სანამ ლეგენდარული გერმანელი კომპოზიტორი, ჰანს ციმერი, კიდევ ერთ ოსკარს მიიღებდა, 23 მარტს მან ლონდონში კონცერტი გამართა. შუა ღონისძიების დროს ციმერმა პროგრამა შეაჩერადა აუდიტორიას ეკრანზე უკრაინელი პიანისტის ვიდეო აჩვენა.
ვიდეოში, რომელიც ინტერნეტსივრცეში პოპულარული გახდა, მუსიკოსი ციმერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპოზიციას, Time-ს, საჰაერო თავდასხმის დროს, ქუჩაში უკრავს. ვიდეოს ჩვენებას 15-ათასიან აუდიტორიაში ოვაციები მოჰყვა.
კონცერტამდე კი, ციმერმა უკრაინელ პიანისტს, რომელმაც ქუჩაში დაუკრა, ვიდეომესიჯი გაუგზავნა და მადლობა გადაუხადა.
"სალამი, ალექს. მე ჰანს ციმერი ვარ. განცვიფრებული ვარ, რომ ასეთ რთულ დროს Time შეასრულე. განცვიფრებული ვარ იმით, რაც მუსიკით ჩაიდინე. ამან უკრაინელი ხალხი ნამდვილად გაამხნევა. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. Time-ს დღეს თქვენთვის დავუკრავთ. Time-ს თქვენთვის ყოველთვის შევასრულებთ და მუდამ თქვენ გვერდით ვიქნებით. მადლობა".
ციმერმა უკრაინას Wonder Woman-ის მუსიკის შესრულებამდეც მიაგო პატივი. კომპოზიტორმა აღნიშნა, რომ ორკესტრში უკრაინელი მუსიკოსებიც იყვნენ, თუმცა, ომის გამო — არა იმდენი, რამდენიც უნდა ყოფილიყო.
რაც შეეხება უკრაინელი მუსიკოსის ვიდეოს, ის National Geographic-ის ჟურნალისტმა, ჯონ სტენმაიერმა, გადაიღო და ინსტაგრამზე გაავრცელა.
"როცა საჰაერო თავდასხმის სირენა ჩაირთო, პოლიციამ ყველას სთხოვა, თავი რკინიგზის სადგურისთვის შეეფარებინათ, თუმცა, ალექსი არ გაჩერებულა, უფრო ხმამაღლა განაგრძო დაკვრა. შემდეგ თავისი მეგობარიც შეუერთდა. უბრალო, ამაღელვებელი ერთწუთიანი გრძნობა შიშის და ომის წინააღმდეგ. მან განაგრძო და არ შეჩერებულა", — წერს სტენმაიერი.