ჯიმ კერის აზრით, უილ სმიტი კრის როკისთვის სახეში გარტყმის გამო უნდა დააპატიმრონ

ჯიმ კერის აზრით, უილ სმიტი კრის როკისთვის სახეში გარტყმის გამო უნდა დააპატიმრონ

ოსკარი 2022-ის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად უილ სმიტის მიერ კრის როკისთვის სახეში გარტყმა იქცა. კომიკოსმა კრის როკმა უილ სმიტის ცოლის, ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თმაზე იხუმრა, უილმა კი ამაზე პასუხად სახეში გაარტყა. უილ სმიტის საქციელს როგორც ცნობილი ადამიანები, ასევე სოციალური ქსელების მომხმარებლებიც განიხილავენ. მართალია, უილ სმიტმა ბოდიში უკვე მოიხადა, მაგრამ ჯიმ კერი მსახიობს ისევ მკაცრად აკრიტიკებს.

"უილ სმიტის საქციელის შემდეგ ხალხის ოვაციებმა გული ამირია. ჰოლივუდი უპრინციპო მასად გადაიქცა და ეს იმაზე მიუთითებს, რომ ძველებურად მაგრები აღარ ვართ", — განაცხადა ჯიმ კერიმ CBS-თან ინტერვიუში.

ჯიმ კერის თქმით, კრის როკისთვის გარტყმის გამო უილ სმიტი დაპატიმრებას იმსახურებს, თუმცა ამ დროს ჟურნალისტმა შეახსენა, რომ როკი სასამართლოში საქმის გაგრძელებას არ აპირებს. "კრის როკს აურზაური არ სურს. მის ადგილზე უილ სმიტს ვუჩივლებდი და 200 მილიონს მოვითხოვდი ზარალისთვის, რადგან გარტყმის ვიდეო სამუდამოდ ინტერნეტში დარჩება და ეს შეურაცხყოფა დიდხანს გაგრძელდება. თუ გსურს უკმაყოფილება გამოხატო, ამისთვის ტვიტერი ან სხვა სოციალური ქსელები არსებობს, მაგრამ არავის აქვს უფლება სცენაზე ავარდეს და ვინმეს სახეში გაარტყას, რადგან მისი სიტყვები არ მოეწონა", — დასძინა კერიმ.

იმის მიუხედავად, რომ კერიმ ოსკარი 2022-ზე უილ სმიტის საქციელი სასტიკად გააკრიტიკა, ისიც აღნიშნა, რომ როგორც მსახიობს, უილს პატივს სცემს და მისი საწინააღმდეგოც არასდროს არაფერი ჰქონია."უილმა ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ეს მისი ცხოვრებიდან ერთ-ერთი ცუდი მომენტი იყო. მართალია, მან ოსკარისთვის ბევრი იშრომა და ეს ჯილდო დამსახურებულად მიიღო, თუმცა როკისთვის სახეში გარტყმა ისეთი ეგოისტური მომენტი იყო, რომელმაც ყველაფერი გააფუჭა", — განაცხადა ჯიმ კერიმ.