ზემფირამ უკრაინის მხარდასაჭერად ახალი ვიდეოკლიპი გამოუშვა

ზემფირამ უკრაინის მხარდასაჭერად ახალი ვიდეოკლიპი გამოუშვა

რუსმა მომღერალმა ზემფირამ ახალი სიმღერა, სახელად Не Стреляйте (არ ისროლო) გამოუშვა, რომლითაც უკრაინას მხარი დაუჭირა და ქვეყანაში რუსეთის შეჭრა გააპროტესტა. სიმღერის ვიდეოკლიპში უკრაინის ომის კადრებს, რუსეთის საპროტესტო აქციებსა და დაკავებულ რუს აქტივისტებს ვხედავთ.

მომღერალმა ბოლო პერიოდში თავისი YouTube-ის არხიდან ყველა ვიდეო წაშალა და მხოლოდ 2008 წელს გამოშვებული სიმღერა, სახელად Вiдпусти, დატოვა. ახლა კი მომღერლის ოფიციალურ YouTube-ის არხს უკრაინის მხარდამჭერი სიმღერაც დაემატა.

ამ მომენტში ზემფირას ინსტაგრამის პოსტებიც წაშლილია და მომღერალს მხოლოდ უკრაინის მხარდასაჭერი ახალი სიმღერა და შავი კვადრატის ფოტო აქვს განთავსებული, რომელსაც "არა ომს" აწერია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზემფირამ რუსეთი დატოვა.