პროკურორებს სასამართლო დარბაზებში სხვადასხვა ტელეარხების ვიდეოკამერები აფრთხობთ. ამგვარ ვითარებაში ისინი ხან პროცესის გადადებას ითხოვენ და ხან შესვენების გამოცხადებას. ასე მოხდა 21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს N7 დარბაზში, სადაც ტელეკომპანია “იმედის“ კამერა პროცესს უწყვეტად იღებდა - პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე უკანონო ნივთის, ე.წ. შტირის შენახვა-გამოყენებისთვის ბრალდებულ გიორგი ბარათელის პროცესი ათი დღით გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანი ბარათელის საქმის განხილვას 31 მაისს 14 საათზე განაახლებს.
პროცესის გადადებამდე, 21 მაისს გამართულ სხდომაზე ბარათელმა მოასწრო იმის თქმა, რომ ის, რაც ახლა მასთან მიმართებაში ხდება, სათავეს 2007 წლის 20 მაისიდან იღებს, როცა ის გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს, თბილისის ზღვაზე აიყვანეს, დაჭრეს, შემდეგ პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემეს - მისგან გურამ შარაძის მკვლელობის აღიარებას ითხოვდნენ. ბარათელის თქმით, “შტირის“ ამბავი იმ ზეწოლისა და პროვოკაციების გაგრძელებაა, რაც 2007 წლის 20 მაისს, გურამ შარაძის მკვლელობის დღიდან დაიწყო. აქვე შეგახსენებთ, რომ ბარათელს ბრალად დასდეს აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობა და 26 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
21 მაისს გამართულ სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე, მისი მეუღლე თემურ გოგიძე, მათი ოჯახის უფლებების დამცველი ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე, გურამ შარაძის მეგობრები და აკადემიკოსის ოჯახის ახლობლები. პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებული ბარათელი სხდომათა დარბაზიდან ხმაურის ფონზე გაიყვანეს. უკანონო გადაწყვეტილების შემთხვევაში გისოსებს მიღმა აღმოჩნდებითო, - უთხრა რუსუდან შარაძემ მოსამართლე კოპალიანს და პროკურორ ჯალიაშვილს; ბარათელს კი პირობა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებს გურამ შარაძის საქმის ხელახალი და ობიექტური გამოძიებისთვის, რის შედეგადაც უდანაშაულო ბარათელი საპყრობილეს დატოვებს.
ე.წ. შტირის საქმეზე დანიშნულმა პროკურორმა თამაზ ჯალიაშვილმა მოუმზადებლობის მომიზეზებით პროცესის გადადება მეორედ მოითხოვა. ეს პირველად 2013 წლის 18 მარტს გააკეთა - “სხვა დეპარტამენტში ვმუშაობდი. კონკრეტულ სამმართველოში დღეს ჩემი მუშაობის პირველი დღეა. დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე შევიტყვე, რომ ამ პროცესზე უნდა წამოვსულიყავი, საქმეს არ ვიცნობ და ამიტომ, გთხოვთ, საქმის განხილვა გონივრული ვადით გადადოთო“.
2013 წლის 21 მაისს პროკურორმა ჯალიაშვილმა განაცხადა, რომ ორი-სამი დღე სჭირდებოდა საბოლოო სიტყვის წერილობით ჩამოსაყალიბებლად. ტელეკომპანია “იმედი“ სასამართლო სხდომას უწყვეტად იღებდა. ჰოდა, ეგებადა რაიმე შეშლოდა პროკურორ ჯალიაშვილს?! ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ მოინდომა საბოლოო სიტყვის წერილობით ჩამოყალიბებისთვის პროცესის ორი-სამი დღით გადადება. ბარათელის უფლებების დამცველი, ადვოკატი მამუკა ნოზაძე ვარაუდობს იმასაც, რომ პროცესის გადადების შუამდგომლობის დაყენების ერთ-ერთი მიზეზი ზემდგომთან საბოლოო პოზიციის შეთანხმება შეიძლება იყოს.
ბრალდებულ გიორგი ბარათელის საქმის არსებითი განხილვა 2013 წლის 1 მარტს დაიწყო. იმ დღეს სასამართლო დარბაზი ტელეკამერებით და ჟურნალისტებით სავსე იყო, რამაც ჩემი აზრით, პროკურორი ილი ხარძიანი ისე დააფრთხო, რომ სასაცილო ფრაზა ათქმევინა - “შესავალი სიტყვისთვის მზად არ ვარ, პროცესის 20 წუთით გადადებას ვითხოვო“. ეს მაშინ, როცა პროკურორი ხარძიანი არის საქართველოს მთავარი პროკურატურის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი. იგი ბრალდებულ ბარათელის საქმის დეტალებს შესანიშნავად იცნობდა.გარკვეული დოკუმენტები მისი შედგენილი გახლდათ და ბუნებრივია, ხელსაც ის აწერს.
გამომდინარე აქედან, პროკურორი შესანიშნავად იყო მომზადებული. შესვენების გამოცხადება კი კამერების დანახვით დამფრთხალმა იმის გამო მოითხოვა, რომ ვეღარ გაიგო როგორ მოქცეულიყო, რა ექნა, რა ეთქვა. ჩემი აზრით, 21 მაისის სხდომაზე ზუსტად იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა პროკურორი თამაზ ჯალიაშვილი, რომელსაც მოსამართლე კოპალიანთან ერთად რუსუდან შარაძის დანაპირებიც დაემატა - პროკურორსა და მოსამართლეს გურამ სარაძის შვილი ციხეში ჩასმით ემუქრება, თუ ბარათელთან მიმართებაში არასწორი განაჩენი დადგება.