ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფმა ნობელის კომიტეტს ღია წერილით მიმართა და ნობელის პრემიის ნომინაციის პროცედურის 2022 წლის 31 მარტამდე გაგრძელება სთხოვა, რათა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენა გახდეს შესაძლებელი, - ინფორმაციას გამოცემა Rubryka ავრცელებს.
"მოწმე ვართ უკრაინელი ხალხის გამბედაობის, რომელიც უძლებს რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ამ ომს. მამაცი უკრაინელი კაცები და ქალები იბრძვიან დემოკრატიისა და თვითმმართველობის შესანარჩუნებლად. დაწყებული დემოკრატიულად არჩეული უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისგან, დამთავრებული ქვეყნისთვის საბრძოლველად მიმავალი კაცით, რომელიც ოჯახს თვალცრემლიანი დაემშვიდობა, უკრაინელი ხალხი წინააღმდეგობას უწევს ავტორიტარიზმის ძალებს. მიგვაჩნია, რომ ახლა არის დრო, ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ მსოფლიო მათ მხარესაა, "- ნათქვამია წერილში.
ნობელის კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილს ხელს აწერს 36 ევროპელი პოლიტიკოსი ნიდერლანდებიდან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან. მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლებლობა აქვთ, წერილს ხელი 30 მარტამდე მოაწერონ.