TIME-მა ბალენსიაგა წლის 100 ყველაზე გავლენიან კომპანიას შორის დაასახელა

TIME-მა ბალენსიაგა წლის 100 ყველაზე გავლენიან კომპანიას შორის დაასახელა

ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ამერიკულმა გამოცემამ, TIME-მა, 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიანი კომპანია დაასახელა. მათ შორის აღმოჩნდა მოდის ბრენდი Balenciaga, რომელსაც ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია, ხელმძღვანელობს. ჟურნალი სწორედ გვასალიას მიაწერს კომპანიის წარმატებას.

"შემოქმედებითი ხელმძღვანელის, დემნა გვასალიას წყალობით, მოდის ბრენდი ბალენსიაგა არა მხოლოდ ასახავს კულტურულ ტენდენციას, განსაზღვრავს კიდეც მას", — წერს გამოცემა და ხაზს უსვამს დემნას ცოტა ხნის წინანდელ კოლაბორაციებს კიმ კარდაშიანთან და კანიე ვესტთან. ამასთან, აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ გვასალიას ხელმძღვანელობით ბრენდმა თითქმის $2 მილიარდი გამოიმუშავა.

"გვასალიას ცოტა ხნის წინანდელმა შოუმ პარიზში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ შედგა და სადაც დიდი ჩანთებით თოვლში მიმავალი მოდელები ვიხილეთ, აჩვენა, როგორ შეუძლია ყოფილ ქართველ ლტოლვილს, სწრაფად მოუყაროს თავი [იდეებს] და გამოეხმაუროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს მოდის საშუალებით".

დემნას ახალი კოლექცია — წინააღმდეგობისა და შიშის ექსპრესია
აღსანიშნავია, რომ ბალენსიაგა, რომელიც 1919 წელს დაფუძნდა, პირველად აღმოჩნდა TIME-ის დასახელებულ ყველაზე გავლენიან კომპანიებს შორის.

წლევანდელზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გასული 2021 წელი გვასალიასთვის მართლაც ძალიან წარმატებული გამოდგა. ქართველი დიზაინერის შექმნილი სამოსით მოდის სფეროს წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, Met Gala-ზე, არაერთი ცნობილი ადამიანი გამოჩნდა. დემნამ ასევე მიიღო ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს პრიზი, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კი იგი ღირსების მედლითაც დააჯილდოვა. თანამედროვე მოდის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფიგურამ სიმპსონებშიც ამოყო თავი.