მოვლენების ფალსიფიცირება და გენოციდის ცრუ ნარატივების შექმნა სამხედრო ძალის გამოყენების გასამართლებლად ის ტაქტიკაა, რომელსაც რუსეთი ადრე იყენებდა, მათ შორის საქართველოში, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, მოსკოვს შეუძლია რუსეთის ოფიციალური პირები ჩაიყვანოს უკრაინაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებად.
„უკრაინის ქალაქების განადგურების შემდეგ, მოსკოვმა შეიძლება ჩაიყვანოს ოფიციალური პირები რუსეთიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებად და გაზარდოს „ეკონომიკური მხარდაჭერა“ იმისთვის, რომ ადამიანები მოსკოვზე დამოკიდებულები გახდნენ. ისევ ის, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში“, - განაცხადა მან.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, რუსეთმა ნიადაგი შეიძლება მოამზადოს ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად და შემდეგ უკრაინა დაადანაშაულოს.
„დღეს იმის ძლიერი წარმოდგენა გვაქვს, რისი გაკეთება შეუძლია რუსეთს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსეთმა ნიადაგი შეიძლება მოამზადოს ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად და შემდეგ უკრაინა დაადანაშაულოს, რათა უკრაინელ ხალხზე თავისი თავდასხმების ესკალაცია გაამართლოს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.