ავადმყოფობის გამო ბრიუს უილისი კინოდან მიდის. ამის შესახებ Variety მსახიობის ოჯახზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსის ოჯახის წევრებმა ერთობლივი განცხადება სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს და განმარტეს, რომ 67 წლის მსახიობს აფაზია დაუდგინდა - მეტყველების დარღვევა, რომელსაც ტვინის დაზიანება იწვევს.
„ბრიუსი ტოვებს კარიერას, რომელსაც ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის. ეს ძალიან რთული დროა ჩვენი ოჯახისთვის და ჩვენ ვაფასებთ თქვენს სიყვარულს, თანაგრძნობასა და მხარდაჭერას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უილისის კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. მან არაერთ პოპულარულ ფილმში ითამაშა, მათ შორისაა: „კერკეტი კაკალი“, „არმაგედონი“, „მეხუთე ელემენტი“ და მრავალი სხვა.