შესაძლებლობა ექნება, რომ თავი წერილობითი პასუხით დაიცვას, რომელსაც საბჭო 18 აპრილს განიხილავს. უილ სმიტს, რომელმაც დისციპლინური პასუხისმგებლობა დაარღვია, აკადემიამ სხვადასხვა ტიპის სანქცია შეიძლება დაუწესოს.

რაც შეეხება კრის როკს, ლოს-ანჯელესის პოლიციის განცხადებით, ის უილ სმიტისთვის ჩივილს არ აპირებს.