მკვლევრებმა მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი ადამიანი გამოავლინეს

მკვლევრებმა მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი ადამიანი გამოავლინეს

ესექსის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი ადამიანია ის, ვისაც რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებული მონაცემები ბაზებში შეჰყავს, თან ტელევიზორის ყურება უყვარს და ქალაქში ცხოვრობს.

ესექსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ასევე გამოავლინეს ის პროფესიები, პიროვნული მახასიათებლები და სხვადასხვა ჰობი, რომლებიც ყველაზე მოსაწყენად მიიჩნევა. ხუთ ექსპერიმენტში 500-ზე მეტი ადამიანის დაკვირვების შემდეგ მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ყველაზე უინტერესო სამუშაოები მონაცემთა ანალიზს, ბუღალტერიას, დასუფთავებასა და საბანკო მომსახურებას უკავშირდება.

ნაშრომში, რომელიც ჟურნალ Personality and Social Psychology Bulletin-ში გამოქვეყნდა, ყველაზე მოსაწყენი სხვადასხვა ჰობიც არის დასახელებული. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რელიგია, ტელევიზორის ყურება, ფრინველებზე დაკვირვება ან მოწევა მოსაწყენ ჰობიდ მიიჩნევა.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მოსაწყენ ადამიანებად ისინი აღიქმებიან, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრებას ერიდებიან და პატარა დასახლებებს ირჩევენ. გარდა ამისა, სხვები მოსაწყენად მიჩნეულ ადამიანებთან ურთიერთობას თავს არიდებენ. კვლევაში მონაწილეთა უმეტესობა თანახმა იყო, რომ მოსაწყენ ადამიანთან ერთი დღე გაეტარებინა, თუ მინიმუმ 46 დოლარს გადაუხდიდნენ.

"ირონიულია, რომ მოწყენილობის შესწავლა საკმაოდ საინტერესო პროცესია. ჩვენი კვლევა აჩვენებს, თუ რა სტერეოტიპები არსებობს საზოგადოებაში მოწყენილობასთან დაკავშირებით. ეს დამოკიდებულებები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სოციუმის წევრები "მოსაწყენი" პროფესიისა და ჰობის მქონე ადამიანებთან საუბრის ნაცვლად, მათ თავს არიდებენ. აქედან გამომდინარე, "მოსაწყენ" ადამიანებს ნეგატიური სტერეოტიპების შეცვლის შესაძლებლობა არ აქვთ, რაც მათ ცხოვრებაზეც უარყოფითად აისახება", — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი.

სტატიაში ესექსის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით დადგენილ ხუთ ყველაზე საინტერესო სამუშაოს, ხუთ ყველაზე მოსაწყენ სამუშაოსა და ხუთ ყველაზე მოსაწყენ ჰობს გიზიარებთ.

ყველაზე მოსაწყენი სამუშაოების ხუთეული:

მონაცემთა ანალიზი

ბუღალტერია

საგადასახადო / სადაზღვევო საქმიანობა

დასუფთავება

საბანკო საქმე

ყველაზე საინტერესო სამუშაოების ხუთეული:

ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმიანობა

მეცნიერება

ჟურნალისტიკა

მედიცინა

სწავლება

5 ყველაზე მოსაწყენი ჰობი:

ძილი

რელიგია

ტელევიზორის ყურება

ცხოველებზე დაკვირვება

მათემატიკა