„ქართული აკადემიის“ წარმომადგენელი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია ემბრიონის მუცლად ყოფნის პერიოდში ყალიბდება და ეს მათი დანაშაული არ არის, თუმცა ამ ადამიანებმა სხვა ადამიანებს თავიანთი საქციელი თავს არ უნდა მოახვიონ.
ლინკზე - http://www.for.ge/main_p/uploads/seqsualuri_qceva.doc - წაიკითხავთ თემურ ნანეიშვილის წიგნიდან ერთ-ერთ თავს - „სექსუალური ქცევის შესახებ“, სადაც მკითხველი პროფესიონალურ ნაშრომს გაეცნობა. ახლა კი, ამ თემაზე და 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს თემურ ნანეიშვილთან.
მიუხედავად, იმისა, რომ საქართველო ტრადიციული ქვეყანაა, მაინც არავინ ელოდა, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ასეთ მძიმე სახეს მიიღებდა.
- რა თქმა უნდა, მართლმადიდებლები ვართ და ჩვენი ქვეყანა ტრადიციულია. ეს მარტო ჩვენთან კი არ არის, კავკასიელებთანაც ასეა. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი, სინამდვილეში, ასე არ არის. ჩვენ ტრადიციების მქონე ერი ვართ და, ბუნებრივია, ამ ტრადიციებს ნორმალური ადამიანი უნდა უფრთხილდებოდეს და ვუფრთხილდებით კიდეც. ამდენად, მე ამ რეაქციას ველოდი. გარდა ამისა, ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ, ძალიან ბევრი ბოღმაა დაგროვილი საზოგადოებაში, თანაც ძალიან დიდი რაოდენობით და ამ კოაბიტაციამ კიდევ სულ გააფუჭა საქმე, რადგან დამნაშავეებს არ სთხოვენ პასუხს იმის გამო, რომ დასავლეთს ეს არ აწყობს და ეს პოლიტიკაა. ერთ-ერთი შედეგი ესეც არის. ასეთი შედეგი იყო გასულ დღეებში რესტორანში მომხდარი უსიამოვნება. განათლება იმისთვისაა საჭირო, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ რა ფენომენია ჰომოსექსუალიზმი. ამის პროფესიონალი არ გახლავართ, მაგრამ სახელმძღვანელო დავწერე ქცევის ფიზიოლოგიის შესახებ და აქ ერთ-ერთი თავი ეძღვნება სწორედ სექსუალური ორიენტაციის ფორმირების მექანიზმებს. ამ დღეებში ვისმენ არაპროფესიონალურ განცხადებებს, თუ როგორ ფორმირდება ეს ორიენტაცია. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ყალიბდება ემბრიონის მუცლად ყოფნის პერიოდში, თუ მამრობითი სქესისაა ემბრიონი, იქ ჰორმონული გავლენა თუ არ არის, მაშინ ტვინი ვითარდება ისე, როგორც მდედრის ტვინი. ჩემი წიგნის ელექტონული ვერსიის ერთი თავი (სექსუალური ქცევის შესახებ) დაიდება თქვენს საიტზე და, ალბათ, მკითხველი დაინტერესდება ამ საკითხით. მით უფრო, რომ „ფეისბუკზეც“ უკვე თხოვნაა, რომ დაიდოს ამ წიგნის ელექტრონული ვერსია.
ანუ, ჰომოსექსუალების პრობლემა ბიოლოგიურად დედის მუცლიდან არის განპირობებული?
- დიახ, ამას არაფერი აღარ შველის. მუცლად ყოფნის პერიოდში თუ არ მოხდა ტვინის გამამრება, ანუ მასკულინიზაცია ტესტოსტერონის ანდროგენების ზეგავლენით, მაშინ მამაკაცის ტვინის ნაცვლად, ამ სუბიექტს ექნება მდედრის სექსუალური არჩევანი და ასეთი მდედრი პარტნიორად ირჩევს მამრს. ასეთი რამ ცხოველებშიც ხდება, ვირთაგვებზე ჩაატარეს ასეთი ცდები და ეს ექსპერიმენტულად დამტკიცებულია. ამიტომ, ამასთან ბრძოლა შეუძლებელია. გარდა ამისა, მოვიშველიოთ ფროიდი, რომლის თანახმადაც, სუპერ-ეგო არსებობს, რომელიც ცენზორია და ემორჩილება რაღაც კანონებს. ამიტომ, სოციალურ კანონს, პოლიტიკურ კანონს თუ კონსტიტუციას უნდა დაემორჩილონ. თუ ეს მისაღები არ არის საზოგადოებისთვის (და ყველანი ვხედავთ, ქართველებისთვის ეს მიუღებელია), ასეთი ყოყლოჩინობა და გამოწვევა, რომ მაინცდამაინც რუსთაველზე უნდა გამოვიდე, სულაც არ არის საჭირო. ეს აღიზიანებს ადამიანებს. არავინ არ ედავება მათ და მადლობა ღმერთს, ქართული საზოგადოება ამას კარგად მიხვდა, რომ ამ ადამიანებს უფლება აქვთ, თავის სხეულს როგორც უნდათ, ისე მოექცნენ. მათ არც შეუძლიათ სხვაგვარად.
ქართული საზოგადოება მათ ავადმყოფებად აღიქვამს.
- უბრალოდ, ასეთი სუბიექტები არიან და ეს არის მათი ქცევა. ბიოლოგიური კუთხით, ეს არის ქცევითი დარღვევა, რადგან ამას მივყავართ გამრავლების პრობლემამდე და ბიოლოგიური თვალსაზრისით, ეს აბსოლუტურად გაუმართლებელია. არც მორალურად არის გამართლებული. მაგალითად, ზოგიერთ კულტურებში, სანამ ცოლს მოიყვანს კაცი, მანამდე მამაკაცმა აუცილებლად მამაკაცთან უნდა იცხოვროს, მაგრამ ჩვენთან ეს არასოდეს ყოფილა მიღებული. ასევე, საფრანგეთშიც მიუღებელია. ალბათ, გახსოვთ, ერთი მილიონი კაცი გამოვიდა ამის ლეგალიზაციის წინააღმდეგ და მათთვის ქორწინების სახლების დაარსების წინააღმდეგ. ჩვენთანაც ასე უნდა მოხდეს. არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება, ისინი გამოვიდნენ რუსთაველზე, რადგან ამით სხვისი გამოხატვის უფლება ირღვევა. მე თუ ამის წინააღმდეგი ვარ, ამით ჩემი გამოხატვის უფლება ირღვევა. მათ შეუძლიათ, ლოკალურად აღნიშნონ თავიანთი დღესასწაული და არ უნდა მოახვიონ მთელ საზოგადოებას თავისი სიხარული. მით უმეტეს, რომ ამ აქციის ორგანიზატორებს შორის სულ რაღაც 4-5 ადამიანი თუ იქნებოდა ლესბოსელი და გეი, თორემ მათი უმრავლესობა ჩვეულებრივი ორიენტაციის ადამიანები იყვნენ. ასეთი ადამიანები საზოგადოებაში ყოველთვის იმალებოდნენ, ისინი დღესაც არ ჩანან, არამედ ახლა ჩანან ისინი, ვინც გრანტების მიღებაზეა გადასული.
ფაქტია, რომ ამ აქციის შემდეგ ჰომოფობიასთან „მებრძოლი“ ადამიანებისთვის გრანტების მორიგი ტალღა წამოვა და ამით მათ სათავისოდ სასარგებლო საქმე გაიკეთეს.
- ალბათ, ასეა, მაგრამ აქ მთავარია, რომ მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, რომ ესენი განსაკუთრებული, სხვანაირი ადამიანები არიან, ანუ ხატოვნად რომ ვთქვათ, მამაკაცის სხეულში არის ქალის ტვინი. ის განსხვავებულია თუნდაც ჩემგან და ამიტომ მე მას პატივს ვცემ, რადგან ეს მისი გარყვნილების გამო კი არ არის და მისი დანაშაული კი არ არის, არამედ დედის მუცლად ყოფნის პერიოდში მოხდა ასეთი რამ, მაგრამ ნუ გვახვევენ ამას თავზე. თქვენ გგონიათ, რომ ძველად მუცლად ყოფნის პერიოდში ტესტოსტერონი მეტი ჰქონდათ? იგივე ხდებოდა, მაშინაც იყო სექსუალური უმცირესობა, მაგრამ სოციალურად მიუღებელი იყო მათი საქციელი. ამიტომ ვახსენე ფროიდის სუპერ-ეგო, რომელიც ცენზორია, აიძულებს ადამიანს, დაემორჩილოს დაუწერელ კანონებს. თუმცა, მინდა ხაზგასმით ვთქვა, ძალადობის ის ფორმა, რაც აქციაზე ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.
თუკი ეს ბიოლოგიურადაა განპირობებული, მაშინ, შესაძლოა, ჰომოსექსუალთა რიცხვი არც იზრდება.
- ეს უკვე სტატისტიკის საქმეა. ჩვენთან ასეთი სტატისტიკა არასდროს ყოფილა. ერთ-ერთი ამერიკელი მეცნიერია, რომელიც ამას სწავლობს და ძალიან დიდი გამოცდილების კაცია. მე მგონია, ჰომოსექსუალთა რაოდენობა არ მატულობს, უბრალოდ, შეიძლება ეს პროცესი იმართებოდეს კიდეც, თქვენ იცით, მალთუსის თეორიის შესახებ.
მალთუსის თეორიისთვის არსებითი მომენტი არსებობისთვის ბრძოლის პრინციპია, რაც ომების მეშვეობით ადამიანების რაოდენობის დარეგულირებას ნიშნავს.
- საკვების არარსებობის პირობებში უნდა რეგულირდებოდეს ადამიანთა რაოდენობა. ამიტომ, შესაძლოა, ერთ-ერთი მიმართულება ესეც იყოს. აბა, მაშინ რატომ იცავენ ამ ჰომოსექსუალებს? არავის არ უნდა, საკუთარი შვილი ასეთი ორიენტაციის იყოს. ეს ჩემი პირადი შეხედულება და ეჭვია, რომ შეიძლება, მსოფლიოში ასეთი სტრატეგია მართლაც იყოს. ამიტომაც ანიჭებენ ამდენ თავისუფლებას ამ ადამიანებს.
ისიც ითქვა, რომ გარკვეულმა ძალებმა ბრმა იარაღად გამოიყენეს ქართველი ხალხის დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობის მიმართ. ჩვენ გვახსოვს, თავის დროზე ბახტრიონის აჯანყება როგორც მოხდა, რასაც უძღოდა სასულიერო პირის შეურაცხყოფა.
- იცით, რაშია საქმე? ეკლესია ვალდებულია ასე მოიქცეს. ეკლესიის მორალში ეს არანაირად არ ჯდება. ამიტომ ეკლესიამ თავისი ფუნქცია შეასრულა. სოდომ-გომორის ამბავიც ბიბლიაშია აღწერილი.
ერთ-ერთი ვერსიით, ამ პროვოკაციის ავტორი ძველი ხელისუფლებაა, კერძოდ, ბოკერია-მერაბიშვილი.
- ეს შესაძლებელია, რადგან შარშან იყო ამის მცირე მცდელობა, მაგრამ მაშინ სააკაშვილს და მის გუნდს არ გაუმტყუნებიათ პოლიცია. ახლა ატყდა ეს ამბავი, გაოგნებული ვუსმენდი ჩიორა თაქთაქიშვილს და სხვა ნაციონალებს. ისე ლაპარაკობდნენ, გეგონებოდათ, არ ყოფილა 7 ნოემბერი, 26 მაისი, ყველაზე უვნებელი 15 ივნისი, როცა არავითარი პროტესტი არ ყოფილა, ახალგაზრდები მივიდნენ პოლიციის სამმართველოსთან, გამოვარდა 200 კაცი და გაუჩეხეს თავები ამ ახალგაზრდებს. ახლა კი ისე ლაპარაკობენ, თითქოს, ამ ამბების შემოქმედნი სხვები იყვნენ. მიმაჩნია, რომ პოლიციამ სანიმუშოდ იმუშავა. ჯერ კიდევ გუშინ რა ტექნიკით არ მოდიოდნენ ნაციონალები, წყლის ჭავლს უშვებდნენ, ნამდვილ თუ რეზინის ტყვიებს ესროდნენ ხალხს, დღევანდელ პოლიციას კი არავითარი ჩასარტყამი იარაღი არ ეჭირა და მათ მოახერხეს სიტუაციის განეიტრალება. ეს მაშინ, როცა ჰომოფობიის დღეს თითქმის მთელი ქალაქი გამოვიდა, ეს იყო საყოველთაო აღშფოთება და, ცხადია, ვერ მოერივნენ ამდენ ადამიანს. ახლა რომ ამბობენ, არასაკმარისი ძალა გამოიჩინა პოლიციამო, რა იქნებოდა საკმარისი ძალა?! უნდა აეღოთ და, როგორც ნაციონალები იქცეოდნენ, უნდა ესროლათ?! ამას არ აკეთებს ღარიბაშვილი და ამის გამო მადლობის მეტი რა გვეთქმის. არ არიან ამას შეჩვეულები, არც გაულახავთ არავინ, პირიქით, თვითონ გაილახნენ პოლიციელები.
მაგალითს ისწავლიან, თუ როგორ უნდა დაიშალოს ცივილიზებულად ასეთი აქციები, რადგან ძველი ხელისუფლების პირობებში მიჩვეულნი იყვნენ ტანკებით გამოსვლას, ადამიანების კვლას. ამას კურსების გავლა უნდა. მე რომ ირაკლი ღარიბაშვილის ადგილას ვიყო, პოლიციელებს გავგზავნიდი და უცხოეთში ვასწავლიდი, თუ როგორ შლიან ასეთ აქციებს ადამიანის მოკვლისა და დასისხლიანების გარეშე.
ჰომოსექსუალების გამოსვლა ხომ არ ემსახურებოდა კიდევ უფრო ღრმად მიმავალ მიზნებს, რომ ქართულ საზოგადოებაში გამოეწვიათ გარკვეული აგრესია დასავლეთის მიმართ?
- ამ თვალთახედვით, საფრანგეთი რომ არის ზენიტში, ეს ცნობილია. საფრანგეთში მილიონი კაცი გამოვიდა ამის წინააღმდეგ და არსად არ არის ეს ასე მიღებული. როდესაც ისინი ამეტებენ, მაშინ იქაც იგივე თავ-პირის მტვრევაა, უარესიც ხდება, რადგან წვავენ და ანადგურებენ ქალაქებს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები - „ლა ტრუფეში“ მომხდარი ფაქტი, ჰომოფობიის დღის ამ სახით აღნიშვნა, შესაძლოა, საზოგადოებაში დაგროვილი ბოღმის ამონთხევა იყოს.
- შეიძლება, ეს შეუგნებლად ხდებოდეს, რადგან სწორედ ქვეცნობიერი ამოძრავებს ადამიანებს. განწყობის თეორიაც ამასვე გულისხმობს, ფროიდის ქვეცნობიერიც ესაა.
მით უფრო, რომ ქვეცნობიერი ხშირად ადამიანზე უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე ცნობიერი.
- რა თქმა უნდა, ქვეცნობიერი მოტივაციას ქმნის. ამიტომ შეიძლება, ადამიანმა საერთოდ ვერ გააცნობიეროს, რატომ მოიქცა ასე, მაგრამ ეს შიგნიდან აწუხებდეს.
საზოგადოებაში დაგროვილი ბოღმა შენებლებული მართლმსაჯულების გაგრძელება ხომ არ არის?
- ჩემს აზრს ვიტყვი და ამ აზრს არავის ვახვევ. პირველ რიგში, მთავარია, ბუნებითი სამართალი და ყველაფერი ამის შემდეგ იქმნება. იურისტებმა კანონის სახე უნდა მისცენ იმ მოსაზრებას, რომელიც საზოგადოებაში გროვდება. ბუნებით სამართალი სწორედ ის არის, რაც ამ დღეებში მოხდა. ჩვენმა მოქალაქეებმა როგორ უნდა აუხსნან შვილებს, რა არის ჰომოსექსუალიზმი? მათთვის ეს საშინელებაა.
ფიქრობთ, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს და კოაბიტაციის გაჭიანურებულმა პროცესმა არ უნდა შეაფერხოს ეს პროცესი?
- გეთანხმებით, აქამდე მე თავს ვიკავებდი. თქვენ იცით, თავიდან ფეხებამდე ერთგული ვარ და მხარს ვუჭერდი „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს, მაგრამ ეს მეც არ მომწონს. გაიხსენეთ ჰიუგოს „განკიცხულნი“. იქ პოლიციელი ჟავერი 25 წელი დასდევს ჟან ვალჟანს, რადგან სამართალმა პური უნდა ჭამოს. მართალია, ის უარყოფითი გმირია, მაგრამ კლასიკოსმა ასე დაწერა, მან ბოლომდე იბრძოლა, რომ ჟან ვალჟანისთვის დაემტკიცებინა, რომ ის ყოფილი კატორღელი და დამნაშავე იყო. სამართალი უნდა აღსრულდეს, ამას ვერავითარი ძალა ვერ გააჩერებს. მაშინ დაიწყება უმართავი პროცესები. ამიტომ სჯობს, კანონიერად გაკეთდეს ეს ყველაფერი და დამნაშავე დაისაჯოს. არ ვარ იმის მომხრე, ყველა ციხეში გავუშვათ. ციხეში უნდა გავუშვათ ამ საქმის იდეოლოგები, დანარჩენებმა კი უნდა აღიარონ დანაშაული, რათა მომავალში არ წარმოიქმნან ასეთივე ახალი „ტიპები“, რომლის ნიშნებიც, სამწუხაროდ, არსებობს. თორემ ნაციონალი იდეოლოგების გამოსწორება შეუძლებელია.