"კარგ პოზიციებზე ვმუშაობდი და ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვიყავი... ახლა მგონია, რომ კოშმარი ხდება..." - ორი შვილის დედის მძიმე დიაგნოზი, რომელიც კუჭის ტკივილით დაიწყო

31 წლის თამარ დათუკიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის და საზღვარგარეთ მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. თამარი ორი შვილის დედაა, პროფესიით მარკეტოლოგი. ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანების გვერდში დგომა, რომ მალე დაუბრუნდეს ოჯახსა და საყვარელ პროფესიას. დიაგნოზის შესახებ უფრო მეტს თავად გვიამბობს:

- შობა თენდებოდა, მეგონა, რომ კუჭი მტკიოდა. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, გამიკეთეს გამაყუჩებელი, რომელმაც არ მიშველა და კლინიკაში გადამიყვანეს. საავადმყოფოში ექოსკოპიის შედეგად აღმოჩნდა, რომ ღვიძლში 7-სანტიმეტრიანი წრმონაქმნი მქონდა. შემდეგ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გავიკეთე და ღვიძლში დახლოებით 10, მსგავსი,
სხვადასხვა ზომის წარმონაქმნი აღმოჩნდა. ასევე, ხერხემალსა და ელენთაშიც, რის შემდეგაც ონკოქირურგთან გადამამისამართეს. გაირკვა, რომ ასევე იყო წარმონაქმნები მცირე მენჯშიც, საკვერცხესა და საშვილოსნოს შორის. ოპერაციასთან დაკავშირებით ვმსჯელობდით, რომ ამოეკვეთათ და შეესწავლათ, რა იყო. კონსილიუმი ჩაინიშნა, მაგრამ იმ დღეს კორონავირუსი დამიდასტურდა და ვეღარ მივედი. ძალიან ძლიერი ტკივილები მქონდა, რომელსაც სახლში ვერ ვიყუჩებდი და ამიტომ, კოვიდკლინიკაში გადასვლა გადავწყვიტე. იზოლაციის ვადა მთავრდებოდა და ვგეგმავდი, დაწყებული კვლევები გამეგრძელებინა. ზუსტად იმ დღეს გასკდა ერთ-ერთი წარმოანაქმნი და შინაგანი სისხლდენა დამეწყო.იქიდან გამომდინარე, რომ ძლიერი ტკივილი მქონდა, დღეში რამდენჯერმე, გეგმიურად ისედაც მიკეთებდნენ გამაყუჩებელს. დილა იყო, ჯერ არ ჰქონდათ გაკეთებული, ტკივილი დამეწყო და ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. ექიმებმა იფიქრეს, რომ მედიკამენტმა იმოქმედა და ჩამეძინა, რეალურად
კი, ფაქტობრივად, სისხლისგან ვიყავი დაცლილი. წნევა როცა გამიზომეს, 50/25-ზე მქონდა. მუცელი სისხლით მქონდა სავსე. ამის შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია ჩამიტარდა. ის ნაწილი, რომელიც გასკდა, ამოკვეთეს, მორფოლოგიურ კვლევაზე გაუშვეს და ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზი აღმოჩნდა. მსგავსი მეტასტაზები ხერხემალზეც მაქვს, ღვიძლი, ფაქტობრივად, სავსეა და ზომაში რამდენჯერმეა გადიდებული, რის გამოც საშინელი ტკივილები მაქვს...

ხვალ თურქეთში სამკურნალოდ წასვლას ვაპირებ, რაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. კომპანია "ნიკორა", სადაც დასაქმებული ვარ, ძალიან დამიდგა გვერდში და ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ამდენს ვერც შევძლებდი. მათი, ახლობლების, კეთილი ადამიანების წყალობით მოვახერხეთ იმდენი, რომ ხვალ უკვე მივდივარ და პირველადი, ერთი კვირის თანხა მაქვს. ჩამიტარდება კვლევები და შემდგომ უკვე ზუსტად გვეცოდინება, რა თანხაა საჭირო, თუმცა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მადლობა ჩემს ძველ სამსახურს "ლიტვურს", სადაც ასევე გამიწიეს დახმარება.
წარმოიდგინეთ, აქამდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ მქონია. აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობდი. როცა ტკივილი დამეწყო, ვიფიქრე, რაკი ახალი წლის პერიოდი იყო, კუჭი გამიღიზიანდა. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ორი შვილი მყავს. ერთი ოთხი წლისაა, მეორე კი ერთი წლის გახდა ცოტახნის წინ. მისი დაბადების დღე იყო, ძალიან მინდოდა, სახლში წავსულიყავი,მაგრამ, როგორც გითხარით, ერთ-ერთი წანაზარდი გასკდა. დაახლოებით, ერთ თვეზე მეტია, კლინიკაში ვარ და ბავშვებს ვერ ვნახულობ. მყავს მეუღლე, რომელიც ძალიან მიდგას გვერდით. უამრავი ადამიანი შეაწუხა, ყველასთან მივიდა, ვისთანაც შეიძლებოდა მისვლა, გავყიდეთ, რისი გაყიდვაც შეგვეძლო, მაგრამ არ არის ეს ყველაფერი საკმარისი. თურქეთში მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ჩემი მეუღლე ცხინვალიდანაა დევნილი. 3 თვის იყო, ოსებმა მამა რომ მოუკლეს. ობლადაა გაზრდილი. დედამისსაც სიმსივნე აქვს და დღემდე ამ დაავადებას ებრძვის. ძალიან მძიმეა ჩვენთვის ეს თემა... ვერასდროს წარმოვიდგენდი, მსგავსი რამ თუ დამემართებოდა. მარკეტოლოგი ვარ და საკმაოდ წარმატებული ამ მიმართულებით, ავსტრიაშივსწავლობდი, ორმაგი ხარისხის დიპლომი მაქვს. კარგ პოზიციებზე ვმუშაობდი და ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვიყავი. ახლა მგონია, რომ საშინელი კოშმარი ხდება. ჩემი სიცოცხლე დამოკიდებულია ყველა იმ კეთილ ადამიანზე, რომლებიც დონაციას შეძლებენ და გვერდში დამიდგებიან. ჩემს მდგომარეობაში ფრენა არ შეიძლება და თურქეთის გარდა, სხვა ქვეყანაში ვერ მოვახერხებ წასვლას. წნევის ოდნავი მომატების შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, ნებისმიერი წანაზარდი გასკდეს...

მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ბევრი ადამიანი მეხმარება და დანებებას არ ვაპირებ. ჩემი შვილებიც განიცდიან, ტელეფონით რომ ველაპარაკები, სულ ტირიან და ძალიან მინდა, მათი ბედნიერი თვალები ვნახო.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 0 901 700 177. ზარის ღირებულება 1 ლარია, რომელიც სრულად ირიცხება თამარის ანგარიშზე.

საბანკორეკვიზიტები:
თიბისი ბანკი: GE30TB7127645064300007
საქართველოს ბანკი: GE55BG0000000345869228
მიმღები, თამარის მეუღლე: ზვიად ხადური