ვანო მერაბიშვილის მეუღლემ თაკო სალაყაიამ საქართველო დატოვა. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ სალაყაიამ საქართველო 21 მაისს მას შემდეგ დატოვა, რაც ვანო მერაბიშვილს დაკითხვაზე დაბარების უწყება ჩაბარდა.
ცნობილია, რომ დაკავებულ მერაბიშვილს უახლოეს მომავალში ბრალს სანდრო გირგვლიანის საქმეზეც წაუყენებენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ამ თემაზე ძიება დასრულებულია და გამომძიებლებმა სრული სურათი უკვე დადეს.
პროკურატურაში იმასაც აცხადებენ, რომ გირგვლიანის საქმეზე მერაბიშვილმა მისი მეუღლისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მომხდარი დანაშაულისგან განრიდების მიზნით უზრუნველყო ფალსიფიცირებული სამართალწარმოება.
კერძოდ, მერაბიშვილის ბრალის მეორე ეპიზოდი უკავშირდება გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, რომლის დეტალური და ეფექტური გამოძიებით, პროკურატურის მიერ ფაქტობრივად სრული სიზუსტით აღდგენილია შემთხვევის ვითარება, დადგენილია მასში მონაწილე ყველა პირი, გარკვეულია დანაშაულის რეალური მოტივი, მისი ორგანიზატორები და აღმსრულებლები. უფრო მეტიც, მოპოვებული მტკიცებულებებით, უდავოდ დადასტურებულია, რომ სწორედ ივანე მერაბიშვილმა შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას.
მას შემდეგ, რაც თაკო სალაყაიას მიერ საქართველოს დატოვების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ვანო მერაბიშვილმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, რომ მისი მეუღლე გზაშია და რამდენიმე საათში საქართველოში იქნება.
მისი თქმით, წასვლის დროს მეუღლემ მას ჰკითხა, წასულყო, თუ დარჩენილიყო. თანაც, როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დაკავების საფრთხე არსებობდა, მეუღლე დაამშვიდა.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თაკო სალაყაია გირგვლიანის საქმეში ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება გადაიქცეს მოწმიდან ბრალდებულად, თუკი დადასტურდება, რომ სწორედ მან გასცა შეკვეთა, გირგვლიანის მიმართ შური ეძიათ. აქ არ იგულისხმება მაინცდამაინც გირგვლიანის მკვლელობა, არამედ -მისი დასჯა.
"თუ ამას სუფრის რომელიმე წევრი არ დაადასტურებს, მაშინ თაკო სალაყაიას მიმართ შეუძლებელი იქნება ბრალის წაყენება. ამიტომ არ ვიცი, რა ჩვენებებს აკეთებენ იმ სუფრის წევრები. სავარაუდოდ, სალაყაიამ ალბათ იცის, ისინი რა ჩვენებებსაც იძლევიან; ისინი, ალბათ, არ იტყვიან, რომ სალაყაიამ შეუკვეთა გირგვლიანის დასჯა. ამიტომაც შესაძლოა, სალაყაია საქართველოში დაბრუნებულიყო,"-აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
მისი თქმით, სალაყაიას საქართველოდან წასვლამ ინტერესი იმიტომაც გამოიწვია, რომ ვანო მერაბიშვილის დაკითხვაზე დაბარებას დაემთხვა მისი წასვლა. ადვოკატი არც იმას გამორიცხავს, რომ მერაბიშვილის ოჯახმა წინასწარ იცოდა, რომ მერაბიშვილის დაკავებას აპირებდნენ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან პოლიციასა და პროკურატურაში მათი ბევრი გულშემატკივარია დარჩენილი, რომლებიც მათ ინფორმაციებს აწვდიან.
ამიტომ, შესაძლოა, თაკო სალაყაიამ მართლაც იგრძნო საფრთხე და წავიდა საქართველოდან, დაბრუნება კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ვიღაცამ გარანტია მისცა, რომ ეს საფრთხე საფუძვლიანი არ იყო. რაც შეეხება მერაბიშვილის სიდედრის სახლის გაყიდვის შედეგად აღმოჩენილ 180 ათას დოლარს, ადვოკატის განმარტებით, ეს ერთ რამეს ადასტურებს, რომ "გაღლეტილ" ვანოს ამხელა თანხა და კიდევ სხვა ვალუტის კუპიურა ჰქონია. მეტიც, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ისიც ნათელია, რომ სიდედრებსა და ნათესავებზე ქონების გადაფორმება ცნობილი მეთოდია და არავის არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ეს თანხა უშუალოდ მერაბიშვილს ეკუთვნოდა.
ადვოკატი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ ვინაიდან ერთად დააკავეს მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი, უნდა ვივარაუდოთ, რომ გირგვლიანის საქმე ამ შემთხვევაში არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. საერთოდ კი, ვინც არ უნდა გაიქცეს და საზღვარი გადაკვეთოს, სახელმწიფოს უფლება აქვს, მასზე ძებნა ინტერპოლით გამოაცხადოს.
მეტიც, ლია მუხაშავრიას თქმით, გირგვლიანის საქმეზე თავის დროზე თამარ სალაყაია უკვე დაკითხულია, ხოლო ვანო მერაბიშვილი არც ერთხელ არ დაკითხულა და მისი დაკითხვა პრინციპულად მნიშვნელოვანია.
თუმცა ადვოკატი მაინც ფიქრობს, რომ მერაბიშვილთან მიმართებით გირგვლიანის თემა უფრო მეორეხარისხოვანია და სხვა ბრალდება უფრო მძიმეა. კონკრეტულად, მერაბიშვილს გაცილებით მძიმე ბრალდება აქვს საარჩევნო მოსყიდვისა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის სახით, ვიდრე გირგვლიანის საქმეა. იქ მხოლოდ თანამდებობრივი დანაშაულია, რაც გაცილებით მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე 5 მილიონამდე თანხის გაფლანგვა.
"გირგვლიანის საქმეში თამარ სალაყაიას მონაწილეობა აშკარაა, მაგრამ ის, რის გამოც სტრაბურგში გირგვლიანის საქმე წააგო საქართველოს მთავრობამ, უკავშირდება არა სალაყაიას, არამედ მერაბიშვილს, რომელიც მაშინ შს მინისტრი იყო და პირველი ორი თვე გამოძიება მის დაქვემდებარებაში იყო. ამას ხაზს უსვამს ევროსასამართლო და მხოლოდ გაკვრით ახსენებს მერაბიშვილის მეუღლის შემხებლობას. იქ არსად არის ნათქვამი, რომ სალაყაიას ქმედებას მძიმე შედეგი მოჰყვა, ამიტომ მისი მონაწილეობა ამ საქმეში გაცილებით მინიმალურია. გარდა ამისა, მათი ბინიდან დიდი რაოდენობის თანხის ამოღება არ მაფიქრებინებს, რომ მერაბიშვილი ან სალაყაია გაქცევას აპირებდნენ. მაშინ ეს თანხა თან უნდა წაეღოთ და სახლში არ უნდა ჰქონოდათ,"-აცხადებს ლია მუხაშავრია.
მისივე ინფორმაციით, სალაყაია უკვე დიდი ხანია, რაც აღარ არის საქართველოში და ის მხოლოდ ახლა არ წასულა.
და ბოლოს, დღის ბოლოს თაკო სალაყაიას ინფორმაციაც გავრცელდა, რომ იგი ნამდვილად არ იმყოფება თბილისში, თუმცა ბრუნდება, რადგან, როცა შეიტყო ეს ამბავი, ბილეთი გადაცვალა.
"თუ აინტერესებს პროკურორს ან საზოგადოებას, ვბრუნდები დღეს თბილისში და შეუძლიათ გადაამოწმონ, თბილისიდან წინა დღით წავედი და წარმოდგენა არ მქონდა, თუ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო," - განაცხადა სალაყაიამ.