გურამ გურაშვილი: „სკრინინგის, ანუ პროფილაქტიკური გასინჯვის ჩატარება ნაწლავის კიბოს პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებაა“

გურამ გურაშვილი: „სკრინინგის, ანუ პროფილაქტიკური გასინჯვის ჩატარება ნაწლავის კიბოს პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებაა“

„სწორი ნაწლავის კიბოს პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ აქტიური ცხოვრების წესი. სტატისტიკურად დადგენილია, რომ კვირაში მინიმუმ აუცილებელია 150-წუთიანი ზომიერი, ან 75-წუთიანი ენერგიული ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება, ცხოვრების მჯდომარე წესის შეზღუდვა, ყველაზე მთავარი კი, პრევენციის თვალსაზრისით, არის რეგულარული სკრინინგი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ეროვნული სკრინინგ ცენტრის ენდოსკოპისტი, ქირურგი გურამ გურაშვილი.

მარტის თვე მსოფლიოში მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების თვედ ითვლება. როგორია საქართველოში ამ დაავადების მიმართ ცნობადობა და რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ პაციენტები, რადგან პანდემიამ ზოგადად ყველა სამედიცინო ცენტრში მომართვიანობა შეამცირა?

- მოგეხსენებათ, მარტი მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების თვეა და მას მოიხსენიებენ „ლურჯი მარტის“ თვედ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ, აღნიშული დიაგნოზი გავრცელების თვალსაზრით მთელ მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ხოლო კიბოსთან ასოცირებული სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეორე ადგილს იკავებს. საქართველოში სტატისტიკურად წელიწადში კოლორექტალური კიბოს (მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო) დაახლოებით 700 შემთხვევა ფიქსირდება.

მისი გავრცელების სიხშირე მამაკაცებში უფრო მეტია, თუ ქალბატონებში?

- სტატისტიკურად რომ ავიღოთ, ყოველი 20 მამაკაციდან ერთ მამაკაცს უდასტურდება აღნიშნული დიაგნოზი, ხოლო ყოველი 35 ქალბატონიდან ერთს უდასტურდება. საქართველოში მამაკაცებში დიაგნოზის გავრცელების თვალსაზრისით კოლორექტალური კიბო იკავებს მეოთხე ადგილს ფილტვის, შარდის ბუშტის და პროსტატის კიბოს ავთვისებიანი სიმსივნეების შემდეგ, ხოლო ქალბატონებში მესამე ადგილს იკავებს ფარისებრი და სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების შემდეგ. პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა მომართვიანობაზე, ისედაც დიდად არ იყო აქტიურობა სკრინინგთან დაკავშირებით და პანდემიამ კიდევ უფრო შეაფერხა მომართვიანობა, რადგან ზოგს უდასტურდებოდა კორონავირუსი, ზოგს ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია და თავს იკავებდნენ აღნიშნული კვლევის ჩატარებაზე. სამომავლოდ ეს თავშეკავება და პაციენტების მოუსვლელობა, რომელთაც უნდა ჩაეტარებინათ სკრინინგი, უარყოფითად აისახება პაციენტთა შედეგებზე.

მამაკაცებსა და ქალბატონებს 50 წლის ზემოთ პროფილაქტიკის მიზნით ესაჭიროებათ სკრინინგის ჩატარება, მაგრამ ქართველებს, თავისი მენტალობიდან გამომდინარე, არ სურთ მოისმინონ მძიმე დიაგნოზი, თუკი ასეთი დიაგნოზი დადასტურდება. ამ მენტალობის შეცვლა არ ხერხდება?

- სასკრინინგო ასაკი ქალბატონებსა და მამაკაცებში 50 წლიდან 70 წლამდეა. ამიტომ სკრინინგ პროგრამა ეკუთვნით სწორედ ამ ასაკის ადამიანებს, რომლებიც ჩააბარებენ განავლის ანალიზს ფარულ სისხლდენაზე და დადებითი ტესტის შემთხვევაში ეკუთვნით კოლონოსკოპიური კვლევა. მომართვიანობის ბარიერი ისევ რჩება პრობლემურ საკითხად და საკმაოდ დიდი მუშაობა დაგვჭირდება ყველას, „ლურჯი მარტის“ კამპანიაც სწორედ ცნობადობის ამაღლებას და მეტი ინფორმაციის მიწოდებას ეხება. ზოგადად, მსხვილი ნაწლავის კიბო ნელა მიმდინარეობს, 70%-ში მისი გამოვლენა მე-3-4 სტადიაში ხდება მაშინ, როდესაც პირველსავე სტადიაში გამოვლენის შემთხვევაში, მისი მკურნალობის წარმატებით დასრულების შანსი 95%-ია.

ქართველების კვებითი ჩვევები განაპირობებს ნაწლავის კიბოს. ჩვენს ხალხს მიდრეკილება აქვს ცხარე, მწარე საკვების მიმართ. დასავლეთის ქვეყნებში, ალბათ, კვებითი ღირებულებებიდან გამომდინარე, ეს დაავადება ნაკლებად იქნება.

- კოლორექტალური კიბოს გამომწვევ რისკ-ფაქტორებს შორის პირველია ასაკი. აღნიშნული შემთხვევები ხშირია 50 წელზე მეტი ასაკის მქონე ინდივიდებში. მეორეა კვების ფაქტორი. შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, პირველია დიდი რაოდენობით წითელი ხორცის მოხმარება, ამაში იგულისხმება საქონლის, ღორის და ცხვრის ხორცი, ასევე, ძეხვეული და შებოლილი პროდუქტები, ცხოველური ცხიმები და რაფინირებული ნახშირწყლები, რომელთაც კარცენოგენური მოქმედება გააჩნიათ. აღნიშნული პროდუქტების დაშლის შედეგად წარმოიქმნება კარცეროგენური ნივთიერებები, როგორიცაა ინდოლი, სკატოლი და გუანიდინი. რომელთა ხანგრძლივი მოქმედება ნაწლავის ლორწოვანზე (განსაკუთრებით შეკრულობის დროს) იწვევს სიმსივნის განვითარებას. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც კვების რაციონში ჭარბად მოიხმარენ მცენარეულ საკვებს და ხილს, ნაკლებად ავადდება სწორი ნაწლავის კიბოთი. ბოსტნეული და ხილი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას და პოტენციურად ამცირებს კანცეროგენის ექსპოზიციას სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ჰიპოდინამია, სხეულის ჭარბი წონა ასევე ადუნებს ნაწლავის პერისტალტიკას და ხელს უწყობს სიმსივნური პროცესის განვითარებას. ასევე, კოლორექტალური კიბოს რისკ ფაქტორებია თამბაქოს და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი.

გარდა ამისა, შეიძლება გამოიყოს მთავარი რისკფაქტორები, საუბარია იმ პაციენტებზე, რომელთაც აქვთ კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები, მაგალითად, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, პაციენტები, რომელთაც ჩატარებული აქვთ რადიაციული თერაპია მენჯის ღრუს მიდამოს კიბოს სამკურნალოდ. ასევე, მთავარი რისკფაქტორია ის პაციენტები, რომელთა პირველი რიგის ნათესავებს, მშობლებს, დედ-მამიშვილებს აქვთ თანდაყოლილი ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზის დიაგნოზი, ან დაავადებულნი იყვნენ კოლორექტალური კიბოთი. მათში აღნიშნული პათოლოგიის განვითარების რისკი მაღალია. რისკფაქტორებში არის პოლიპებიც.

არსებობს სწორი ნაწლავის პოლიპების ორი ძირითადი ტიპი, ერთია ჰიპერპლაზიური პოლიპი, რომლის დროსაც მცირეა ალბათობა, რომ ის კიბოში გადაიზარდოს, მეორეა ადენომატოზური პოლიპი. კოლორექტალური კიბოს შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ ადენომატოზური პოლიპის სახით იწყება. პოლიპებს დიდი მნიშვნელობა აქვთ შემდგომში კიბოდ გადაგვარებაში.

თუ არის ისეთი რეგიონი, სადაც მინიმალიზირებულია ეს დაავადება კვებითი რაციონიდან გამომდინარე?

- კონკრეტულად რომელიმე რეგიონის გამოყოფა რთულია, ეს დამოკიდებულია ინდივიდზე. სწორი ნაწლავის კიბო გავრცელებულია მოსახლეობის იმ პოპულაციაში, სადაც კვების რაციონში ხშირად მოიხმარენ საქონლის, ცხვრის ხორცს, ცხოველურ ცხიმებს და რაფინირებულ ნახშირწყლებს. იმ პოპულაციაში, რომელიც ასეთ პროდუქტებს ხშირად მოიხმარს, ამ დაავადების რისკი არსებობს. ასე რომ, შეიძლება დასავლეთის ქვეყნებშიც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ საკვებს ხშირად მოიხმარენ და აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.

არიან ვეგეტარიანელები, რომლებიც საერთოდ არ მიირთმევენ ხორცს, ასევე, ბუდისტები, ინდუიზმის წარმომადგენლები. მათ თუ ემართებათ კოლორექტალური კიბო?

- ამ ადამიანებში აღნიშნული პათოლოგიის რისკი უფრო ნაკლებია. ვინც იკვებება ბოსტნეულით, უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით, ცილით, მათ კუჭის მოქმედება მოწესრიგებული აქვთ, ასეთ ადამიანებში კარცენოგენური ნივთიერებები ნაწლავის ლორწოვანზე ხანგრძლივად არ ჩერდება, ამდენად, მათში რისკი ნაკლებია. ხოლო იმ პაციენტების უმრავლესობას, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ პროდუქტებს მოიხმარენ, მიდრეკილება აქვთ ყაბზობისკენ, აღნიშნული კარცენოგენური ნივთიერებები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოვნდება ნაწლავში და გარკვეული წლების შემდგომ არსებობს ალბათობა, რომ განუვითარდეთ სიმსივნე.

რა სიმპტომებით ვლინდება კოლორქტალური კიბო?

- საყურადღებოა ის სიმპტომები, რომელსაც ახლა ჩამოვთვლი. ასეთ დროს პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც შესაბამისი დიაგნოსტირების საფუძველზე ექიმი დაადგენს სიმპტომების ზუსტ გამომწვევ მიზეზს. ადამიანებს არ უნდა შეეშინდეთ, რადგან აღნიშნული სიმპტომების არსებობა არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ კიბო, ეს სიმპტომები სხვა დაავადებებსაც ახასიათებს. პირველი, ეს არის დისკომფორტი მუცლის ღრუში, შებერილობის შეგრძნება, კუჭის მოქმედების დარღვევა, ყაბზობის და ფაღარათის მონაცვლეობა, ცრუ დეფეკაციის მოთხოვნა. ხშირად პაციენტებს აქვთ შეგრძნება, რომ სწორი ნაწლავი საკმარისად არ აქვთ დაცლილი, ყველაზე გავრცელებული სიმპტომია სისხლიანი განავალი სწორი ნაწლავიდან, რომელიც არ არის დაკავშირებული რაიმე აშკარა მიზეზთან. სისხლდენა როცა ვითარდება, შორს წასულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, სისხლდენის შემდგომ პაციენტს აღენიშნება ძლიერი საერთო სისუსტე, სიფერმკრთალე, ანემია. ზოგადად, როგორც კოლორექტალური, ასევე, ნებისმიერი კიბოს დაავადებისთვის დამახასიათებელია წონაში უეცარი კლება. საყურადღებოა, ასევე, ფეკალური მასის ცვლილება, თუ მასა შედარებით დავიწროვდა, შესაძლებელია, სწორი ნაწლავის კიბოზე მიუთითებდეს. მსხვილი ნაწლავის მარჯვენა ნახევრის სიმსივნეების მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია ტოქსიკურ-ანემიური ფონი, ანუ ანემიით მიმდინარეობს, ხოლო მსხვილი ნაწლავის მარცხენა ნახევრისთვის დამახასიათებელია გაუვალობა, რომლის დროსაც სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციებიც კი სჭირდებათ.

სწორი ნაწლავის კიბოს პრევენცია როგორ უნდა მოხდეს?

- სწორი ნაწლავის კიბოს პრევენციისას მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ აქტიური ცხოვრების წესი, სტატისტიკურად დადგენილია, რომ კვირაში მინიმუმ აუცილებელია 150-წუთიანი ზომიერი, ან 75-წუთიანი ენერგიული ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი წონის შენარჩუნება, ცხოვრების მჯდომარე წესის შეზღუდვა, ყველაზე მთავარი კი, პრევენციის თვალსაზრისით, არის რეგულარული სკრინინგი. თვითონ სკრინინგი ნიშნავს პროფილაქტიკურ გასინჯვას დაავადების განვითარების რისკჯგუფში მყოფ პაციენტებში. სკრინინგის ჩატარება ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრევენციის საშუალებაა. სკრინინგ ცენტრში ხდება დაავადების დიაგნოსტირება, პოლიპების დროული აღმოჩენა, კიბოდ გადაგვარებამდე პოლიპის მოცილება კარგია, პოლიპის მოშორების დროს ნაკლებია რისკი, რომ სიმსივნურ პროცესად გადაგვარდეს. სიმსივნის აღმოჩენის დროს კი, როცა მისი ზომა ჯერ კიდევ მცირეა და არ არის გავრცელებული მეზობელ ორგანოებზე, მისი მკურნალობა უფრო ეფექტურია. არსებობს კოლორექტალური სკრინინგის ორი ტიპი, პირველია ტიპია ვიზუალური გამოკვლევა, ანუ კოლონოსკოპია, როცა ვიზუალური გამოკვლევით შეგვიძლია დავადგინოთ, როგორც პოლიპები, ასევე, მსხვილ ნაწლავში არსებული სიმსივნური პროცესები. მეორეა განავლის გამოკვლევა, ანუ განავლის ანალიზსა და ფარულ სისხლდენაზე ტესტის ჩაბარების შემთხვევაში, ტესტი შეიძლება მიუთითებდეს, რომ ამ პაციენტს თეორიულად აქვს იმის რისკი, კოლორექტალური კიბო განუვითარდეს. ამდენად, სკრინინგი საუკეთესო საშუალებაა კოლორექტალური კიბოს პრევენციისას, დროეულად მიმართვიანობის დროს წარმატების შანსი მეტია.

 

ანი მაწუხებს ქრონიკული ყაბზობა,კოლიკები,მუდმივად შებერილი მუცელი,მიჭირს საჭმლის მონელება,ვერ ვარეგულირებ ვერც კვებით და ვერც მედიკამენტით,რას მირჩევთ?10წლის წინ გადავიღე და ერთ ადგილას ნაწლავი იყო შევიწროებული და საკვებს უჭირდა გადასვლა.
2 წლის უკან
ანი ესპუმიზინი,ეუკარბონი,ნახშირი,კოლინი,ბუსკოლიზინი,დუოლაქსი,პიკოლაქსი,გუტალაქსი,ლივიფოლი,კასანორმი,კიდე უამრავი არც მახსოვს,ქატო,ჩირი ქლიავის,ზეითუნის ზეთი,უზმოზე ხილი ამის ფონზეც კი საშველი არ არის
2 წლის უკან