ჩვენი ქვეყნისთვის ხაზის გადასმასაც ასე ცდილობენ — პუტინი ჯოან როულინგს გამოესარჩლა

ჩვენი ქვეყნისთვის ხაზის გადასმასაც ასე ცდილობენ — პუტინი ჯოან როულინგს გამოესარჩლა

ვინ-ვინ და ჯოან როულინგი თუ გახდებოდა ვლადიმირ პუტინის დასაცავი, ამას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. ჰარი პოტერის შემქმნელს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ტრანსფობიის ბრალდებებით რამდენჯერმე გააკრიტიკეს, რუსეთის პრეზიდენტი გამოესარჩლა და მაგალითად მოიხმო იმის "საჩვენებლად", თუ როგორ "ცდილობს დასავლეთი რუსეთისთვის ხაზის გადასმას".

"ცოტა ხნის წინ მათ ხაზი გადაუსვეს საბავშვო მწერალს, ჯოან როულინგს, რომლის წიგნებიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ეგზემპლარად იყიდება, მაგრამ მისი შეხედულებები ეგრეთ წოდებული გენდერული თავისუფლების მომხრეებს თვალში არ მოუვიდათ", — განაცხადა პუტინმა, — "ახლა მთელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ცდილობენ ხაზის გადასმას. მე ვსაუბრობ პროგრესირებად დისკრიმინაციაზე ნებისმიერი რამის მიმართ, რაც რუსეთს უკავშირდება. ეს ტენდენცია დასავლურ სახელმწიფოებში შეინიშნება და ზოგჯერ მმართველი ელიტების მხრიდანაა წახალისებული. ხაზის გადასმის კულტურამ თვითონ კულტურასაც გადაუსვა უკვე ხაზი. ახლა ხაზს უსვამენ ასევე ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩს და რახმანინოვს, რუს მწერლებსა და წიგნებს".

"ხაზგადასმულ" ლიტერატურაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ასე ბოლოს "ნაცისტები მოიქცნენ 1930-იან წლებში", როცა წიგნები დაწვეს.

"ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში წარმოუდგენელია და სწორედ ჩვენი კულტურის წყალობით, მსგავსი რამის თავიდან აცილება შეგვიძლია", — განაგრძო პუტინმა, — "[რუსეთში], სადაც საუკუნეებია, ათობით ეროვნული კუთვნილების ჯგუფები ერთად ცხოვრობენ, ეთნიკური შეუწყნარებლობის ადგილი არაა".

არადა, "წარმოუდგენელი რამ" რუსეთში რეალობაა — სახელმწიფოში ცენზურა იმდენად მკაცრია, რომ თუნდაც საბჭოთა ისტორიის მამხილებელი ადამიანები პატიმრობით ისჯებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ 2013 წელს "ჰომოსექსუალობის პროპაგანდის" ამკრძალავ კანონზე და იეჰოვას მოწმეების დევნაზე.

რაც შეეხება როულინგს, პუტინმა მას მხარი გასული წლის დეკემბერშიც დაუჭირა და "ცნობილი ადამიანებისთვის ბოიკოტის გამოცხადების" კულტურა დაგმო.

თუმცა, ცნობილი მწერალი არა მხოლოდ უკრაინას ეხმარება, რუსეთის პრეზიდენტის გამოცხადებულ სოლიდარობასაც კრიტიკით პასუხობს.

"დასავლეთში ხაზის გადასმის კულტურის გასაკრიტიკებლად სიტყვა არ ეთქმის მას, ვინც მშვიდობიან მოქალაქეებს წინააღმდეგობის გაწევისთვის ხოცავს, თავის ოპონენტებს კი აპატიმრებს და წამლავს", — განაცხადა მწერალმა ტვიტერზე და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმის შესახებ დაწერილი სტატია გააზიარა.