წლევანდელი ოსკარების ყველაზე დასამახსოვრებელი და გამაოგნებელი მომენტი უილ სმიტის მიერ კრის როკისთვის სახეში გარტყმა აღმოჩნდა. კომიკოსმა და მსახიობმა კრის როკმა ოსკარების დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, ჯეიდას ქმარმა კი კრის როკს საპასუხოდ სახეში გაარტყა. ჯეიდა პინკეტ სმიტს ავტოიმუნური დარღვევა, ალოპეცია აქვს, რის გამოც თმა გასცვივდა.
მოგვიანებით უილ სმიტს კაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარის ჯილდო გადაეცა და სამადლობელო სიტყვაში მსახიობმა ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა კინოაკადემიას, მაგრამ არა კრის როკს.
როგორც ჩანს, საბოლოოდ უილ სმიტმა კრის როკისთვის ბოდიშის მოხდა მაინც გადაწყვიტა და სოციალურ ქსელებში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარ ქმედებას არასწორს უწოდებს და ძალადობას გმობს:
"ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება მომწამვლელი და გამანადგურებელია. წუხანდელ ოსკარის ცერემონიაზე ჩემი ქმედება მიუღებელი და უპატიებელი იყო. ჩემზე ხუმრობა შენი საქმიანობის ნაწილია, მაგრამ ჯეიდას მდგომარეობაზე ხუმრობა ვერ ავიტანე და ემოციური რეაქცია მქონდა.
მინდა, ბოდიში საჯაროდ მოგიხადო, კრის. ზღვარს გადავედი და არასწორად მოვიქეცი. ძალიან მრცხვენია. ჩემი ქმედება არ შეესაბამება იმ კაცისას, რომელიც მინდა, რომ ვიყო. სიყვარულისა და სიკეთის სამყაროში ძალადობის ადგილი არაა", — წერს უილ სმიტი.
სმიტმა იმავე განცხადებაში ბოდიში კინოაკადემიას, დამსწრე საზოგადოებას, მაყურებლებს, ფილმ King Richard-ის გუნდსა და უილიამსების ოჯახსაც მოუხადა.
კინოაკადემიამ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც უილ სმიტის ქმედება დაგმობილია და აღნიშნულია, რომ ინციდენტის ირგვლივ გამოძიება დაწყებულია.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტის შესახებ განცხადება ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმაც გაავრცელა. განცხადების მიხედვით, კრის როკი არ აპირებს, უილ სმიტს უჩივლოს, თუმცა პოლიციის დეპარტამენტის თქმით, თუ როკი გადაიფიქრებს, ინციდენტს გამოიძიებენ.