სიმართლეს გიმალავენ — შვარცენეგერმა უკრაინის ომზე რუსებს მიმართა

სიმართლეს გიმალავენ — შვარცენეგერმა უკრაინის ომზე რუსებს მიმართა

რუსულ ტვიტერზე პოპულარული გახდა ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობის, არნოლდ შვარცენეგერის ვიდეომიმართვა რუსი ხალხისადმი. ვიდეოში შვარცენეგერი რუსეთის მოსახლეობას დეზინფორმაციის შესახებ აფრთხილებს: რუსეთში უკრაინაზე თავდასხმის შესახებ რადიკალურად მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ.

მან პირდაპირ მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს: "შენ დაიწყე ეს ომი და შენვე შეგიძლია შეაჩერო ის".

რუსეთი მუდმივად აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი "სპეციალური ოპერაციაა" რუსულენოვანი უკრაინელების დასაცავად, მაგრამ თავის ვიდეოში შვარცენეგერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კრემლი ატყუებს რუსებს, როცა ამბობს, თითქოს უკრაინაში შეჭრა ნაციზმისგან განდევნის მიზნით მოხდა. უკრაინას ომი არ დაუწყია, ის "კრემლში მყოფებმა" დაიწყეს, ამბობს არნოლდი.

ვიდეოს უკვე 35 მილიონზე მეტი ნახვა და ნახევარმილიონამდე გაზიარება აქვს.

ცხრაწუთიან ვიდეოში, სადაც ასევე უკრაინის ნგრევის კადრებია ნაჩვენები, მსახიობი რუს ხალხს მოუწოდებს, არ მოტყუვდნენ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამო.

"დღეს მოგმართავთ იმიტომ, რომ მსოფლიოში ისეთი რაღაცები ხდება, რასაც გიმალავენ. ეს საშინელი რამ უნდა იცოდეთ. უკრაინას არ დაუწყია ეს ომი, არც ნაციონალისტებს და არც ნაცისტებს", — ამბობს კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი და აღნიშნავს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია.

სოციალური ქსელების ის რუსი მომხმარებლები, რომლებიც ამ ომის წინააღმდეგი არიან, დადებითად აფასებენ შვარცენეგერის მომართვას.

Telegram-ზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლევ შლოსბერგმა აღნიშნა, რომ ვიდეო გადაღებულია "ჩვენი, რუსი ხალხის მიმართ გამოხატული პატივისცემით".

"არნოლდ შვარცენეგერს აქვს უნიკალური უნარი, ესაუბროს ნებისმიერს დარწმუნებითა და პატივისცემით. ჭკუა, ძალა და სამართლიანობა. მოუსმინეთ, დაფიქრდით, გაიაზრეთ", — ამბობს შლოსბერგი.

იმავე სოციალურ მედიაში გაწევრიანებულმა ლიბერალმა ჟურნალისტმა ანტონ ორეხმა თქვა, რომ მსახიობის შეტყობინება არ შეიცავს "რუსოფობიას".

"ჩვენ მსოფლიოსგან განდევნილები ვართ. არნოლდი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგან, ვინც რუსებს მიმართა არა როგორც ველურ ორკებს, არამედ როგორც კარგ ადამიანებს, რომლებმაც სწორი გზიდან გადაუხვიეს", — ამბობს ორეხი.

ბოდიბილდინგის ყოფილი ჩემპიონი, რომლის ფილმი Red Heat პირველი ამერიკული ფილმი იყო, რომელიც მოსკოვის წითელ მოედანზე გადაიღეს, ასევე საუბრობს რუსი ხალხისადმი მის სიყვარულზე და ამბობს, რომ ახალგაზრდობაში შთაგონებული იყო რუსი ოლიმპიური ძალოსნით, იური ვლასოვით.

"რუსი ხალხის ძალა და გულისხმიერება ყოველთვის შთამაგონებდა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ნებას მომცემთ, სიმართლე გითხრათ უკრაინის ომის შესახებ. ეს არის უკანონო ომი. თქვენი სიცოცხლე, თქვენი მომავალი ეწირება უაზრო ომს, რომელიც მთელმა მსოფლიომ დაგმო."

აღსანიშნავია, რომ არნოლდ შვარცენეგერის ტვიტერი იმ იშვიათ ინგლისურენოვან ანგარიშებს შორისაა, რომელიც კრემლის ოფიციალურ ანგარიშს აქვს გამოწერილი.