პუტინმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა. მან თავისი დღეები წარმოუდგენლად დაიმოკლა, თუ საერთოდ გამოძვრა ამ სიტუაციიდან, - ამის შესახებ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
„იმის ნახევარსაც არ ველოდი, რაც უკრაინისთვის დასავლეთმა გააკეთა. ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მათ ოდესმე გაუკეთებიათ. SWIFT-ის გადაკეტვამდე ერთი კვირით ადრე არავის სჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. თვითმფრინავები არ დაფრინავენ, ძალიან მალე რუსეთის შიგნითაც ვერ იფრენენ. რუსეთს მოუწია თვითმფრინავების 90% ექსპროპრიაცია. პუტინს ეს ძალიან აწვება. მან უზარმაზარი შეცდომა დაუშვა. მან თავისი დღეები წარმოუდგენლად დაიმოკლა, თუ საერთოდ გამოძვრა ამ სიტუაციიდან. ის, რომ პუტინი თავის გარშემო შეკრებილ 500-კაციან ჯგუფს არწმუნებს, 2 დღეც დამაცადეთ, ვიცი, რასაც ვაკეთებო, ეს ინფორმაცია გამოდის კიდეც. რა იცის? ერთი გეგმა ჩაუვარდა, მეორე გეგმა ჩაუვარდა, მესამე გეგმა რა არის, ახლა ვცდილობთ გავიგოთ... პირველი გეგმა იყო ის, რაც საქართველოში გააკეთა. პატარა ჯარით შევალ, გზებს გადავკეტავ, წინააღმდეგობას არ გამიწევენ, იქ დავდგები და მერე დამელაპარაკებიან, მეახლება, როგორც მაშინ სარკოზი, მაკრონი ან ვინმე და უფრო კარგ პირობებს წამოვიღებ. შემდეგი გეგმა იყო, რომ სწრაფად დაეპყრო მთელი უკრაინა. ესეც ჩაეშალა და ახლა რას აკეთებს, საერთოდ გაურკვეველია. ის ახლა უზარმაზარი სტრესის ქვეშაა და ვერ წარმომიდგენია, ამ სიტუაციიდან როგორ უნდა გამოვიდეს“, - აცხადებს რუხაძე.