სრულიად ამორალურია ამ ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დევნა, რომელიც იყო ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და მის პერიოდში საქართველომ გადაიტანა ომი, მის პერიოდში შეძლო ომის შედეგად სახელმწიფოებრობის შენარჩუნება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რატომ იდევნება მიხეილ სააკაშვილი.
„იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად წარმოუდგენელი აგრესია განახორციელა რუსეთმა უკრაინაში და ძალიან მასშტაბური ომის მომსწრე ვართ, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენს ქვეყანაზე და შედეგები პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამ სიტუაციაში იმის გათვალისწინებით, თუ რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, რა განცხადებებს აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ძალიან რთულია ემოციების გაკონტროლება და რთულია დავარცხნილი საუბრის შენარჩუნება. ამიტომ, გარკვეულწილად ვნებათაღელვა იყო სასამართლოს დარბაზში. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რატომ იდევნება ამ კონკრეტულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი, მას ბრალად ედება პრინციპში არც ვიცით რა, რადგან მთლიანად ისტორია აქვს მოყოლილი პროკურატურას, რა მოხდა 7 ნოემბერს და მერე დასკვნა აქვს გამოტანილი, რომ ამიტომ სააკაშვილი არის დამნაშავე. ეს მაშინ, როდესაც არც ერთი მოწმე სააკაშვილზე არ საუბრობს, მათ შორის დღეს დაკითხული მოწმეები. არანაირი მტკიცებულება ამ საქმეში არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილმა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის დროზე. სააკაშვილის დევნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც მოჩვენებითად აიღო თავის დროზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა გავრილოვის ღამეზე, როდესაც პირობა დადო პროპორციულ არჩევნებზე, მერე ვნახეთ, რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც კი არ აიღო ბოლომდე, ამაშიც კი გადააგდო საკუთარი მოსახლეობა. სრულიად ამორალურია ამ ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დევნა, რომელიც იყო ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და მის პერიოდში საქართველომ გადაიტანა ომი და მის პერიოდში შეძლო ომის შედეგად სახელმწიფოებრობის შენარჩუნება“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, საქართველოს გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში.
„ჩვენ ამ მთავრობას თუ არ მოვაშორებთ, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზაციას, თუ ჩვენ, ყველანი არ გამოვალთ ქუჩებში, თუ ჩვენ მშვიდობიანად არ შევცვლით საქართველოში სიტუაციას, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ საქართველოში ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან, საქართველო დაღუპულია“, – განაცხადა სააკაშვილმა.