ექვსი წლის წინ, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში გადაღებული კადრები, ცხელ კვალზე “გახსნილი“ საქმე, ურთიერთგამომრიცხავი ცნობები, ჭორად გავრცელებული მკვლელობის შეთითხნილი მოტივი, უპასუხოდ დატოვებული კითხვები, მელიქიშვილის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითქმის, მთელი შემადგენლობა და მათ შორის გამორჩეულად აქტიური შოთა ხიზანიშვილი, - ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მიღება სტატიის ბოლოს მიბმული იმ ვიდეოკადრებიდან შეგიძლიათ, რომელიც 2007 წლის 20 მაისს ტელეკომპანია “იმედზე“ პოპულარული გადაცემა “დროება“-ს საშუალებით გავიდა. აქვე გთავაზობთ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილის რუსუდან შარაძის კომენტარს, მკვლელობის დღეს გიორგი ბარათელთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.
“დროება“-ში გასული ვიდეოკადრები for.ge-ს მოაწოდა აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ. ტექნიკური დახმარებისთვის უღრმეს მადლობას ვუხდით მედია-კავშირ “ობიექტივის“ პროდიუსერ ილია ჩაჩიბაიას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს კადრები, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, რუსუდან შარაძემ მთავარ პროკურატურაში წარადგინა.
აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარათელმა მთავარ პროკურატურას განცხადებით 2012 წლის 23 ოქტომბერს მიმართა. ბარათელი საქმის ხელახალ გამოძიებას და დაკითხვას ითხოვს. აცხადებს, რომ 2007 წლის 20 მაისს დღის თორმეტ საათზე, ანუ გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს. იმის ნაცვლად რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმით დაინტერესებულიყვნენ, ადგნენ და ბარათელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხელმეორედ აღძრეს - მას უკანონო ნივთის შენახვა-გამოყენების გამო სამ წლამდე პატიმრობის დამატება ემუქრება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 21 მაისს, 14 საათზე განხლდება.
მთავარ პროკურატურაში გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ რუსუდან შარაძესთან ერთად მკვლელობის თვითმხილველთა გამოკითხვის ოქმები წარადგინა. პროკურატურაში ასევე შესულია იმ პირთა გამოკითხვის ოქმებიც, რომლებიც მზად არიან გამოძიებას ჩვენება მისცენ და უამბონ, მელნიკოვის დავალებით როგორ ახორციელებდნენ გიორგი ბარათელზე ზეწოლას.
for.ge-ზე წარმოდგენილი ამ სტატიის ძირითადი ნაწილი გადაცემა “დროება“-ს ერთგვარ ანოტაციას წარმოადგენს. 2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძის მკვლელობის ამბავი მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ სწორედ “დროება“-ს საშუალებით შეიტყო. გადაცემა ორი საათი და 15 წუთი გაგრძელდა. გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ მელიქიშვილის გამზირიდან, “მიხაილოვის“ საავადმყოფოდან, აკადემიკოსის სახლის და პროზექტურის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი სატელევიზიო ჩართვა 7-ჯერ განხორციელდა. აქედან ექვსჯერ ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი ჩაერთო, ერთხელ გიორგი ახვლედიანი.
“თბილისის ცენტრში მოკლეს პროფესორი გურამ შარაძე. ეს მოხდა 40 წუთის წინ, მელიქიშვილის გამზირზე“, - ასე დაიწყო 2007 წლის 20 მაისს, 21 საათზე გადაცემა “დროება“.
პირველი ჩართვა - ჟურნალისტი შსს-ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მელიქიშვილის გამზირიდან მაყურებელს ეუბნება, რომ მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების კვეთასთან 5-4 გასროლა გაისმა, რის შედეგადაც გურამ შარაძე დაიღუპა. მკვლელობას შეესწრო საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი, რომელიც მკვლელობაში ეჭვმიტანილს, სახელად გიორგის დაედევნა, მრგვალ ბაღთან დააკავა და პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიციამ მკვლელობის ადგილიდან “ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი ამოიღო. სატელევიზიო ჩართვის დროს მელიქიშვილზე იმყოფებოდნენ შს მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი (რომელიც იქ გამორჩეულად ფაციფუცობს), თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობა. ჟურნალისტი თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობს, რომ “ამ დროისთვის სავარაუდოდ, ორმხრივი სროლა იყო საპატრულო პოლიციასა და ეჭვმიტანილს შორის“.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მკვლელობის ადგილას მისულები არიან აკადემიკოსის ქალიშვილის ქმარი და ძმისშვილი. “დროება“ ათი წუთის დაწყებული იყო, ანუ გურამ შარაძის დახვრეტიდან ერთი საათი არ იყო გასული, როცა მელიქიშვილის გამზირზე მყოფმა ნათია მიქიაშვილმა განაცხადა - “ამ წუთებში მაწვდიან ინფორმაციას რომ დაკავებულმა მკვლელობა აღიარა“.
ლეგენდარული პატრულ-ინსპექტორის რობერტ პანიევის პირველი კომენტარი “დროებაში“ 21:13 წუთზე გავიდა, მაგრამ ორმხრივი სროლის შესახებ არაფერი უთქვამს - “ვმოძრაობდით მელიქიშვილის ქუჩაზე, გავიგეთ გასროლის ხმა, დავინახეთ პიროვნება, რომელიც განახორციელა გასროლა. გავეკიდეთ. დევნის შედეგად დავაკავეთ მრგვალ ბაღთან. პიროვნება აღიარებს თავის დანაშაულს. ჯერჯერობით სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით“. ჟურნალისტების კითხვებს პანიევმა არ უპასუხა. იგი ჟურნალისტებს შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა გაარიდა, რაც ვიდეოკადრში შესანიშნავად ჩანს.
მეორე ჩართვა - მეორე სატელევიზიო ჩართვა გადაცემის დაწყებიდან 27-ე წუთზე, ანუ 21:27 წუთზე განხორციელდა. ჟურნალისტმა ნათია მიქიაშვილმა ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა, თქვა რომ ესაა გიორგი ბარათელი. შემდეგ “დროების“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო პატრულ-ინსპექტორი რობერტ პანიევი და დაახლოებით იგივე გაიმეორა, რაც მანამდე თქვა - “ვმოძრაობდით მელიქიშვილის ქუჩაზე, გავიგეთ გასროლის ხმა. სავარაუდოდ სამი გასროლა იყო. ფეხით იყო. დავინახეთ ის პიროვნება, ვინც განახორციელა გასროლა. გავეკიდეთ, დევნის შედეგად ეჭვმიტანილი იყო დაკავებული მრგვალ ბაღთან. იქვე აღიარა დანაშაული“. ნათია მიქიაშვილის კითხვები (იცით თუ არა რომ “ტეტეს“ სისტემის იარაღით განხორციელდა გასროლა და სადაზღვევო კომპანია “ალდაგის“ ერთ-ერთმა ვიდეოკამერამ მკვლელობა გადაიღოო?) პანიევმა უპასუხოდ დატოვა - “მეტს ვერაფერს გეტყვითო“. პანიევის სიტყვების პარალელურად კადრში ჩანს გურამ შარაძის დასისხლიანებული ცხედარი.
მეორე სატელევიზიო ჩართვისას ირკვევა, რომ გურამ შარაძის ცხედარი მელიქიშვილის გამზირიდან ათის ნახევარზე გადაასვენეს. ნათია მიქიაშვილის განმარტებით, იმ დროისთვის დანაშაულის მოტივზე საუბრისგან შსს თავს იკავებდა.
სტუდიიდან გიორგი თარგამაძე ეკითხება ნათია მიქიაშვილს - წლების წინ გიორგი ბარათელი და გურამ შარაძის ვაჟი გიორგი ერთად მუშაობდნენ სტუდია “აუდიენციაში“ და პოლიციელებს ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან ხომ არ დაუკავშირებიათ და კიდევ საინტერესოა, რას ასახელებენ მოტივად, რის გამო შეიძლებოდა ბარათელს პროფესორი გურამ შარაძე მოეკლაო. ამაზე ნათია მიქიაშვილმა ვერაფერი უთხრა. გადაცემის ავტორი ჟურნალისტს შემდეგ ჩართვამდე დაემშვიდობა - როგორც ჩანს ამ ეტაპზე მეტი აღარაფერი გაქვს სათქმელიო.
მესამე ჩართვა - მესამე ჩართვა ნინო ნიშნიანიძის კომენტარით დაიწყო. ის იმჟამად გურამ შარაძის ადვოკატი იყო. ნიშნიანიძე ამბობს, საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრების საშუალებას არ მაძლევენო.
მეოთხე ჩართვა - “დროებაში“ გავიდა მკვლელობიდან ათის წუთის შემდეგ გადაღებული ვიდეოკადრები, რომელზეც ჩანს, რომ მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების კვეთასთან, ტროტუარზე პირვქვედამხობილი გურამ შარაძის ცხედარი სისხლში ცურავს, მას ზევიდან რაღაც ნახევრად აქვს გადაფარებული. გადაცემის წამყვანი კი ამბობს, რომ ბარათელი 1977 წელსაა დაბადებული, წლების წინ “აუდიენციაში“, ხოლო ბოლოს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ზე, გადაცემა “ფარულ კამერაში“ ტელეოპერატორად მუშაობდა.
ამის შემდეგ ნათია მიქიაშვილი მელიქიშვილის გამზირიდან ჩაერთო და თქვა რომ 1996-1998 წლებში ბარათელი “აუდიენციაში“ ოპერატორის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო მანამდე ქსნის კოლონიაში სასჯელს იხდიდა. იქვე დასძინა, რომ ესაა დაუდასტურებელი ინფორმაცია. წინა ჩართვების დროს მიქიაშვილი ამბობდა 4-5 გასროლა იყოო. რობერტ პანიევმა სამი თქვა, ხოლო მელიქიშვილის გამზირზე აფთიაქის თანამშრომელმა ჟურნალისტს უთხრა, რომ 5-6 გასროლის ხმა გაიგონა.
მეხუთე ჩართვა - გადაცემის წამყვანმა მაყურებელს შეახსენა, რომ მკვლელობაში გიორგი ბარათელი იყო ეჭვმიტანილი, რომელმაც დანაშაული აღიარა და რომ აკადემიკოსის ცხედარი მელიქიშვილიდან პროზექტურაში იყო გადასვენებული.
მეექვსე ჩართვა - მეექვსე ჩართვის დროს “დროების“ ავტორი და წამყვანი ამბობს რომ მათი ინფორმაციით გიორგი ბარათელი წმიდა მიქაელის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან ნათია მიქიაშვილი ერთვება და ამბობს, რომ იმ წუთისთვის დასტურდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ორმხრივი სროლა იყო მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების კვეთასთან და რომ ბარათელი დაჭრილი გახლდათ. გადაცემის წამყვანისა და ჟურნალისტის კითხვა-პასუხი ასეთი გახლდათ:
გიორგი თარგამაძე: პატრულმა ჩვენ ადრე გვითხრა რომ მკვლელის დაკავების დროს გასროლას ადგილი არ ჰქონია და ის დააკავეს ისე, რომ იმ ადამიანს წინააღმდეგობა ფაქტობრივად არ გაუწევია. ამასვე ამბობენ თვითმხილველები, რომ მრგვალ ბაღთან გასროლა არ ყოფილა. შესაბამისად გამოდის რომ თუ ეს ადამიანი დაჭრილია ცეცხლსასროლი იარაღით, ამ გასროლას ადგილი შეიძლებოდა ჰქონოდა მანამდე? ჯერჯერობით მკითხაობას, რომ არ დაემსგავსოს, სჯობია არ ვისაუბროთ ამის თაობაზე და დაველოდოთ რას იტყვიან თავად პატრულის წარმომადგენლები.
ნათია მიქიაშვილი: ეს კითხვა თავიდანვე გამიჩნდა, როცა შემთხვევის ადგილზე მივედით, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვქონდა ექსპერტიზის პასუხები. შესაბამისად ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, თუ რომელი ტყვიით არის მკვდარი გურამ შარაძე. ალბათ, მოხდება იდენტიფიკაცია იმ ტყვიის გულისა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იქნა მოძებნილი და რომელსაც გურამ შარაძის სხეულიდან ექსპერტები ამოიღებენ და მოხდება უკვე იმ ცეცხლსასროლ იარაღთან იდენტიფიცირება, რომელიც ამოღებულ იქნა გიორგი ბარათელისგან. ამ ეტაპზე ცნობილია რომ ესაა “ტეტეს“ სისტემის იარაღი.
გიორგი თარგამაძე: გიორგი ბარათელი რა იარაღით არის დაჭრილი, ჩვენ ამის თაობაზე ინფორმაცია არ გვაქვს, ვიცით ერთადერთი რომ ის წმიდა მიქაელის საავადმყოფოშია მიყვანილი?
ნათია მიქიაშვილი: დიახ, დიახ. ტელეკამერების მიღმა ექიმები ადასტურებენ რომ ვინმე დაჭრილი შემოიყვანეს მიხაილოვის საავადმყოფოში. შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად რომლებიც იმყოფებიან აქ, ჩვენ ვხვდებით რომ ეს ნამდვილად გიორგი ბარათელია. თუმცა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რა იარაღიდან არის დაჭრილი გიორგი ბარათელი, იყო თუ არა შემთხვევის ადგილას ორმხრივი სროლა, ეს ჯერჯერობით არ ვიცით.
ამის შემდეგ გადაცემის პირდაპირ ეთერში გიორგი ახვლედიანი გურამ შარაძის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩაერთო. ამ მომენტში ცხადი ხდება, რომ მკვლელობის შეთითხნილი მოტივი უკვე გავრცელებულია, რასაც აკადემიკოსის ოჯახი უარყოფს.
გიორგი ახვლედიანი: “ძალიან საინტერესო და საყურადღებო ინფორმაცია მოგვაწოდა გურამ შარაძის სიძემ. მისი განცხადებით, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიორგი შარაძის, ანუ გურამ შარაძის ვაჟსა და გიორგი ბარათელს შორის რაღაც დაპირისპირება არსებობდა და შეიძლებოდა გამოძიება ამ მიმართულებით წასულიყო, აბსურდია და სიმართლეს არ შეესაბამება...“
მეშვიდე, ბოლო ჩართვა - წმიდა მიხაილის საავადმყოფოში, ნათია მიქიაშვილს პირადი საუბრისას სანიტრებმა და ექიმებმა დაუდასტურეს, რომ საავადმყოფოში მიყვანილი დაჭრილი მართლაც ბარათელი იყო. ჟურნალისტი ამბობს, რომ ბარათელი მარცხენა მკლავში მსუბუქადაა დაჭრილი (რეალურად, ბარათელს ჭრილობა მარჯვენა მხარზე აქვს for.ge). “დროების“ობიექტივში ბარათელიც მოხვდა - მას თეთრი მაისური მარცხნივ, მხარს ქვემოთ ჩამოწეული აქვს. ჩანს ისიც რომ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანიც იყო მისული, რაზეც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა - “დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, არანაირი პრობლემა არ არის, მხარში აქვს გაკაწრული, დანარჩენს ექიმები გეტყვიან. მე მოვედი სანახავად“. ამის შემდეგ აჩვენებენ პროზექტურასთან გადაღებულ კადრებს, სადაც გურამ შარაძის მეუღლე და ახლობლები არიან მისულები. “საქართველოს სიყვარულისთვის ერთი შვილი მომიკლეს. ახლა ქმარი მომიკლეს“, - ისმის აკადემიკოსის მეუღლის ხმა. ბოლოს, ნათია მიქიაშვილი მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენა ის, რაც წინა ჩართვების დროს თქვა და ამით გადაცემა სრულდება.
შეგახსენებთ, რომ რუსუდან შარაძე მამის მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. იგი გურამ შარაძის მკვლელობის დღიდან, აგერ უკვე ექვსი წელია აცხადებს, რომ გიორგი ბარათელი უდანაშაულოა და რომ ნამდვილი მკვლელები დაუსჯელები დადიან. რუსუდან შარაძე ჩვენი თხოვნით კიდევ ერთხელ იხსენებს როგორ და საიდან იცნობენ შარაძეები გიორგი ბარათელს:
„იმ დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია იყო, საქართველოში აქცია ჩატარდა, რომელშიც მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილოება მიიღეს: გამოჩენილმა მსახიობებმა, მუსიკოსებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა. აქცია გულისხმობდა არასრულწლოვანთა კოლონიიდან ბავშვების დროზე ადრე გათავისუფლებას და სხვადასხვა ადგილებში მათ დასაქმებას. ამაში ჩართული იყო პირველი არხიც, სადაც იმ დროს, ბავშვთა და საყმაწვილო გადაცემების რედაქციას გიორგი შარაძე ხელმძღვანელობდა.
ასე აღმოჩნდა გიორგი ბარათელი ჩემს ძმასთან. მანვე შეასწავლა ოპერატორის პროფესია და როგორც პატარა მეგობარი, ისე ჰყავდა. ასე გავიცანი გიორგი ბარათელი მეც და ყოველთვის თბილი დამოკიდებულება მაკავშირებდა. როდესაც ჩემმა ძმამ შვეიცარიაში საქართველოს საელჩოში კულტურის ატაშედ მუშაობა დაიწყო და იქ გრიგოლ რობაქიძეზე ფილმს იღებდა, დამხმარე ოპერატორად გიორგი ბარათელი მიიწვია, რომელიც იმ დროს უკვე სტუდია „აუდიენციაში“ მუშაობდა. რაც შეეხება “დროება“-ში გასულ გიორგი ახვლედიანის ინფორმაციას - არ ვიცი მას რა მოეჩვენა. გურამ შარაძეს ბარათელი სასწავლებლად არ გაუშვია“.