უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტზე ბილი აილიშმა მსმენელს მიმართა

უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტზე ბილი აილიშმა მსმენელს მიმართა

უკრაინელების დასახმარებლად ცნობილმა მომღერლებმა კონცერტის ჩატარება გადაწყვიტეს, რომელიც ბირმინგემში 29 მარტს გაიმართა. მართალია, კონცერტს ბევრი ცნობილი მომღერალი დაესწრო, თუმცა ბილი აილიშმა და ფინეას ო'კონელმა ბირმინგემში ჩასვლა ვერ შეძლეს, მაგრამ კონცერტზე ჩაერთნენ და ემოციური სიტყვით მაყურებელიც მოხიბლეს.

"მოგესალმებით ყველას. ვწუხვარ, რომ ამაღამ თქვენ გვერდით ვერ ვიქნებით იმის მიუხედავად, რომ ეს ძალიან გვინდოდა. სამაგიეროდ, ჩვენს სიყვარულს გიზიარებთ და კონცერტის ყველა მონაწილის მიმართ მხარდაჭერას გამოვთქვამთ. რაც მთავარია, გვსურს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატოთ იმ მილიონობით უკრაინელის მიმართ, რომლებიც იძულებულები გახდნენ, რომ სახლი დაეტოვებინათ", — ასე მიმართა ბილი აილიშმა აუდიტორიას.

"საქველმოქმედო ორგანიზაციები სასიცოცხლო საქმეს ასრულებენ, ამიტომ გვინდა, რომ მათ დიდი მადლობა გადავუხადოთ", — დასძინა ფინეასმა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონცერტის ორგანიზებაში ბევრი კომპანია იყო ჩართული და მიღებული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაერიცხება, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან.

უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტზე ჯამალამ იმღერა, რომელიც 2016 წლის ევროვიზიის გამარჯვებულია. ჯამალაც იძულებული გახდა, რომ ომის გამო უკრაინა 2 კვირის წინ დაეტოვებინა. ჯალამას გარდა უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტზე ტომ ოდელმა, კამილა კაბელომ, ემილი სანდემ, ედ შირანმა და სხვა ცნობილმა ვარსკვლავებმა იმღერეს.