გულგრილნი ვერ დავრჩებით — ცნობილმა რუსმა ბალერინამ ოლგა სმირნოვამ მოსკოვის დიდი თეატრი დატოვა

გულგრილნი ვერ დავრჩებით — ცნობილმა რუსმა ბალერინამ ოლგა სმირნოვამ მოსკოვის დიდი თეატრი დატოვა

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვის დიდი ბალეტის ერთ-ერთი ვარსკვლავი, ოლგა სმირნოვა, ცნობილ დაწესებულებას ტოვებს. სმირნოვა ამსტერდამში, ნიდერლანდების ეროვნული ბალეტში, განაგრძობს მოღვაწეობას, რომელიც ხელოვანს "გაშლილი ხელებით" ხვდება.

სანქტპეტერბურგელმა ბალერინამ, რომლის ბაბუაც უკრაინელია, მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი "მთელი არსებით" დაგმო და განაცხადა, რომ ამით მან საკუთარი არჩევანი გააკეთა.

"ვერასდროს ვიფიქრებდი, რუსეთის გამო თუ შემრცხვებოდა", — წერს სმირნოვა ტელეგრამზე, — "ყოველთვის მეამაყებოდა ნიჭიერი რუსი ხალხი, ჩვენი კულტურა და სპორტული მიღწევები. თუმცა, ვფიქრობ, რომ ახლა მკაფიო ზღვარი გაევლო წინანდელ და შემდგომ შექმნილ სიტუაციებს შორის".

"მტკივნეული ამბავია, რომ ხალხი იხოცება. ისიც, რომ ადამიანებს თავზემოთ ჭერი ეცლებათ ან საკუთარი სახლების დატოვება უწევთ. რამდენიმე კვირის წინ ვინ იფიქრებდა, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა? შეიძლება ჩვენ ამ სამხედრო კონფლიქტის ეპიცენტრში არ ვართ, თუმცა, არ შეიძლება, გულგრილი დავრჩეთ, სანამ გლობალური კატასტროფა ხდება".

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის დიდი ბალეტი ორმა საერთაშორისო შემსრულებელმაც დატოვა. მათ მიზეზად რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები დაასახელეს.

"შეუძლებელია, ჩემი კარიერა მოსკოვში გავაგრძელო", — განაცხადა იტალიელმა მოცეკვავემ, ჯაკოპო ტისიმ, — "ომს არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს".

ნიდერლანდების ეროვნული ბალეტი კი, სადაც სმირნოვა სცენაზე დგომას გააგრძელებს, ახალი თანამშრომლობით კმაყოფილია.

"დიდი პატივია, რომ იგი ჩვენთან თანამშრომლობით გააგრძელებს ნიდერლანდებში მოღვაწეობას, თუმცაღა, წარმოუდგენლად სამწუხაროა ის გარემოებები, რომლებმაც მას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგეს", — ამბობს ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ტედ ბრანდსენი.

რუსი ბალერინის დებიუტი ამსტერდამში, სავარაუდოდ, აპრილში შედგება, როცა იგი რაიმონდაში მიიღებს მონაწილეობას.

სმირნოვა რუსეთის დიდ თეატრს 2011 წელს შეუერთდა და წამყვანი როლები მოირგო გედების ტბაში, ჟიზელსა და სხვა წარმოდგენებში.

მსოფლიოში ბალეტის ერთ-ერთი უძველესი დაწესებულება თანამედროვე რუსეთის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილიცაა, თუმცა, მას ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკასთან აქტიური კავშირებიც აქვს. ამის გამო, ბრიტანულმა ოპერის სახლმა დაწესებულებასთან თანამშრომლობა უკვე შეწყვიტა. რადგან ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის თეატრიც წყვეტს რუს ხელოვანებთან და პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერებთან თანამშრომლობას, სავარაუდოა, რომ ისიც იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ მეტროპოლიტენის თეატრიდან უკვე დაითხოვეს რუსი სოპრანო ანა ნეტრებკო. ამასთან, არაერთმა პრესტიჟულმა დაწესებულებამ, მათ შორის ლა სკალამ, კარნეგი ჰოლმა და ვენის ფილარმონიულმა ორკესტრა თანამშრომლობა გაწყვიტა ცნობილ რუს დირიჟორთან და პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერთან, ვალერი გერგიევთან.