„შეიძლება გქონდეს არაქართული გვარი და იყო ყველაზე მეტი ქართველი და პირიქით - ვერანაირ ბმას ქართულ გვარსა და პუტინისთვის სიმღერას შორის ვერ ვხედავ“

„შეიძლება გქონდეს არაქართული გვარი და იყო ყველაზე მეტი ქართველი და პირიქით - ვერანაირ ბმას ქართულ გვარსა და პუტინისთვის სიმღერას შორის ვერ ვხედავ“

ქართველები კრემლში ოკუპანტის გასართობად - ეს თემა ყოველთვის კრიტიკულ მომენტში ხდება ხოლმე ქართველებისთვის მტკივნეული, როცა აგვისტოს ომის, ან უკრაინის ომის ფონზე ქართველ ხელოვანთა ნაწილში მატერიალური ფასეულობები გადაწონის ხოლმე ღირებულებით ფასეულობებს.

უკრაინის ომის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე კრემლის სცენაზე სასიმღეროდ უნდა მოეცალათ მომღერლებს, მათ შორის, საქართველოში დაბადებულ სოსო პავლიაშვილს, ქეთა თოფურიას, დიანა ღურწკაიას, თამარ გვერდწითელს. კონცერტზე პუტინის მხარდამჭერი ვარსკვლავების ცვენა უნდა ყოფილიყო - ლევ ლეშენკო, ოლეგ გაზმანოვი, ლარისა დოლინა, შურა, ალექსანდრე ბუინოვი, იგორ ნიკოლაევი, ვალერი ლეონტიევი.

სოციალურ ქსელში ვიდეო ჩანაწერებიც გავრცელდა, რომ თამარ გვერდწითელმა და სოსო პავლიაშვილმა კრემლში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს. თუმცა თამარ გვერდწითელი ირწმუნება, რომ რუსული ტელეარხები სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ და ძველ საკონცერტო ჩანაწერებს აჩვენებენ.

ქართველი მომღერალი ამბობს, რომ უკრაინაში შექმნილი ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე, მკაცრად გადაწყვიტა, შემოქმედებითი პაუზა აიღოს, რადგან სიმღერის დრო დღეს არ არის. გვერდწითელის თქმით, დედამისი უკრაინიდან, ოდესიდანააა და ამის გამო მის ოჯახში დაძაბული ფონი და გლოვაა. თავად მომღერალს კი ამ მძიმე ფონის და ცილისწამების გამო ჯანმრთელობა გაუუარესდა და იგი კლინიკაში გადაიყვანეს.

„არც გუშინ მიმღერია, არც დღეს და არც ხვალ ვაპირებ. შემოქმედებითი პაუზა 6 თვით ავიღე. ახლა სიმღერის დრო არ არის“, - ამბობს გვერდწითელი და საქართველოში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

რა შეფასებას იმსახურებენ წარმოშობით ქართველი მომღერლები იმ ფონზე, როცა თვით რუსებმაც კი დაგმეს უკრაინის ოკუპაცია? ლია ახეჯაკოვამ, ალა პუგაჩოვამ, მაქსიმ გალკინმა და სხვებმა უკრაინის მოვლენების გამო თავიანთი პროტესტი უკვე გამოხატეს.

საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქეთა თოფურია, სოსო პავლიაშვილი და სხვები ქართველი მომღერლები არ არიან, ეგენი რუსეთის მომღერლები არიან. მართალია, საქართველოში დაიბადნენ, მაგრამ ახალგაზრდობიდანვე წავიდნენ საქართველოდან და რუსეთში ცხოვრობენ.

„იმღერებდნენ, აბა, რას იზამდნენ. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, ამ ადამიანებს თვითონ არ უნდა ეყოთ გონება, რომ მტერთან კონტაქტში არ უნდა იყვნენ? ანდა, თუ იძულებულნი არიან, იცხოვრონ რუსეთში, ისე უნდა მოიქცნენ, რომ საქართველო დაივიწყონ? 900 ათასი ადამიანი ცხოვრობს ახლა რუსეთში და ეგრეც არ შეიძლება მთლად დედის გინება. ერთი პატარა მოძრაობა და გახსოვთ, ალბათ, როგორ ჩამოყარეს სატვირთო თვითმფრინავით ცხოველებივით საქართველოს მოქალაქეები რუსებმა, ასევე, გამოუშვებენ იმ 900 ათას ადამიანს რუსეთიდან და შიმშილით მოკვდება აქ ნახევარი საქართველო. მე მაგალითად, პავლიაშვილზე არავითარი რეაქცია არ მაქვს, რადგან არ მიმაჩნია ქართველ მომღერლად. გვარი აქვს, უბრალოდ, პავლიაშვილი. თუკი დღევანდელი ქართველი მომღერლებიდან გავიდა ვინმე და კრემლში იმღერა, იმას პასუხი უნდა მოვთხოვოთ“, - აღნიშნა თემო გოცაძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პერსონალიებზე საუბარი არ ღირს, მაგრამ ყველამ თავისი სინდისის წინაშე უნდა აგოს პასუხი.

„პირადად მე მათ მხარეს ვარ, ვინც პროტესტს აცხადებს რუსეთის ხელისუფლების მიმართ. როცა პუგაჩოვა ტოვებს ქვეყანას, ალბათ, უნდა დაფიქრდე, ღირს თუ არა კრემლის კონცერტებში მონაწილეობა. ისე, თუ ქართველებზე ვლაპარაკობთ, მელაძემაც გამოხატა თავისი პროტესტი რუსეთის ხელისუფლების მიმართ, შენგელია საერთოდ წამოვიდა გუნდიდან. ასე რომ, პროტესტი ქართველებმაც გამოხატეს. არც პუტინს აქვს სასიმღეროდ საქმე, რატომ უნდა უმღერონ ქართველებმა მას?“ - გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.

ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ ძნელია, ვილაპარაკოთ ქართველ მომღერლებზე, რადგან ეროვნებით ქართველობა არაფერს ნიშნავს. თუ ხარ რუსეთის მოქალაქე, ერთგულებ რუსეთის დროშას, რუსეთის ჰიმნს და მათ პრეზიდენტს, მაშინ ქართული გვარი არაფერს არ წარმოადგენს შენთვის.

„ეს ღირებულებითი არჩევანია და არა ეთნიკური წარმომავლობის. ყველამ თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს, აქ საუბარია იმაზე, რა ღირებულების ერთგული და მატარებელი ხარ. შეიძლება გქონდეს არაქართული გვარი და იყო ყველაზე მეტი ქართველი და შეიძლება გქონდეს ქართული გვარი და არაფერი არ გქონდეს საერთო ქართულთან. ვერანაირ ბმას ქართულ გვარსა და პუტინისთვის სიმღერას შორის ვერ ვხედავ“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ for.ge-სთან საუბრისას.