ათწლეულების შემდეგ ლაიზა მინელი, რომელმაც ოსკარი, ორი გრემი, ოთხი ტონი და ემი მოიგო, ისევ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ლაიზა ახლაც ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის, 2000 წელს კი ექიმებმა უთხრეს, რომ მალე ის სიარულსა და ლაპარაკს ვეღარ შეძლებდა. ამის მიზეზი ენცეფალიტის იშვიათი შემთხვევაა, რომელიც მომღერალმა გადაიტანა, თუმცა ამ დაავადების შედეგებით დღემდე იტანჯება.
"იყო პერიოდი, როცა სიარული და საუბარი არ შემეძლო, ექიმებმა კი მითხრეს, რომ ეს მუდამ ასე შეიძლებოდა გაგრძელებულიყო. ამის თქმის შემდეგ ოთახი ყველამ დატოვა, მე კი კედლისკენ მივტრიალდი და ასოების ნელ-ნელა წარმოთქმა ვცადე. მე სიცოცხლე მინდა და ყოველთვის მინდოდა", — ამბობს მინელი.
76 წლის ლაიზა საჯაროდ ძალიან იშვიათად ჩნდება, მაგრამ ოსკარის დაჯილდოებაზე ლედი გაგასთან ერთად წლის საუკეთესო ფილმი გამოაცხადა. ლაიზა, რომელიც ახლა ეტლით გადაადგილდება, ლედი გაგას თქმით, არ იყო თავდაჯერებული და არ იცოდა, სცენაზე რა უნდა გაეკეთებინა. თუმცა ლედი გაგას დახმარებით, ლაიზას სცენაზე გამოსვლამ წარმატებით ჩაიარა და ყველასთვის დასამახსოვრებელ მომენტად იქცა.
როდესაც ოსკარის დაჯილდოების სცენაზე ლაიზა მოულოდნელად გამოჩნდა, გაგამ უკან დაიხია, რათა მთელი ყურადღება მისი თანაწამყვანისთვის დაეთმო. მაყურებლების ტაში რამდენიმე წამი არ წყდებოდა, რის შესახებაც გაგამ მინელის მიმართა და თქვა: "ხედავ ამას? საზოგადოებას უყვარხარ".
გაგამ შეძლო, რომ მინელისთვის ეს საღამო და გამარჯვებულის გამოცხადება სასიამოვნო მოგონებად ექცია და მომღერალი შიშებს მარტივად გამკლავებოდა, რასაც უამრავი სოციალური ქსელის მომხმარებელიც გამოეხმაურა. ოსკარი 2022-ის დასრულებიდან დღემდე ინტერნეტი გაგას მიერ მინელის დახმარებითა და გვერდში დგომით აღფრთოვანებულია, რასაც პოსტებითა და კომენტარებით გამოხატავენ.