გუშინ საქართველოს მორიგი ეროვნული საფეხბურთო პირველობა დასრულდა. ჩემპიონატი ბოლო თვის განმავლობაში განსაკუთრებული ვნებათაღელვის ფონზე მიმდინარეობდა. ცნობილი გახდა რომ ჩვენს უმაღლეს ლიგას ფოთისა და ბათუმის გუნდები გამოაკლდებიან. არ გაიკვირვებთ და დიდია ალბათობა ქართველმა საფეხბურთო მაღალჩინოსნებმა ეს კლუბები არ გაწირონ, უმაღლესი დივიზიონი გაზარდონ და უკვე 14 ან 16 გუნდიანი პირველობა ვიხილოთ.
ქართული საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად ჯერ არ დამთავრებულა და 22 მაისს ეროვნული თასის გადამწყვეტი შეხვედრა გველოდება. ნება მომეცით ჩვენს ფეხბურთში არსებული პრობლემების შესახებ მომდევნო კვირას ვისაუბრო. სალაპარაკო კი მართლაც რომ საკმაოდ დაგროვდა.
ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი სპორტული დელეგაცია სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს. ამ თემას ქართულ მას-მედიაში დიდი ადგილი დაეთმო და ამ ნაბიჯის ავკარგიანობაზე ამჯერად არ ვისაუბრებ. ფაქტი ერთია. დარწმუნებული ვარ ეს თემა ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე კიდევ არაერთხელ წამოიწევა. ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობები ბოლომდე ჯერ არ გვაქვს ჩამოყალიბებული და ამ ქვეყანასთან ნებისმიერი გართულებული პოლიტიკური საკითხი უშუალოდ სპორტზეც აუცილებლად აისახება.
დღევანდელ წერილში ერთი ორიგინალური თემა მსურს რომ წარმოგიდგინოთ. ქართული სპორტის ისტორიიდან არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც რუსი ეროვნების მწვრთნელები სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩვენს სპორტსმენებს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებდნენ.
კარგი და ცუდი ყველა ერში არსებობს. გაგიკვირდებათ და ფაქტებიც მოიძებნება, როდესაც რუსმა მწვრთნელებმა თანამემამულეები არ გაახარეს და გზა ქართველ სპორტსმენებს გაუხსნეს. რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი ჩვენი სპორტსმენის ბიოგრაფიას გადავხედე და რამდენიმე შემთხვევას მივაგენი, როდესაც რუსი მწვრთნელები ჩვენებურებს გვერდში აქტიურად დაუდგნენ. სპორტი პოლიტიკისაგან შორს უნდა იდგეს. ამ მიზნით რუსულ-ქართული სპორტული ურთიერთობების რამდენიმე დადებით და სამაგალითო შემთხვევას გავიხსენებ.
1972 წლის მიუნჰენის ოლიმპიური თამაშების ძიუდოისტთა ასპარეზობაში გამარჯვებულის ტიტული 22 წლის გორელმა შოთა ჩოჩიშვილმა მოიპოვა. მანამდე სპორტის, ამ სახეობაში საბჭოთა კავშირს ოლიმპიური ჩემპიონი არ ჰყოლია. ქართველი სპორტსმენისათვის გამარჯვებამდე მიმავალი გზა იოლი არ აღმოჩნდა. მის წარმატებაში დიდი წვლილი იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადლენ ანდრეევმა ითამაშა.
ოლიმპიურ თამაშებამდე რამდენიმე წლით ადრე, თბილისის საერთაშორისო ტურნირი 19 წლის, მაშინ ჯერ კიდევ უცნობმა შოთა ჩოჩიშვილმა მოიგო. ანდრეევმაც შოთა მაშინ პირველად ნახა და საბჭოთა ნაკრებში შეიყვანა. მომავალ წელს, მიუხედავად მწვრთნელის დიდი სურვილისა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩოჩიშვილი არ გაუშვეს, ასაკის გამო გამოუცდელობა დასწამეს.
ოლიმპიური თამაშების წინ ანდრეევმა ჩოჩიშვილს მოსამზადებელ ეტაპზე უხმო, მაგრამ მაშინდელი საკავშირო სპორტკომიტეტის უფროსობამ შოთა შინ დააბრუნა. ანდრეევი ამ უსამართლობას არ შეეგუა, მოსკოვში გაემგზავრა და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. დიდი ბრძოლების შემდეგ დაარწმუნა ხელმძღვანელობა, რომ ჩოჩიშვილი მიუნჰენში პირველ ექვსეულში მაინც შევიდოდა.
ბოლოს და ბოლოს ანდრეევმა შეძლო საკავშირო სპორტული უფროსობის გადარწმუნება და 22 წლის გორელი მოჭიდავე მიუნჰენში გაემგზავრა. იქ კი, 1972 წლის 1 სექტემბერს ფინალურ ბრძოლაში, ბრიტანელი დევიდ სტარბრუკის დამარცხების შემდეგ ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა. ხარობდა მთელი საქართველო, უხაროდა ვლადლენ ანდრეევსაც, რადგან მისი ბრძოლა ჩოჩიშვილის კანდიდატურის გასაყვანად ამაო არ აღმოჩნდა.
წინა საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში, ამ ქვეყნისა და საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშეთა შეხვედრა მიმდინარეობდა. მორიგი რუსი სპორტსმენი თავისუფალ ვარჯიშს ასრულებდა და როდესაც გამოსვლა დაასრულა ერთი მოულოდნელი ფაქტი დაფიქსირდა. ქანდარაზე მჯდომი მამაკაცი ფეხზე წამოდგა და გამეფებულ სიჩუმეში ტაშის დაკვრა დაიწყო. დარბაზი თავდაპირველად გაოგნდა, შემდეგ კი თითქოს ნიშანს ელოდაო ტაშისცემა და ყიჟინა დასცა. ეს „თავხედი“ გულშემატკივარი აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი გამოდგა, „რუსი“ სპორტმენი კი ქართველი რუსუდან სიხარულიძე იყო.
ბევრმა არ იცის და რუსუდანის საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში მოხვედრა იოლად არ მომხდარა. ამაში მთავარი როლი ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა, ოლიმპიური თამაშების მრავალგზის გამარჯვებულმა ლარისა ლატინინამ ითამაშა. იმ ხანად გუნდში ექვსი გოგონა უნდა ყოფილიყო.
პირველი ხუთეული არავის ეჭვს არ იწვევდა. მეექვსე წევრად კი ლატინინამ სწორედ რომ სიხარულიძე დაასახელა. როგორ, ქართველი მიგყავთო ამერიკაშიო და საკავშირო სპორტკომიტეტში ერთი ამბავი ატეხილა. ისევ რუსმა გაიტანა თავისი, ლატინინამ საყვარელი მოსწავლე არ გაწირა.
ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1974 წელს, ბულგარეთში, მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდებოდა. საქართველოდან გუნდში ნინო დრონოვა და რუსიკო სიხარულიძე ირიცხებოდნენ. რასაკვირველია საკავშირო სპორტის ჩინოვნიკები კვლავ უკმაყოფილოები იყვნენ. თავდაცვის სამინისტროს მესვეურები ცსკა-ს წევრის სვეტლანა დროზდოვას გაშვებას ითხოვდნენ, ბელორუს სპორტის თავკაცებს კი სანაკრებოდ თავიანთი ლიდია გორბიკი ეგულებოდათ.
ლარისა ლატინინამ კვლავ რკინის ქალამნები ჩაიცვა და ქართველების დასაცავად საბჭოთა იმდროინდელი სპორტის მესვეურების კარებები აატალახა. სამწუხაროდ მისმა მონდომებამ შედეგი ვერ გამოიღო და მაშინ მწვრთნელმა ერთ „ეშმაკობას“ მიმართა. მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებთან ერთად რუსი სპორტსმენებიც წაიყვანა. საბოლოო შემადგენლობა კი შეჯიბრების დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაასახელა, სადაც ორივე ქართველიც შეიყვანა.
საბედნიეროდ ჩვენმა გოგონებმა მას იმედები არ გაუწბილეს. გუნდურ ასპარეზობაში ორივე მათგანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თავისუფალ ვარჯიშში კი რუსუდან სიხარულიძე მესამე იყო. ამ ამბებიდან მრავალი წლის შემდეგ ქალბატონი რუსუდანი იხსენებდა, რომ თურმე ლატინინა განსაკუთრებულად დაძაბული და გაშეშებული მის გამოსვლას უყურებდა. საბედნიეროდ ქართველმა სპორტსმენმა გაუძლო ამ დიდ დაძაბულობას და თავისი თანაბარი წვლილი შეიტანა თანაგუნდელთა გამარჯვებაში.
ეხლა კი სიტყვას გამოჩენილ ქართველ ფალავან გურამ საღარაძეს გადავცემ.
„1958 წელს, 19 წლისა, უკვე დიდების საკავშირო ნაკრების კანდიდატი ვიყავი, 60-იან წლებში - მუდმივი წევრი. ნაკრებში ქართველები საკმაოდ ვიყავით - რუბაშვილი, ბერიაშვილი, ლომიძე. მოკლედ ძალზე ძლიერი თაობა მოვიდა, რომელმაც უმტკივნეულოდ შეცვალა წინა სახელოვანი თაობა.
საკავშირო ნაკრების ბევრი კანდიდატი იყო ქართველი და მაშინდელი ნაკრების მწვრთნელს ალექსანდრ დიაკინსაც შეუმჩნეველი არ ვრჩებოდით. დიაკინი ძალზე კარგი კაცი იყო. იგი შორს იდგა ტრადიციული რუსული შოვინიზმისგან, ამიტომაც მას გესლიანად „კავკაზკი პლენნიკს“ ეძახდნენ. მოჭიდავეებში იგი უპირველესად ოსტატობას აფასებდა. ქართველებთან ძალზე კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ჩვენც მეტსახელად „ჯოკიას“ ვეძახდით და ქართულ სადღეგრძელოებსაც კი ვასწავლიდით. სწორედ მისი დამსახურება იყო, ნაკრები სხვადასხვა ეროვნების მოჭიდავეებისგან შეკრული გუნდი რომ იყო“.
ალბათ დროა ფეხბურთზეც გადავიდეთ. ქართველ მოთამაშეებს განსაკუთრებით ცნობილი საბჭოთა ფეხბურთის სპეციალისტი კონსტანტინე ბესკოვი ჩაგრავდა. ალბათ გაიხსენებთ დავით ყიფიანისა და მიხეილ მესხის სსრკ-ის ეროვნულ გუნდში იგნორირების არაერთ ფაქტს.
ერთხელ, ერთ ინტერვიუში კონსტანტინე ბესკოვმა შემდეგი განაცხადა:
„გახსოვთ რამდენი თბილისელი და კიეველი ფეხბურთელი იყო საბჭოთა ნაკრებში 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე? ძალიან ბევრი. იმიტომ რომ ეს აუცილებლობას წარმოადგენდა. ყიფიანს კი მაშინ თამაში არ შეეძლო. ხომ არ შეიძლება მოედანზე დაშავებული ფეხბურთელი გამოიყვანო. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, დავით ყიფიანის ნიჭს ძალიან ვაფასებდი და ვაფასებ, მაგრამ მე, ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე ვხელმძღვანელობდი".
ცოტა ხნის წინ თავის დროზე პოპულარული ქართველი ფეხბურთელი რამაზ ურუშაძის მოგონებებს გადავაწყდი, სადაც რამაზი ბესკოვის შესახებ გულთბილად საუბრობს.
თავის დროზე, ბესკოვმა სახელგანთქმული იაშინი თადარიგში დატოვა და ქართველი კარის დარაჯი, ევროპის ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში იტალიასთან ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ურუშაძე ბესკოვის შესახებ შემდეგნაირად საუბრობს:
ბესკოვი ძლიერი მწვრთნელი იყო?
- კი. ძალიან ძლიერი.
ზოგი ამბობს, ნაციონალისტიაო...
- არ ვიცი. ვერაფერს ვიტყვი. ასე რომ იყოს, ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარეს პირველ ნაკრებში როგორ წაიყვანდა? სხვათა შორის, ერთხელ სლავაზე და მიშაზე ვკითხე. მე მათი წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ გუნდს როგორც უნდა ისე უნდა ითამაშონო, - მიპასუხა. მოკლედ, თავისი პრინციპები ჰქონდა.
დღევანდელი წერილის ბოლო გმირი კი ქართული ფეხბურთის დიდი მეგობარი მიხეილ იაკუშინი ბრძანდება. წინა საუკუნის 80-იან წლებში „ცბიერმა მიხეიმ“ საკუთარი მოგონებების წიგნი გამოსცა და იქ ერთ საგულისხმო ციტატას წავაწყდი:
„1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ნამდვილი ტრაგედია იყო. მაშინ თბილისის „დინამომ“ ყველა ტურნირი მოიგო. ესპანურ ტურნირზე „ბაიერნს“ სძლია, სადაც დიდი რუმენიგე და ბრაიტნერი თამაშობდნენ. ამის თაობაზე საბჭოთა პრესა დუმდა, თითქოს არაფერიც არ მომხდარა.
დავით ყიფიანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში დაასახელეს, საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესოში კი მისთვის ადგილი ვერ მოინახა“.