უკრაინაში რუსეთის ომი პუტინის მეხოტბე ჟერარ დეპარდიემაც კი დაგმო

უკრაინაში რუსეთის ომი პუტინის მეხოტბე ჟერარ დეპარდიემაც კი დაგმო

რუსეთის აგრესია უკრაინაში ჟერარ დეპარდიემაც დაგმო, რომელსაც წარსულში არაერთხელ შეუქია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

დეპარდიემ, რომელიც პუტინის ცნობილი მეხოტბეა და 2013 წელს რუსეთის მოქალაქეობაც კი მიიღო, Agence France Presse-ს განუცხადა, რომ "რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი მათი ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეშლილ და მიუღებელ ქმედებებზე".

Reuters-ის ცნობით, დეპარდიემ ისიც დაამატა, რომ პარიზში დაგეგმილი კონცერტებიდან შემოსული თანხით "ამ ტრაგიკული და ძმათამკვლელი ომის უკრაინელ მსხვერპლებს" დაეხმარება.

2013 წელს ჟერარ დეპარდიეს პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა, რის გამოც ის სამშობლოში გააკრიტიკეს: ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს მსახიობმა საფრანგეთში მილიონერებისთვის გაზრდილი გადასახადებისგან თავის ასარიდებლად გააკეთა.

ფილმების The Last Metro და Cyrano de Bergerac მსახიობს რუსეთის პასპორტი პირადად ვლადიმერ პუტინმა გადასცა. ამის შემდეგ მან სხვადასხვა დროს რუსეთს "დიდებული დემოკრატიის" მქონე ქვეყანა უწოდა, პუტინი კი რომის პაპ იოანე პავლე მეორეს შეადარა.