ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკავებულები არიან. ამის შესახებ განცხადება იმერეთის სამხარეო პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. პროკურატურის ინფორმაციით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოს პროკურატურა აწარმოებდა კომპლექსურ ღონისძიებებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მიერ უმაღლეს სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში ადამიანისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური გამოძიების მიზნით.
დანაშაულის ჩადენის ადგილის, სიმძიმის და საქმეების წარმოების სირთულის მიხედვით, გამოძიების წარმართვაში ჩართულნი იყვნენ როგორც პროკურატურის ტერიტორიული ორგანოები, ასევე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი.
„ამ ეტაპზე შეგვიძლია გახსნილად გამოვაცხადოთ ივანე მერაბიშვილის კორუფციული საქმიანობის ორი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელთაგან პირველი საყურადღებო და პრიორიტეტულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ისინი ჩადენილია ვანო მერაბიშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრობის დროს. გამოძიების პროცესში უკვე მოპოვებულია შეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულები, რომელთა ერთობლიობა საკმარისია დასკვნისათვის, რომ ივანე მერაბიშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა, ა82-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები“, - აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების ინფორმაციით, პირველი ეპიზოდი გამოიხატა შემდეგში - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ივანე მერაბიშვილმა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის, აგრეთვე სახელმწიფო სახსრებით დასახელებული პარტიის შენიღბული და ფარული დაფინანსების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან და სხვა პირებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა თვალთმაქცური მოქმედებები, რომლის მიხედვითაც საქართველოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებიდან 5 200 000 ლარი უკანონოდ ჩაერიცხა დაახლოებით 22 000 პირს.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ მითითებული პირები მოჩვენებითაც გააფორმეს, როგორც შტატგარეშე თანამშრომლები, სინამდვილეში მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ, ხოლო ფული მიიღეს მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხმის მიცემისა და საარჩევნო აგიტაციის წარმოების სანაცვლოდ. ამრიგად, პროკურატურის დასკვნით, მერაბიშვილის ქმედებით სახელმწიფომ 5 200 000 ლარის ზიანი მიიღო.
რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ივანე მერაბიშვილს დასვენებისათვის მოეწონა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში ზღვის პირას მდებარე შპს „საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის“ კუთვნილი ფეშენებელური აგარაკი და 2009 წლის მაისში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით დააკავა იგი და ოჯახთან ერთად ოთხი წლის განმავლობაში თითქმის უსასყიდლოდ სარგებლობდა ამ ქონებით. მერაბიშვილმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლება-მოსილება და სხვისი აგარაკის საკუთარი ოჯახის წევრების გემოვნებით მოწყობის მიზნით გაარემონტა იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებით. დანაშაულის კვალის დაფარვი მიზნით ივანე მერაბიშვილის მიერ გამოყენებული იქნა საიდუმლო ხარჯები, რომლითაც კანონის თანახმად უნდა დაფინანსებულიყო დანაშაულთან ბრძოლისათვის გათვალისწინებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები.
„მერაბიშვილის განკარგულებით, სამინისტროს ბიუჯეტიდან იაფარებოდა აგარაკზე მომუშავე დამხმარე პერსონალის სახელმფასო ანაზღაურებაც. შედეგად სახელმწიფოს მიადგა 158 000 ლარის ზიანი. ამჟამად ივანე მერაბიშვილი დაკავებულია. მისთვის ინკრიმინირებული ქმედება ითვალისწინებს 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რადგან არსებობს უტყუარი მასალები, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად. ამავდროულად, გვინდა გავნაცხადოთ, რომ ფაქტობრივად დასრულებულია გამოძიება კიდევ ორ ეპიზოდზე. კერძოდ, პირველი შეეხება 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებით, ორგანიზებითა და პირადი კონტროლით საპოლიციო ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ აშკარად არათანაზომიერი, არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალის განზრახ გამოყენებას, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი, და ჯანსმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო მრავალმა ადამიანმა“, - აცხადებს პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი.
მისივე ინფორმაციით, მეორე ეპიზოდი უკავშირდება უკანასკნელი წლების ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ, ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, რომლის გამოძიებით პროკურატურის მიერ პრაქტიკულად სრული სიზუსტით აღდგენილია შემთხვევის ვითარება, დადგენილია მასში მონაწილე ყველა პირი, გარკვეულია დანაშაულის რეალური მოტივი, მისი ორგანიზატორები და შემსრულებლები.
„მოპოვებული მტკიცებულებებით უდავოთ დადასტურებულია, რომ სწორედ ივანე მერაბიშვილმა სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი მეუღლის, თამარ სალაყაიას, აგრეთვე სხვა, მასთან დაახლოებული პირების მომხდარი დანაშაულისაგან ხელოვნურად განრიდების მიზნით უზრუნველჰყო მოცემულ საქმეზე უკანონო, ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება და ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას შეგნებულად შეუშალა ხელი. უახლოეს პერიოდში ივანე მერაბიშვილს ზემოაღნიშნულ ორ ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინება დამატებითი ბრალდება, ხოლო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდება სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების შედეგების თაობაზე. ივანე მერაბიშვილთან ერთად დაკავებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი“, - აცხადებენ პროკურატურაში.