360 ათასი დოლარი ლობისტური საქმიანობისთვის - შტატების იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის მიხედვით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კომპანია ნელსონ მალინსი დაიქირავა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლობისტური კომპანია იქნება პარტიის დიპლომატიური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატების სამთავრობო უწყებებთან, ასევე დაეხმარება მას, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში - ხელშეკრულება ექვსთვიანია, პარტია კი, აღსანიშნავია, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
ასევე ფარა-ს დოკუმენტების თანახმად, ლობისტური კომპანიისგან, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს დაქირავებული, კონგრესმენ ჯო უილსონს 10 ათასი დოლარი აქვს მიღებული.
უცხოელი აგენტების რეესტრზე განთავსებული ინფორმაცია დილიდან პოლიტიკური განხილვის საგანია თბილისში
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ყველა უსამართლო განცხადების უკან მსუყედ გადახდილი თანხები, ან "დიფ სთეითის" გავლენები დგას.
"გარედან გაკეთებული ყველა უსამართლო განცხადების უკან დგას მსუყედ გადახდილი თანხები, ან "დიფ სთეითის" გავლენები. ამ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" ნაქურდალი ფულით ჯო უილსონის დაპოსტილ შეტევებზე გვაქვს საუბარი.
ფარა-მ გამოავლინა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაფინანსებული ჯო უილსონი და მისი აქტივობა სოციალურ ქსელში, თუ ზოგადად მედიასივრცეში. იდენტური საფუძველი აქვს ყველა იმ უსამართლო განცხადებას, რომელიც "ქართული ოცნების", საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.