როცა ჩვენ გვესმის, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არ უერთდება, ეს ფორმულირება არასწორია. საქართველო არ უწესებს რუსეთს ორმხრივ სანქციებს. ეს შეიძლება იყოს ვაჭრობის შეჩერება, ტურისტების ან ზოგადად რუსეთის მოქალაქეების არ მიღება, ფულადი გზავნილების ორმხრივი გაჩერება, ინვესტიციების გაჩერება ორივე მიმართულებით და ა.შ. სრული სიმართლეა, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო დავზარალდებით, ვიდრე რუსეთი, - ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
„არსებობს საერთაშორისო სანქციები, რომლებიც ჩვენ არ დაგვიწესებია, მაგრამ ჩვენ ვართ მათი ნაწილი და სხვა გზა არ გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უნდა გამოვეთიშოთ იმ საერთაშორისო პლატფორმებს, საიდანაც ახლა არის ჩახსნილი რუსეთი. ამის მაგალითია პირობითად ის, რომ საქართველოში აღარ არის „ვითიბი ბანკი“, რომელიც სანქცირებულია საერთაშორისო დონეზე. საქართველოში არ ფუნქციონირებს Visa, Mastercard-ი და სხვა პლასტიკური ბარათები, რომლებიც რუსული ბანკების მიერ არის გაცემული. საქართველოში ვერ იფუნქციონირებს MIR-ის საგადასახადო სისტემა. კარგია, რომ ამაზე განცხადება ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა. საღი გონებით რომ მივუდგეთ საკითხს, ნათელი ხდება, რომ MIR-ის ფუნქციონირება ფიზიკურად შეუძლებელია. ვიღაცამ ეს რომ გააკეთოს, ეს იგივე იქნებოდა, მაღაზიაში რომ რაღაც იყიდო და ქვითარი არ ამოგიბეჭდონ. ეს არის კანონგარეშე ოპერაცია, უკანონობა, რომელიც უნდა ისჯებოდეს და დაისჯება კიდევაც, თუ ვინმე ამას გააკეთებს. საკითხებს სწორად უნდა შევხედოთ: ვიღაცამ შეიძლება ჩაიდინოს ეს კანონდარღვევა, მაგრამ ამის გამო არ უნდა დავდგეთ და ვიძახოთ - მრცხვენია, რომ ქართველი ვარ. როცა ჩვენ გვესმის, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არ უერთდება, ეს ფორმულირება არასწორია. საქართველო არ უწესებს რუსეთს ორმხრივ სანქციებს. ეს შეიძლება იყოს ვაჭრობის შეჩერება, ტურისტების ან ზოგადად რუსეთის მოქალაქეების არ მიღება, ფულადი გზავნილების ორმხრივი გაჩერება, ინვესტიციების გაჩერება ორივე მიმართულებით და ა.შ. სრული სიმართლეა, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო დავზარალდებით, ვიდრე რუსეთი. ხშირად ისმის ბრალდებები, რომ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ ვუერთდებით - აბა საბანკო სექტორის სანქცირება რა არის? თუმცა არსებობს სანქციების ცალკეული ელემენტები, სადაც ჩვენ უნარი არ გვაქვს, რომ ზიანი მივაყენოთ რუსეთს. მაგალითად, ფულადი გზავნილები რომ ავკრძალოთ - რას დაკარგავს რუსეთი? რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს. ჩვენ კი დავკარგავთ 400 მილიონ დოლარს, რაც იყო შარშანდელი მაჩვენებელი. ეს არის ათობით ათასი ქართველი ოჯახის ერთადერთი ლუკმა-პური, ანუ ამით ჩვენივე მოსახლეობას შევუქმნით პრობლემას“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.