რუსეთიდან საქართველოს მისამართით მომდინარე სიგნალები უკიდურესად შემაშფოთებელია. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ასეთი განცხადებები და რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები შეიძლება გახშირდეს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.
„ნაცვლად იმისა, რომ ახლა დეზინფორმაციული კამპანიის გაქარწყლების დაკავებით ვიყოთ დაკავებულები, მთელი საზოგადოება ერთად უნდა დავდგეთ, იმიტომ რომ ქვეყნისთვის კრიტიკული პერიოდია და ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს რუსეთიდან. უკრაინაში რუსეთის შეჭრის მთავარი მიზანი იყო ნატოს გაფართოების შეჩერება. ნატოსთან ყველაზე ახლოს მდგარი ქვეყანა, რომელიც შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი, ეს არის სწორედ საქართველო. რაც შეეხება უკრაინის შესაძლო ნეიტრალიტეტს და იმას თუ რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე, მე ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ უკრაინაში საქმე აქამდე არ მივა, იმიტომ რომ ამას ძალიან მძიმე გავლენა ექნება. ეს იქნება ძალიან მძიმე დარტყმა უკრაინის სახელმწიფოსთვის. ჩვენ არ ვიცით დეტალები და როგორი იქნება ეს შეთანხმება, თუმცა მე პირადად ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი რამდენიმე ქვეყნის მონაწილეობით დადებული შეთანხმების მოდელზე დათანხმდეს. ამას მომავალი გვაჩვენებს - რაც შეეხება საქართველოზე ამის გავლენას, რა თქმა უნდა, ამას უარყოფითი გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა სცენარისთვის, მათ შორის ყველაზე მძიმე სცენარისთვის და სწორედ ამისთვის საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია“, - აცხადებს სამხარაძე.